დედამიწის ორბიტაზე მალე ახალი მინი-მთვარე გამოჩნდება — რა ვიცით
დედამიწის გარშემო მალე ორი ბუნებრივი თანამგზავრი იმოძრავებს. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. მინი-მთვარე იქნება, რომელიც ორბიტაზე სულ რაღაც 2 თვით შენარჩუნდება.
ეს 2024 PT5-ის სახელით ცნობილი ასტეროიდია, რომელიც მეცნიერებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს აღმოაჩინეს. 10-მეტრიანი სხეული ჩვენს პლანეტას მოუახლოვდება, მაგრამ ატმოსფეროში არ დაიწვება. სპეციალისტთა გამოთვლებით, ამის ნაცვლად ის, დედამიწის მიზიდულობის გავლენით, ორბიტაზე დარჩება, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით.
მადრიდის კომპლუტენსის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომები ამ ობიექტის ტრაექტორიას დააკვირდნენ და დაასკვნეს, რომ ის პლანეტის ირგვლივ მინი-მთვარის სახით 29 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში იმოძრავებს. ამის შემდეგ ასტეროიდი ჩვენი ვარსკვლავის ორბიტაზე გადაინაცვლებს და მზის სისტემაში გადაადგილებას განაგრძობს. გამოდის, რომ 56.6 დღის განმავლობაში დედამიწა ორთანამგზავრიანი იქნება, რომლებშიც თავად მთვარე და 2024 PT5 იგულისხმება.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ 2024 PT5 ე.წ. არჯუნას ჯგუფის ასტეროიდებს მიეკუთვნება. ესენია დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტები, რომელთაც ჩვენი პლანეტის მსგავსი ორბიტა აქვს. ისინი ინდოეთის ტერიტორიაზე ძველად არსებული კურუს სამეფოს ხელმწიფისა და ეპოს მაჰაბჰარატას მთავარი პერსონაჟის სახელს ატარებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი მინი-მთვარის სიკაშკაშე 27.6 მაგნიტუდისაა, ანუ ის ზედმეტად მკრთალია იმისთვის, რომ თუნდაც სამოყვარულო ტელესკოპებით დავინახოთ. ის ერთადერთი ასეთი ობიექტი არაა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გარკვეული პერიოდით შენარჩუნდება. 1981 წელს მინი-მთვარედ იქცა ასტეროიდი 2022 NX1-იც, რომელიც იმავე ტრაექტორიას 2022 წელსაც დაუბრუნდა. ვარაუდობენ, რომ იგივე 2051 წელსაც განმეორდება.
ასე მოხდება 2024 PT5-ის შემთხვევაშიც, რომელსაც 2025 წლის იანვარსა და 2055 წელს ისევ იმავე ამპლუაში ვიხილავთ. მის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Research Notes of the American Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები