არა, საქართველოში ბიოიარაღი არ იქმნება — MDF-ის მკვლევრის განმარტება
რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ აგორებული დეზინფორმაციის კასკადი, საქართველოსა და უკრაინაში ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღზე მუშაობის შესახებ, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გააქტიურდა.
2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთის სამთავრობო მედიები წერდნენ, რომ საქართველოში — ლუგარის ლაბორატორიასა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში არსებულ ამერიკულ ლაბორატორიებში სხვადასხვა ტიპის სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება, რომ მარიუპოლში, დასავლური კომპანიების ინტერესებით, მოსახლეობაზე სახიფათო მედიკამენტების გამოცდა ხდება, რომ ექსპერიმენტებს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებსა და ჩვილებზე ატარებენ და ა.შ. ამ საკითხებზე არა ერთი კვლევა და პუბლიკაცია იძებნება მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალზე — მითების დეტექტორი.
დეზინფორმაციის ტალღა დღემდე არ გაჩერებულა.
მიმდინარე წლის 4 სექტემბერს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია TASS-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ დასავლეთი საქართველოსა და უკრაინის ფსიქიატრიულ კლინიკებში სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებს და ახალ ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღს ამზადებს, ცდებს კი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებზე ატარებენ.
"როგორც უკრაინაში, ხარკოვის მახლობლად, ისე საქართველოში, მორალისა და კანონის ყველა ნორმის დარღვევით, ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტებზე ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შესაქმნელად უაღრესად საშიში კვლევები ტარდება", — აცხადებს კურჩატოვის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი, მიხაილ კოვალჩუკი TASS-სთან.
NEWS.On.ge-სთან საუბრისას მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, თინათინ თვაური ამბობს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მოსახლეობის შეშინებას, დასავლეთის და იმ პროგრამების დისკრედიტაციას ემსახურება, რომლებიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ბიოუსაფრთხოების სფეროს გასაძლიერებლად შეიქმნა. ამას გარდა, რუსული დეზინფორმაცია კონკრეტულ ინსტიტუციებს "ურტყამს", საქართველოში ასეთი ლუგარის ლაბორატორიაა.
"როგორც წესი, მსგავსი დეზინფორმაცია ისეთ სენსიტიურ თემებს ეხება ხოლმე, როგორიცაა ჯანდაცვა და ბიოუსაფრთხოება, რითაც მოსახლეობის შეშინება მარტივია;
მეორე ფაქტორი დასავლეთს და დასავლეთის იმ პროგრამების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ბიოუსაფრთხოების გასაძლიერებლად შეიქმნა.
ამას გარდა, ყალბი ინფორმაციის პროპაგანდა კონკრეტულ ინსტიტუციებს "ურტყამს". უკრაინაში ახსენებენ ხოლმე კვლევითი ინსტიტუტებს და მთავრობას. მინიშნება იმაზე კეთდება, რომ უკრაინის მთავრობის ჩართულობით დასავლეთი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. საქართველოში მავნე აქტორების ძირითადი სამიზნე ლუგარის ლაბორატორიაა“, — აცხადებს თინათინ თვაური.
მკვლევრის თქმით, კრემლის ნარატივში არც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებზე ექსპერიმენტების ჩატარებაა სიახლე.
"2022 წელს იყო მსგავსი დეზინფორმაცია გავრცელებული. რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ხარკოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში ექსპერიმენტებს კლინიკის პაციენტებზე ატარებდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოში, უკრაინაში, და ასევე მთელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ბევრი კვლევითი ცენტრი არსებობდა, რომლებიც პათოგენებს და სახიფათო ვირუსულ დაავადებებს იკვლევდნენ. რუსული მედია წერს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკა ყველა ამ რესპუბლიკაში შევიდა და ამ ობიექტებს დაეპატრონა. ესეც ტყუილია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ იმისთვის კი არ შემოვიდა და დაიწყო ამ კვლევების წახალისება, რომ საფრთხე შეექმნა ხალხისთვის, პირიქით — საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შემცირდა სამეცნიერო სფეროს დაფინანსება და აშშ-ს პროგრამები ბიოუსაფრთხოების ხელშეწყობას ემსახურება“, — აცხადებს თინათინ თვაური.
მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი აცხადებს, რომ ის, რაც სახიფათო ექსპერიმენტებადაა წარმოდგენილი, სინამდვილეში რუტინული სამედიცინო და სამეცნიერო კვლევებია, რომელთა შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი.
მავნე აქტორები კი ამ პროგრამების დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას ცდილობენ, რომ მათში თითქოს რაღაც სახიფათო იმალება.
კომენტარები