როდესაც დედამიწაზე დინოზავრების ერა იყო, მთვარეზე ვულკანები იფრქვეოდა — კვლევა
მთვარე გეოლოგიურად ყოველთვის ისეთი პასიური არ იყო, როგორიც ახლაა. მან მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა და ადრეულ პერიოდში ვულკანური აქტიურობაც ახასიათებდა. ახალი კვლევის თანახმად, ეს არცთუ ისე ადრე ხდებოდა, კერძოდ მეცნიერებმა დაახლოებით 120 მილიონი წლის წინანდელი ვულკანიზმის კვალს მიაგნეს, რაც საკმაოდ ახლო წარსულია.
სპეციალისტებმა ეს დასკვნა ჩინური მისია Chang’e-5-ის ფარგლებში დედამიწაზე მთვარიდან ჩამოტანილი ნიმუშების შესწავლის შემდეგ გამოიტანეს. მათ იქ მინის ბურთულები აღმოაჩინეს. ასევე დადგინდა, რომ მთლიანი მასალის მცირე ნაწილი (ერთი მემილიონედი) ვულკანური წარმოშობისაა და იმაზე ახალგაზრდაა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მინის დაახლოებით 3 000 ბურთულადან 3 ვულკანური პროცესების შედეგადაა ფორმირებული. ამაზე მათი სტრუქტურა, შედგენილობა და ადგილზე ჩატარებული გოგირდის იზოტოპური ანალიზის შედეგები მიანიშნებს. ურან-ტყვიის დათარიღების მეთოდით გაირკვა, რომ სამივე ბურთულას ასაკი 123 (±15) მილიონი წელია. ეს მთვარის ყველაზე გვიანდელი ვულკანიზმის მტკიცებულებაა, რომელიც რადიოიზოტოპური ანალიზით მოიპოვეს.
გამოდის, რომ როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრები დააბიჯებდნენ, მთვარეზე ვულკანები იფრქვეოდა. ისინი 66 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ, როცა ჩვენს პლანეტას დიდი ზომის ასტეროიდი შეეჯახა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს პრეისტორიული ცხოველები ხმელეთიდან შეუიარაღებელი თვალით მთვარის ვულკანურ აქტიურობას ვერ დაინახავდნენ, რადგან ის ისეთი მასშტაბური არ იყო. სამაგიეროდ, მსგავსი პროცესები ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიით მარტივად შესამჩნევი იქნებოდა, მათ შორის ტელესკოპებითა და დისტანციური სენსორებით.
მთვარის ვულკანიზმის დასტურს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მისია Luna-სა და NASA-ს პროგრამა Apollo-ს ფარგლებში მთვარიდან ჩამოტანილ ნიმუშებში მიაგნეს. იქ ეს პროცესები შესაძლოა, ციური სხეულის ფორმირებიდან მალევე, 4.4 მილიარდი წლის წინ, ან სულ მცირე 2.9-2.8 მილიარდი წლის წინ დაწყებულიყო. Chang’e-5-ის მიერ მოპოვებული გეოლოგიური მასალა კი მიუთითებს, რომ ვულკანები დაახლოებით 120 მილიონი წლის წინაც იფრქვეოდა.
გამოცემა Science-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ ე.წ. ბაზალტური ვულკანიზმი მთვარეზე მინიმუმ 2 მილიარდი წელი გრძელდებოდა. უცნობია, როგორ შეინარჩუნა დედამიწის ბუნებრივმა თანამგზავრმა ეს მახასიათებელი ამდენი ხნის განმავლობაში. მეცნიერთა თქმით, Chang’e-5 ამ მხრივ აქტიურ ზონაში არ დამჯდარა, არამედ იქ მსგავსი მატერია თავად მოხვდა.
კომენტარები