ოცნების ორი რეალობა: როგორ იშიფრება მმართველი ძალის წინასაარჩევნო სტრატეგია — ინტერვიუ ნინო სამხარაძესთან
"დიქოტომიურობა და კონტროვერსიულობა — ორი სხვადასხვა პოზიციის ერთდროულად სხვადასხვა ინტერპრეტაციით დაფიქსირება, ქართულ ოცნებას, ბოლო დროს, მეტ-ნაკლებად, ხშირად ახასიათებს. ეს მათი სტრატეგიაა ამომრჩევლის დასაბნევად", — ამის შესახებ NEWS.On.ge-სთან საუბრისას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პოლიტიკის ანალიტიკოსმა ნინო სამხარაძემ განაცხადა.
სწორედ დიქოტომიურობისა და კონტროვერსიულობის მაგალითია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წევრების გზავნილები:
21 აგვისტო
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი:
"ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება".
23 აგვისტო
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე:
"ქართული ოცნება არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია".
23 აგვისტო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე:
"ნაცმოძრაობის აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით".
26 აგვისტო
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი:
“განცხადება, თითქოს განზრახულია "ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა”.
ნინო სამხარაძე განმარტავს, რომ მმართველი პარტიის მიერ ორი რეალობის შექმნა, ამ მომენტში, ქართული ოცნების სტრატეგიაა და მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიმხროს ან დააბნიოს.
მისივე თქმით, ქართული ოცნების მიერ გაცხადებული ოთხი მიზანი, რომლის შესრულებასაც ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ჰპირდება, პოპულისტური და ზედაპირულია. ოპოზიციური პარტიების აკრძალვა კი დიქტატურისა და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც საქართველოს არალიბერალური რეჟიმების რუკაზე დასვამს.
NEWS.On.ge ნინო სამხარაძესთან მმართველი პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგიის გაშიფვრას შეეცადა.
რას ემსახურება ქართული ოცნების მიერ ორი რეალობის შექმნა — თავად მმართველი პარტიის ლიდერების წინააღმდეგობრივი განცხადებები, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები აკრძალვასთან და გასამართლებასთან დაკავშირებით?
დიქოტომიურობა ახლა ქართულ ოცნებას ახასიათებს ყველა იმ საკვანძო საკითხთან მიმართებაში, რაც ქართული საზოგადოებას აინტერესებს — დაწყებული ევროინტეგრაციით, დამთავრებული შიდადემოკრატიული პროცესებით. ჩვენ გვახსოვს, მაგალითად, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთ მშვენიერ დღეს "ბრიუსელი" ამბობს, რომ შეჩერებულია ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მეორე დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტს და დიაგრამას იმის შესახებ, რომ საქართველო 2030-ში გახდება ევროკავშირის წევრი. ორი რეალობის შექმნა ქართული ოცნების სტრატეგიაა და არა პარტის ნამდვილი ამოცანა. ძალიან რთულია ოცნების რეალურ შინაარსობრივ-იდეოლოგიური ამოცანებზე ვისაუბროთ, რადგან ახლა მათი სტრატეგიაა, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიმხრონ, ან დააბნიონ.
მიმხრობის ნაწილში სტრატეგია შეიძლება გამიზნული იყოს იმ ამომრჩეველზე, რომლისთვისაც მტრის ხატის შექმნა ეფექტური შეიძლება იყოს. მაგალითად "გლობალური ომის პარტიაში", რომელიც სინამდვილეში არავინ იცის რა არის, შეიძლება მოვისაზროთ როგორც შიდა აქტორები — პარტიები, რომელთა წინააღმდეგაც სამართლებრივი პროცესია დაანონსებული, ასევე მედია და სამოქალაქო საზოგადოება, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ე.წ. რუსული კანონი და კრიტიკულად განწყობილი სხვა ინსტიტუტები — ამჟამად პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამ მხრივ, ყველაზე აშკარა მაგალითია. კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილის თავდასხმის ობიექტებად შექმნა ქართული ოცნების სტრატეგიის ერთი ნაწილია, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს საზოგადოების იმ ნაწილის მიმხრობას, რომელზეც მტრის ხატი და შიშის მომენტი ადვილად მოქმედებს.
მეორე სტრატეგიაა — ამომრჩევლის დაბნევა. ისინი ქმნიან პრობლემებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. ეს ხდება იმიტომ, რომ რეალური პრობლემები, რაც სახელმწიფოში დგას, უკანა პლანზე გადაწიონ და მიჩქმალონ, რაც მიმართულია საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც მეტ-ნაკლებად მერყევი და ჩამოუყალიბებელია.
როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დიქოტომიაზე, წინააღმდეგობრივია თავად პარტიის გზავნილები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ პარტიის დემონიზება შეიძლება ემსახურებოდეს, შიდასაზოგადოებრივ მობილიზებას.
ამ ეტაპზე ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და ქართული ოცნება ცდილობს, რომ მისი დემონიზება მოახდინოს. ასეთ ფრაზას ამბობენ ხოლმე — "კოლექტიური ნაცმოძრაობა", რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
სასამართლო პროცესი, რომელიც დაანონსებულია პარტიების წინააღმდეგ, ფანტომურია. მეორე მხრივ, ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია. პარტიების აკრძალვის დაანონსებით შეუძლებელია მათ რაიმე ტიპის მხარდაჭერა მიიღონ ბრიუსელიდან, თუნდაც იმ აქტორებში, რომელიც უფრო მეტად კონსერვატიულ და მემარჯვენე ევროპულ სახელმწიფოებად ითვლებიან. დემოკრატიული პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უალტერნატივოა "კოლექტიური დასავლეთისთვის", როგორც ევროკავშირისთვის, ისე ამერიკისთვის. აქედან გამომდინარე, ბოლომდე ვერ ბედავს ოცნება იმის თქმას, რომ ის აპირებს, ფაქტობრივად, დე ფაქტო ერთპარტიული სისტემის დაფუძნებას. ეს მათთვის რისკია. მეორე მხრივ, მათ აქვთ გათვლა იმაზე, რომ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი მისაღებად მიიჩნევს ამ გზავნილს.
თქვენ ამბობთ, რომ ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების აკრძალვაში ვერასოდეს მიიღებს დასავლეთის მხარდაჭერას, მაგრამ გათვლა აქვს ამომრჩეველზე. ამას გარდა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა შეიძლება განიხილოს, როგორც დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი...
რეალურად, როცა ძალაუფლების შენარჩუნებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ზუსტად ამას. Freedomhouse-ს აქვს დაანონსებული რომ მიმართულება, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს აღებული, დემოკრატიის რანგში ოფიციალურად ნახევრად ავტორიტარულ კატეგორიაში გადაიყვანს საქართველოს.
როცა ჩვენ სიტყვებს დიქტატურას, ავტორიტარიზმს ვახსენებთ, ეს არ არის უბრალოდ შეფასება, ეს არის წმინდა მათემატიკური და პოლიტიკური შედეგი, რომელიც საქართველოს დასვამს არალიბერალური რეჟიმების რუკაზე, იმ კალათაში, სადაც ამ ეტაპზე მოიაზრებიან არალიბერალური რეჟიმები. ეს არის ფაქტორები, რომელსაც თუ არ დაუპირისპირდა საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი, პროცესი შეუქცევადი იქნება და ერთპარტიულ კონსოლიდაციას ვეღარაფერი შეაჩერებს.
რამდენად რეალურია ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და გასამართლება? ლოგიკურად ჩნდება კითხვა — თუ მათ რაიმე მტკიცებულებები ჰქონდათ ოპოზიციური პარტიების ბრალეულობაზე, 12 წელი სად იყვნენ?
გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების განცხადებებში მე კონკრეტული ფაქტები არ მინახავს, რის საფუძველზე აპირებენ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესების ინიციირებას, კონკრეტულად რა დანაშაულებზეა საუბარი, ეს მხოლოდ სპეკულაციად შეგვიძლია ჩავთვალოთ და ქართულ ოცნებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, სტრატეგიის ნაწილი შეიძლება იყოს, ამ ეტაპზე, ამ თემით მანიპულირება.
რამდენად რეალურია მათი აკრძალვა, ამ კითხვაზე პასუხი გადაჭრით ვერ მექნება. ცხადია, რეალურია, თუ არჩევნების შედეგად ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ კონსოლიდირებული ერთპარტიული რეჟიმი გააოფიციალუროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური ფლანგი არ იარსებებს ქვეყანაში. ქართული ოცნება შეიძლება იმასაც გეგმავს, რომელ ოპოზიციურ პატარა, ან შვილობილ პარტიებთან ღირს პოტენციურად თანამშრომლობა იმისთვის, რომ ფორმალურად ოპოზიცია-პოზიციის ბალანსი და დემოკრატია შენარჩუნდეს. მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ იმ მსხვილი პარტიების წინააღმდეგ, რომელთაც საკმაოდ ბევრი მხარდამჭერები ჰყავთ, სამართლებრივი პროცესები დაიწყოს. მათი აკრძალვა უკვე რადიკალური დიქტატურის მაჩვენებელი იქნება. მე იმის თქმა მინდა, რომ ამისგან ძალიან შორს არ ვართ და გამორიცხვით არაფერი უნდა გამოვრიცხოთ.
ამას გარდა, ოცნება ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება: ლგბტ პირთა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონის მისაღებად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებისთვის და მართლმადიდებლობის როლის კონსტიტუციაში გამყარებისთვის. ეს ის საკითხებია, რაც რეალურად დგას დღის წესრიგში, რაც ქვეყანას რეალურად სჭირდება, თუ ესეც წინასაარჩევნო გათვლაა ხმების მისაღებად?
ამ ეტაპზე, ქართული ოცნებისთვის ეს არჩევნები ისეთივე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც პროდემოკრატიული ძალებისთვის. როცა ვამბობთ, რომ დემოკრატიის გადარჩენისთვისაა ეს არჩევნები ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი, ქართული ოცნებისთვისაც ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია, რომ მან ძალაუფლება და სახელმწიფო რესურსებზე წვდომა შეინარჩუნოს.
ამიტომ მას კრიტიკულად სჭირდება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც პარლამენტში მანდატების ¾-ს გულისხმობს. ამიტომ, მათ სტრატეგიაში ჩადეს პოპულისტური, ზედაპირული გზავნილები ამომრჩევლისთვის, რომლისთვისაც ძვირფასი და სენსიტიურია საკითხები, რაც მათ იდენტობას და რელიგიას უკავშირდება. ეს არასდროს გამორიცხავს საზოგადოების პროდემოკრატიულობას და პროევროპულობას.
თუმცა, ამ წამს ქართულ ოცნებას ურჩევნია, მსხვერპლად შესწიროს ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი და აქსელერაცია მოახდინოს იმ საკითხებისა, რაც ჩამოთვალეთ და რაც ოცნებას გაცხადებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით. აქედან გამომდინარე ეს "მიზნები“ ცალსახად უფრო ამომრჩევლის მოზიდვის სტრატეგია უფროა, ვიდრე პარტიის ნამდვილი ავთენტიკური იდეა.
კომენტარები