რა არის თიმეროზალი, გვხვდება თუ არა ვაქცინებში და რამდენად უსაფრთხოა?
ფოტო: Depositphotos
ამერიკის ვაქცინაციის პრაქტიკის საკონსულტაციო კომიტეტს 25-26 ივნისის შეხვედრაზე კორონავირუსის, პაპილომავირუსის, გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების ვაქცინები უნდა განეხილა.
განახლებული ინფორმაციით, კომიტეტმა კიდევ ერთი სხდომა დაგეგმა. მათმა უმრავლესობამ გრიპის ვაქცინებში ქიმიური ნივთიერების, თიმეროზალის, გამოყენების წინააღმდეგ მისცა ხმა.
ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ პრეზენტაციის შესახებ შეშფოთება გამოთქვეს. ბევრი მათგანი ამბობს, რომ თიმეროზალის უსაფრთხოება არაერთი კვლევით არის დადასტურებული, აღნიშნული სხდომა კი ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად შეიყვანს შეცდომაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თიმეროზალი დღესდღეობით ვაქცინებში თითქმის აღარ გამოიყენება.
ამბავს ფარმაცევტი ტერი ლევინი გამოეხმაურა, რომელსაც მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასების 35-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამჟამად ფარმაციის პროფესორია ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
რა არის თიმეროზალი?
თიმეროზალი, მეორენაირად თიომერზალი, მედიკამენტებში ხშირად გამოყენებული კონსერვანტია — ნივთიერება, რომელიც პრეპარატებს გაფუჭებისგან იცავს. მას 1930-იანი წლებიდან აქტიურად იყენებენ. იგი წამლებში მიკრობებს კლავს.
ადამიანის ორგანიზმში თიმეროზალი ეთილვერცხლისწყლად გარდაიქმნება. ეს ვერცხლისწყლისგან წარმოებული ორგანული ნივთიერებაა. ახალშობილებზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ეთილვერცხლისწყალი სისხლიდან მალევე გამოიდევნება.
ასევე იხილეთ: პასუხები აცრების მოწინააღმდეგეების 6 მთავარ არგუმენტზე
ეთილვერცხლისწყალი ხშირად მეთილვერცხლისწყალში ერევათ. მეთილვერცხლისწყალი ნამდვილად ტოქსიკურია. ცნობილია, რომ ორგანიზმში მისი უმნიშვნელო დოზით მოხვედრაც კი ტვინის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
გარემოს მკვლევრებმა ბავშვებზე ვერცხლისწყლის ნეიროტოქსიკური ზემოქმედება ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აღმოაჩინეს. მაშინ მათ თევზიდან მიღებული მეთილვერცხლისწყლის გავლენა გამოიკვლიეს.
1990-იან წლებში გარემოს დაცვის სააგენტომ, ასევე აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მეთილვერცხლისწყალთან ექსპოზიციის მაქსიმალური დასაშვები ზღვარი დაადგინა, განსაკუთრებით ბავშვებსა და ორსულ ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
რატომაა თიმეროზალი საკამათო?
ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს.
1998 წელს სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში მოხსენება გამოქვეყნდა, რომელიც დღესდღეობით დისკრედიტირებულია. ნაშრომში ბრიტანელმა ექიმმა, ენდრიუ უოკფილდმა 8 ბავშვი აღწერა, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა ვითომდა MMR აცრის მიღების შემდეგ განუვითარდათ. ეს ვაქცინა წითელასგან, ყბაყურასა და წითურასგან გვიცავს.
მეორე მხრივ, ეს პაციენტები აცრილი საკონტროლო ჯგუფისთვის არ შეუდარებიათ. სწორედ ამიტომ, აუტისტური სპექტრის აშლილობის ჩამოყალიბებაზე ვაქცინაციის გავლენის შეფასება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, კვლევაში გამოყენებული მონაცემთა ანგარიში გაყალბებული იყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ MMR ვაქცინა, რომელიც ამ ბავშვებს გაუკეთეს, თიმეროზალს საერთოდ არ შეიცავდა.
ასევე იხილეთ: ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს — აი, საიდან ვიცით ეს
უეიქფილდის კვლევის გამოქვეყნების პარალელურად ფედერალური მითითებები გამოიცა მეთილვერცხლისწყალთან ექსპოზიციის დასაშვებ ზღვარზე. ამ პერიოდში აუტისტური სპექტრის აშლილობა უფრო აქტუალური ხდებოდა, მის დიაგნოზს კი სულ უფრო მეტი ადამიანი იღებდა.
ბევრ ადამიანს მეთილვერცხლისწყალი (სახიფათო ნივთიერება) და ეთილვერცხლისწყალი (უვნებელი კონსერვანტი) ერთმანეთში აერია. სწორედ ამიტომ მიიჩნიეს, რომ თიმეროზალში არსებული ეთილვერცხლისწყალი აუტისტური სპექტრის აშლილობას იწვევდა.
2010 წელს სამეცნიერო საზოგადოებამ უეიკფილდის კვლევა უარყო. თავად მეცნიერი ბრიტანეთის გენერალურმა სამედიცინო საბჭომ არაკეთილსინდისიერად ცნო, რის შედეგადაც მას სამედიცინო ლიცენზია ჩამოერთვა.
ამის შემდეგ უამრავი კვლევა ჩატარდა. MMR ვაქცინებსა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის კავშირი ვერცერთმა ვერ გამოავლინა.
ადასტურებენ თუ არა მეცნიერები თიმეროზალის უსაფრთხოებას?
მიუხედავად ხანგრძლივი კვლევისა, ეთილვერცხლისწყალსა და განვითარებითი აშლილობების ჩამოყალიბებას შორის კავშირი არ დასტურდება.
ასევე იხილეთ: შემდეგი პოდკასტი: ვაქცინაცია — კაცობრიობის იარაღი მიკრობულ სამყაროსთან ომში
1999 წელს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მიმოხილვა გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, თიმეროზალის ერთადერთი გვერდითი ეფექტი ალერგიული რეაქციებია, რომლებიც ადამიანთა უკიდურესად მცირე ნაწილს შეიძლება დაემართოს.
ამისდა მიუხედავად, ამერიკის პედიატრიულმა აკადემიამ ამავე წელს პრევენციის მიზნით ვაქცინებიდან თიმეროზალის ამოღება მოითხოვა. ამ დროს თიმეროზალს მხოლოდ 1 საბავშვო აცრა შეიცავდა. ამ ვაქცინას DTP ერქვა — დიფთერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას საწინააღმდეგო აცრა. 2001 წლისთვის ამერიკაში თიმეროზალს არცერთი ვაქცინა აღარ შეიცავდა.
2004 წელს ამერიკის სამედიცინო იმუნიზაციის უსაფრთხოების კომიტეტმა 200-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა განიხილა. დადგინდა, რომ თიმეროზალის შემცველ ვაქცინებსა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს. დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ CDC და FDA-ც იმავე დასკვნამდე მივიდა.
როგორ გამოიყენება თიმეროზალი დღეს?
ამერიკაში დღეს ვაქცინათა უმეტესობა ერთდოზიანი ფლაკონების/შპრიცების სახითაა ხელმისაწვდომი. თიმეროზალი მხოლოდ მრავალდოზიან ფლაკონებში გვხვდება, რომლებიც ფართომასშტაბიანი იმუნიზაციისთვის გამოიყენება — კონკრეტულად კი, გრიპის ვაქცინებში.
ამ ნივთიერებას თანამედროვე საბავშვო ვაქცინებში არ ამატებენ. ვინც გრიპის აცრას იკეთებს, შეუძლია ერთდოზიანი ფლაკონი ან შპრიცი მოითხოვოს — ამ გზით ორგანიზმში თიმეროზალის მოხვედრას გარანტირებულად აირიდებს თავიდან.
ზოგ ქვეყანაში ვაქცინებში თიმეროზალი ნამდვილად გვხვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ამ ნივთიერების ტოქსიკურობა არ დასტურდება. შესაბამისად, ამ ქვეყნების მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს.
კომენტარები