საარჩევნო კომისიის წევრების მოვალეობები 7 დღით ადრე განაწილდება — რა რისკებს ქმნის ახალი დადგენილება
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება ნაცვლად არჩევნების დღისა, ერთი კვირით ადრე განხორციელდება. რა საფრთხეს ხედავს ოპოზიცია და როგორ რეაგირებს საინფორმაციო სივრცე ცვლილებაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოვალეობები არა კენჭისყრის დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე განაწილდება.
ცვლილება კოალიცია ძლიერი საქართველოს მხრიდან სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 20 აგვისტოს ცესკოს დადგენილება ძალაში დატოვა.
AI-ს მიერ მომზადებულ, 20 აგვისტოთი დათარიღებულ, LetsData-ს რეპორტში, რომელიც მედიის დისკურსის მონიტორინგს ატარებს, ნათქვამია, რომ ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიებისთვის ცესკოს დადგენილება და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვებს აჩენს არჩევნების ჩატარების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით; სამთავრობო მედიები და ცესკო კი ამტკიცებს, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და გამჭვირვალედ.
"მავნე აქტორები აყალიბებენ ცესკოს მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც არსებითს საარჩევნო პროცესის მოდერნიზაციისთვის. ისინი მხარს უჭერენ ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებას, რომ ყველა საარჩევნო პროცესი, ახალი ცვლილებების ჩათვლით, დაექვემდებარება მკაცრ შემოწმებას და აუდიტს. ისინი ამ გარანტიებს აყალიბებენ, როგორც იმის მტკიცებულებას, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და გამჭვირვალედ და ნებისმიერი სკეპტიციზმი უფრო ფართო დღის წესრიგის ნაწილია — ცესკოს ავტორიტეტის შელახვის მიზნით", — წერია LetsData-ს რეპორტში.
რა იცვლება საარჩევნო წესში ცესკოს დადგენილებით?
ცესკოს დადგენილებაში, რომელიც 16 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ფუნქციებს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა გაანაწილებს.
სწორედ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოვლინდება, რომელ უბანზე ვინ იქნება ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ნაკადის მომწესრიგებელი, გადასატანი ყუთის წამღები და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი.
ზემოთ აღნიშნული პროცედურა ამ დრომდე, კენჭისყრის დილას, წილისყრით ტარდებოდა. დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, რომ უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს:
"წელს პირველად საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება იმგვარად, რომ 90% ამომრჩევლების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები. წილისყრის გარკვეული პროცედურები ელექტრონულ უბნებთან დაკავშირებით ისედაც კენჭისყრის დღემდე მეშვიდე დღეს გაიმართებოდა.
ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით, წილისყრის ყველა პროცედურა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოვლენას შეეხება, გაიმართება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა. მათ შორის იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება და იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვანი პრინციპის უზრუნველყოფა, რომ როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე ტრადიციულ უბნებზე, წილისყრა განხორციელებულიყო ერთგვაროვნად. მეორე მხრივ, მთლიანად ტექნოლოგიურ უბნებზე წილისყრის არაუგვიანეს მეშვიდე დღეს გამართვა ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნის მომზადებას იმიტომ, რომ დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს", — აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
რა პრობლემებს ხედავს ოპოზიცია და სადამკვირვებლო სექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებაში?
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა გაიმართოს არა ერთი კვირით ადრე, არამედ არჩევნების დღეს?
NEWS.On.ge-მ ამ შეკითხვით, კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელსა და ცესკოს წევრს, გიორგი სიორიძეს დაუკავშირდა. სწორედ კოალიციამ ძლიერი საქართველო გაასაჩივრა ცესკოს დადგენილება, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება ნაცვლად არჩევნების დღისა, ერთი კვირით ადრე განხორციელდება.
სიორიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
"ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. როდესაც ძლიერი საქართველო ამ ცვლილებას ასაჩივრებდა, არც მაშინ გვქონია იმის მოლოდინი, რომ სასამართლოს გზით შეიძლებოდა ეს ცვლილება შეგვეჩერებინა, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების ინტერესშია. სასამართლოში ყველაფერი წყდება ისე, როგორც ხელისუფლებას სურს. ამას მოწმობს ის, რომ ცესკო საარჩევნო დავებს, პრაქტიკულად, ყოველთვის იგებს ხოლმე," — აღნიშნავს სიორიძე.
მისი აზრით, აღნიშნული ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობას აძლევს, კენჭისყრის დღემდე ერთი კვირით ადრე იცოდეს ამ ადამიანების ვინაობა, რაც მისი თქმით, ხელისუფლებას მათზე ზეწოლისა და ზეგავლენის შესაძლებლობას მისცემს.
"საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დღეს ნაწილდება ფუნქციები, ეს არის ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია, გადასატანი ყუთის გამყოლისა და რეგისტრატორის ფუნქცია და ასე შემდეგ. მათი განაწილება ხდება წილისყრით, თითოეული ეს ფუნქცია დამატებითი პასუხისმგებლობაა და მნიშვნელოვანი იყო, რომ არჩევნების დღეს გამხდარიყო ცნობილი მათი ვინაობა, მაგალითად — სუს-ისთვის, რადგან არ მისცემოდათ შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებზე წინასწარ მოეხდინათ რაიმე სახის ზეგავლენა.
მართალია, ყველა კომისიის წევრის ვინაობა წინასწარ ცნობილია, თუმცა, მათი ფუნქციები არ ვიცით. ბუნებრივია პირთა წრე ვიწროვდება, როდესაც წინასწარაა მათი ვინაობა და ფუნქციები ცნობილი და ნაცვლად იმისა, რომ 6000 ადამიანზე მოახდინონ ზეგავლენა და ასე, რომ თქვათ "იმუშაონ" — ახლა მოუწევთ, პირობითად, 728 ადამიანზე მოახდინონ ზეგავლენა," – თქვა გიორგი სიორიძემ.
ცესკოს მიერ წილისყრის პროცედურის ცვლილებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია ძლიერი საქართველოს სარჩელზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ) წარადგინა.
NEWS.On.ge თემაზე საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორს, ნანუკა ყრუაშვილს ესაუბრა. ყრუაშვილის თქმით, წილისყრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარება მანიპულაციების რისკს ზრდის და ამომრჩეველს კომისიის წევრებისადმი ნდობას უკარგავს.
"პირველ რიგში ვფიქრობთ, რომ ეს პროცედურა თავიდანვე არჩევნების განუყოფელი ნაწილია იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს განისაზღვრება ყველა ძირითადი ფუნქცია — ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტულ საარჩევნო პროცედურაზე. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ პროცესს დააკვირდეს დამკვირვებელი — გამჭვირვალობის კუთხით რაიმე მანიპულაციას ხომ არ აქვს ადგილი.
თუ ეს ყველაფერი [წილისყრა] ჩატარდება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ეს ბევრ პრობლემას წარმოქმნის. პირველ რიგში, გამჭვირვალობის პრობლემას, ანუ დამკვირვებლებს ფიზიკურად არ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ დააკვირდნენ პროცესს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ამით გაიზრდება მანიპულაციის რისკი, გაიზრდება მოსყიდვა-დაშინების რისკი და აქ უკვე საზოგადოების მხრიდან ნდობის ხარისხი მკვეთრად დაიწევს. სამწუხაროდ, განმარტებით ბარათში არ არის მითითებული ის მიზეზები, რის გამო გახდა საჭირო ასეთი ცვლილების შეტანა", — თქვა ყრუაშვილმა.
29 აგვისტოს, ცესკოს ახალ დადგენილებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც გამოეხმაურა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ცვლილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს.
კომენტარები