ახალი კვლევის თანახმად, ზოგჯერ ფიქრის პროცესი მართლაც მტკივნეულია
გქონიათ შემთხვევა, რომ რაიმე საკითხზე დაჟინებით ფიქრი მტკივნეულ განცდას გიჩენთ? ეს სულაც არ მოგჩვენებიათ. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გონების დაძაბვისას მსგავსმა უსიამოვნო შეგრძნებებმა რეალურად შეიძლება, იჩინოს თავი.
"მენეჯერები თანამშრომლებს, მასწავლებლები კი მოსწავლეებს ხშირად გონებრივი ძალისხმევისკენ უბიძგებენ. ზედაპირულად თუ შევხედავთ, ეს ამართლებს: თანამშრომლებიცა და მოსწავლეებიც გონებრივად გამოწვევებით სავსე აქტივობებში ერთვებიან.
შესაძლოა, აქედან დაასკვნათ, რომ ისინი ამგვარი დაჟინებული ფიქრის პროცესით სიამოვნებას იღებენ, მაგრამ ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ასე არაა. ზოგადად, ადამიანებს გონებრივი ძალისხმევის ჩადება არ მოსწონთ", — აცხადებენ ავტორები.
მათ 2019-20 წლებში გამოქვეყნებული 170 ნაშრომი გააანალიზეს, რომლებიც 358 სხვადასხვა კოგნიტიური დავალების შესრულებისას შეგროვებულ 4 670 ადამიანის მონაცემებს აერთიანებს. გონებრივი ძალისხმევა ყველა მათგანში NASA-TLX-ის სახელით ცნობილი ინდექსითაა შეფასებული.
შედეგად, კვლევამ ძლიერი კავშირი გამოავლინა გონებრივ ძალისხმევასა და ისეთ უსიამოვნო შეგრძნებებს შორის, როგორიცაა სტრესი, გაღიზიანება, მოტივაციის დაკარგვა, მობეზრება და სხვა. საინტერესოა, რომ ისინი ძალისხმევის გაზრდის პარალელურად მძაფრდებოდა.
"ჩვენი კვლევის თანახმად, გონებრივი ძალისხმევისას უსიამოვნო შეგრძნებები პოპულაციებისა და დავალებების ფართო დიაპაზონში იჩენს თავს. ეს მნიშვნელოვანია პროფესიონალებისთვის, მაგალითად ინჟინრებისთვისა და მასწავლებლებისთვის, რათა დავალებებისა და ინსტრუქციების გაცემისას, ასევე ინტერფეისების, ხელსაწყოების, აპლიკაციებისა და კონკრეტული მასალის შექმნისას, გაითვალისწინონ", — ამბობენ მეცნიერები.
მაგრამ რატომ ირჩევენ ადამიანები გონებრივად ძნელი საქმეების კეთებას? სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ერთგვარი ჯილდოს მოლოდინია, როგორიცაა გამარჯვება, სოციალიზაცია, თანხის გამომუშავება და ა.შ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Psychological Bulletin გამოქვეყნდა.
კომენტარები