ატლანტის ოკეანის დინებებს ევროპისკენ თბილი წყალი მიაქვს, თუმცა, ახალი პროგნოზის მიხედვით, ამ დინებებმა შეიძლება კოლაფსი განიცადოს, ანუ შენელდეს ან შეწყდეს. შედეგად კონტინენტის ნაწილს არქტიკის მსგავსი სიცივე ემუქრება.

კვლევა ევროპელმა მეცნიერებმა ჩაატარეს და გვაფრთხილებენ, რომ, თუკი სიტუაციას არ გამოვასწორებთ, ამაზონის ჯუნგლების განადგურებისა და პოლარული ყინულის დნობის საფრთხეებიც რეალურია.

ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

მკვლევართა პროგნოზით, ამ კრიტიკულ სისტემებს, რომლებიც პლანეტას სტაბილურ ტემპერატურას უნარჩუნებს, მომდევნო 300 წლის განმავლობაში კოლაფსის მინიმუმ 45%-იანი რისკი აქვს. ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ შევძლებთ და გლობალურ დათბობას 1.5 გრადუს ცელსიუსს ქვემოთ შევინარჩუნებთ. უარესია ის, რომ კოლაფსი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

მეცნიერებმა ნახშირბადის ემისიების მაჩვენებლებზე კლიმატის პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი შექმნეს. ამისათვის მათ კლიმატის მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც ეხებოდა: ამაზონის ჯუნგლებს, გრენლანდიისა და დასავლეთ ანტარქტიკის პოლარულ ყინულს, ასევე ატლანტის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციას (ეს თბილი წყლის შედინებას განაპირობებს ტროპიკებიდან ევროპამდე).

"ქვეყნებმა საშინაო პოლიტიკა უნდა შემოიღონ და აღასრულონ ემისიების შესამცირებლად, მხოლოდ დაპირებები არ კმარა. უფრო სწრაფი მოქმედებაა საჭირო, რათა ამ გარდამტეხ მოვლენებთან დაკავშირებული რისკები შემცირდეს", — გვაფრთხილებენ მეცნიერები.

ამის პოტენციური გავლენა მართლაც სახიფათოა. ატლანტის ნაკადების შენელება და თანდათანობითი კოლაფსი ევროპაში მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს და მოსავლის მოყვანას გაართულებს. გლობალური დათბობის შედეგად პოლარული ყინულის დნობა, ასევე ამაზონის ჯუნგლების მშრალ სავანად გადაქცევა, არსებულ სიტუაციას დამატებით გააუარესებს.

///

მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა დავიყვანოთ ნახშირბადის ემისიების მაჩვენებელი ნულამდე. ამის მიღწევა საკმაოდ რთულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი ტექნოლოგიები ძალიან დიდ ენერგიას მოიხმარს და ზოგიერთი ქვეყანა წიაღისეულ საწვავის მოხმარებაზე უარს ჯერაც არ ამბობს.

ამის მიუხედავად, გარკვეული იმედი მაინც არსებობს. მრავალი ქვეყანა უფრო და უფრო აქტიურად ცდილობს მზის ენერგიის გამომუშავებას, მეცნიერები კი ნახშირბადის შთანთქმის ტექნოლოგიებსა და სხვა მეთოდებზე მუშაობენ. ექსპერიმენტები ტარდება გეოინჟინერიის კუთხითაც.

ასევე იხილეთ: მეცნიერთა აზრით, გლობალური დათბობა შეწყდება, თუ დედამიწის 2%-ს თეთრად გადავღებავთ

თავისთავად, კატასტროფების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ მეცნიერების ძალისხმევა არ კმარა. რეალური შედეგების მისაღწევად მთავრობებისა და ინდივიდების ჩართულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.