მეცნიერთა აზრით, გლობალური დათბობა შეწყდება, თუ დედამიწის 2%-ს თეთრად გადავღებავთ
2021 წელს შევიტყვეთ, რომ პერდიუს უნივერსიტეტის მკვლევრებმა მსოფლიოში უთეთრესი საღებავი შექმნეს.
ფერი იმდენად თეთრია, რომ სინათლის 98% შეუძლია აირეკლოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სინათლე სითბოს წარმოქმნის, დედამიწაზე კი ტემპერატურა განუწყვეტლივ მატულობს.
მკვლევრების აზრით, შენობაზე უთეთრესი საღებავის გამოყენება ზედაპირის ტემპერატურას შეამცირებს. შედეგად შიგნითაც ნაკლებად ეცხელება და ჰაერის კონდიცირების საჭიროებაც დაიკლებს.
მაშ, რა მოხდება, თუ უთეთრეს საღებავს გაცილებით დიდ მასშტაბზე გამოვიყენებთ?
ამის საპასუხოდ ჯერემი მუნდეის, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორის (კალიფორნიის უნივერსიტეტი), აზრი შემდეგნაირად ჟღერს: უთეთრესი საღებავის მსგავს მასალას რომ დედამიწის ზედაპირის 1-2% დაეფარა, პლანეტის მიერ სითბოს შთანთქმაც საკმარისად შემცირდებოდა, რომ გლობალური ტემპერატურა სტაბილური გამხდარიყო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლიმატის პრობლემების მოსაგვარებლად ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკან გაბრუნებული სინათლე კოსმოსს დიდად არ დააზარალებდა — ეს დაახლოებით ჭიქა წყლის ოკეანეში ჩაბრუნებას უდრის.
შესაღებ ფართობს რაც შეეხება, ცნობილია, რომ დედამიწის ზედაპირის ჯამური ფართობი 510 227 658 კვადრატული კილომეტრია და მისი უდიდესი ნაწილი წყალს უკავია. შესაბამისად, ამის 1-2% დაახლოებით 5-10 მილიონი კვადრატული კილომეტრი იქნებოდა. შესადარებლად, შეერთებული შტატების ჯამური სახმელეთო ფართობი დაახლოებით 9 მილიონ კვადრატულ კილომეტრს უდრის.
რა თქმა უნდა, ამ საქმეს საკმაოდ ბევრი საღებავი დასჭირდებოდა. თითო გალონი დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრ ფართობს შეღებავდა, დედამიწის ზედაპირის 1%-ის დასაფარად კი დაახლოებით 139 გალონი უთეთრესი საღებავი დაგვჭირდებოდა.
თავისთავად, ზედაპირის 2%-ის შემთხვევაში ეს რიცხვიც გაორმაგდება. ამ დროს ისიც არაა გათვალისწინებული, რამდენად რთული იქნებოდა ოკეანეების, უდაბნოებისა და ხეების გადაღებვა.
საგულისხმოა, რომ ტემპერატურის შესამცირებლად რაღაცების შეღებვა ახალი იდეა სულაც არაა. მსოფლიოს არაერთ კუთხეში ზედაპირებს უკვე ღებავენ თეთრად, თუმცა პრობლემის გადაჭრამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
კომენტარები