46 წამში დასრულებული მატჩი, სიცრუის პროპაგანდა და რუსული გავლენები კრივში
ფოტო: Yahya Arhab / EPA
პარიზის ოლიმპიური თამაშები, რომელმაც საზოგადოების აზრი ჯერ კიდევ გახსნის ცერემონიით გახლიჩა, განხილვადი ინციდენტებით გრძელდება. 1-ელ აგვისტოს, ქალების კრივში, 66 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ალჟირელი იმან ხალიფი და იტალიელი ანჯელა კარინი დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დაწყებიდან 46 წამში, რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ატირებული კარინი დანებების ნიშნად გვერდზე გადგა და ბრძოლის დასრულება ითხოვა. იტალიელმა მოყვარულმა მოკრივემ მეტოქესაც არ ჩამოართვა ხელი.
ამ უჩვეულო შემთხვევიდან მალევე, ინტერნეტი იმის განხილვამ მოიცვა, თუ რამდენად ჰქონდა ქალების კატეგორიაში მონაწილეობის უფლება ალჟირელ იმან ხალიფს.
იმან ხალიფი ტრანსგენდერ ქალად არ იდენტიფიცირდება
ფოტო: Getty Images
იმან ხალიფი 25 წლის ალჟირელი პროფესიონალი მოკრივეა, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ბრძოლამდე დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის მიზეზად ალჟირის ოლიმპიურმა კომიტეტმა "სამედიცინო მიზეზები" დაასახელა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ხალიფი ოქროს მედლისთვის ბრძოლას "გენდერული შესაბამისობის დასადგენმა ტესტმა" ჩამოაშორა ტესტოსტერონის მომატებული დონის გამო. კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) პრეზიდენტმა, უმარ კრემლიოვმა, მაშინ რუსულ მედიას განუცხადა, რომ ხალიფის დნმ-ტესტში კაცების ქრომოსომური კომბინაცია, XY აღმოჩნდა. თუმცა, მას შემდეგ ხალიფს და კიდევ ერთ მოკრივეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეჯიბრში მონაწილეობის უფლება დართო, IBA კი კრივის ოლიმპიურ ტურნირს ჩამოაშორეს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული კითხვების, ფინანსური გაუმჭვირვალობისა და სამსაჯო სკანდალების, მათ შორის, მოსყიდვის ბრალდებების გამო.
31 ივლისს კრივის საერთაშორისო ასოციაციამ უფრო მეტი დეტალი გაამხილა შარშანდელ სკანდალთან დაკავშირებით. ასოციაციის ცნობით, ხალიფისა და სხვა მოკრივეებისთვის ტესტოსტერონის დონე არ შეუმოწმებიათ, მაგრამ მათ სხვაგვარი ტესტირება ჩაუტარდათ, რომლის დეტალები კონფიდენციალურია. IBA-ის თქმით, ამ ტესტის შედეგად, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სპორტსმენს "კონკურენტული უპირატესობა ჰქონდა სხვა ქალ მეტოქეებთან შედარებით". ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც და ასოციაციის გადაწყვეტილებას "ნაუცბადევი და მიკერძოებული" უწოდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალიფისა და კარინის შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ალჟირელი მოკრივე ტრანსგენდერი ქალი იყო. ამ დეზინფორმაციის გავრცელებას ისეთმა ცნობილმა ადამიანებმაც შეუწყვეს ხელი, როგორებიც არიან ტექ-მაგნატი ილონ მასკი, მწერალი ჯოან როულინგი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი. თუმცა, ხალიფი ტრანსგენდერ ქალად არ იდენტიფიცირდება. იგი შეჯიბრებში ყოველთვის ქალების კატეგორიებში ასპარეზობდა და ზოგჯერ საკმაოდ წარუმატებლადაც.
მეტოქეს ხალიფთან დაპირისპირებაზე უარი არ უთქვამს
ფოტო: John Locher / AP Photo
მატჩის დასრულების შემდეგ, ჯერ კიდევ აცრემლებულმა კარინიმ თქვა, რომ ბრძოლა "ცხვირის ძლიერი ტკივილის" გამო დაასრულა. იტალიელმა ათლეტმა დაამატა, რომ კარინისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობდა და პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც არ სურდა. ამასთან, ანჯელას თქმით, მას არ შეუძლია შეაფასოს, უნდა ჰქონოდა თუ არა ხალიფს ასპარეზობის უფლება, თუმცა, თავად ალჟირელთან შეხვედრის წინააღმდეგი არ იყო.
"გულგატეხილი ვარ, რადგან მე მებრძოლი გახლავართ", — თქვა კარინიმ, — "მამაჩემმა მასწავლა, რომ მეომარი ვყოფილიყავი. რინგზე ყოველთვის სიამაყით შევდიოდი და ერთგულად ვემსახურებოდი სამშობლოს. ამჯერად ეს ვერ შევძელი, რადგან ვეღარ ვიბრძოდი, ამიტომ, მატჩი დავასრულე".
იმან ხალიფი კარინის დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებს არ გასაუბრებია. თუმცა, მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ალჟირის ოლიმპიური კომიტეტი გამოეხმაურა. მათ მოკრივეზე "უსაფუძვლო თავდასხმები" დაგმეს და "პროპაგანდის" გავრცელებაზე პასუხისმგებლობა უცხოურ მედიას დააკისრეს.
"ალჟირის ოლიმპიური კომიტეტი მკაცრად გმობს ჩვენი პატივსაცემი სპორტსმენის, იმან ხალიფის, მიზანში არაეთიკურად ამოღებასა და ცილისწამებას", — ნათქვამია განცხადებაში.
იმან ხალიფი, რომელიც წარსულში ფეხბურთის თამაშით იყო დაკავებული, UNICEF-ის ელჩია. წინათ მას უსაუბრია, როგორ იზრდებოდა სოფლად და როგორ უშლიდა მამა სპორტულ საქმიანობას, რადგან კრივს "გოგოებისთვის შეუფერებლად" მიიჩნევდა. გასულ წელს, როცა ხალიფი მსოფლიო პირველობის ფინალამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნეს შეჯიბრიდან, მოკრივემ განაცხადა, რომ "დიდი შეთქმულების" მსხვერპლი გახდა.
"ჩვენ წინააღმდეგ პირი შეკრეს, რომ ალჟირის დროშა არ აფრიალდეს და ოქროს მედალი არ მოვიგოთ", — აღნიშნა იმანმა შარშან.
სკანდალებში გახვეული კრივის საერთაშორისო ასოციაცია
კრივის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელის, უმარ კრემლიოვისა, და ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შეხვედრა 2022 წლის სექტემბერში
ფოტო: umar_kremlev / Instagram
კრივის საერთაშორისო ასოციაცია, რომელმაც ხალიფი ჩემპიონატიდან მოხსნა, წლევანდელ ოლიმპიადაზე მის მონაწილეობასაც კრიტიკულად შეხვდა.
"ამ საკითხზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განსხვავებული რეგულაციები, რომელთანაც ასოციაციას შეხება არ აქვს, სერიოზულ კითხვებს ბადებს როგორც შეჯიბრის სამართლიანობაზე, ასევე სპორტსმენების უსაფრთხოებაზე", — აღნიშნულია IBA-ის განცხადებაში.
თუმცა, ოლიმპიურ კომიტეტს IBA-სთან უფრო მეტი შეკითხვა აქვს.
მას შემდეგ, რაც ასოციაციის ხელმძღვანელი უმარ კრემლიოვი გახდა, ორგანიზაციის საქმიანობის დიდმა ნაწილმა შვეიცარიიდან რუსეთში გადაინაცვლა. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, დაახლოებული კრემლიოვი შეჯიბრებში დამოუკიდებელი მსაჯების ჩართვასაც ეწინააღმდეგებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ასოციაციის ერთადერთი პარტნიორი რუსული კომპანია გაზპრომია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომსაც უჭერს მხარს. ომის დაწყების შემდეგ, კრემლიოვის ხელმძღვანელობით IBA-მ რუს და ბელარუს სპორტსმენებს შეზღუდვა მოუხსნა და საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობის უფლება კვლავ დართო, რასაც რამდენიმე ქვეყნის პროტესტი და ბოიკოტიც მოჰყვა. ასოციაცია დატოვა ათობით წევრმაც. მათ ახალი გაერთიანება, მსოფლიო კრივი, ჩამოაყალიბეს და იმედოვნებენ, რომ ოლიმპიური კომიტეტის აღიარებას მოიპოვებენ 2028 წლის თამაშებისთვის.
განახლება: ანჯელა კარინიმ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ხალიფისთვის ხელის არჩამორთმევის გამო ბოდიშის მოხდა სურს და ახლა რომ შესაძლებლობა ჰქონდეს, მას "ჩაეხუტებოდა". იტალიელმა მოკრივემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის შემდეგ თავისი წარუმატებლობის გამო იყო გაბრაზებული.
"მთელი ეს გაუგებრობა ძალიან მასევდიანებს", — თქვა კარინიმ იტალიურ მედიასთან, — "ჩემი მეტოქის გამოც ვწუხვარ. თუკი კომიტეტმა მას ბრძოლის ნება დართო, მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ".
ამასთან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსპიკერმა მარკ ადამსმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება ტრანსგენდერ ადამიანს, რადგან იმან ხალიფს დაბადებისას მინიჭებული ჰქონდა მდედრობითი სქესი.
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
კომენტარები