როგორ იცვლებოდა თბილისის იერსახე წლების განმავლობაში — ფოტოები
არქიტექტურა ქალაქის სავიზიტო ბარათია — ის იზიდავს ტურისტს შორეული ქვეყნიდან და აქ მოხვედრილს სწორედ ის უქმნის პირველ შთაბეჭდილებას. თუმცა, შთაბეჭდილებებისა არ იყოს, ქალაქის იერსახეც ცვალებადია: შენობები ზოგჯერ ინგრევა, მათ ადგილას ახალი შენდება, წინათ ხეებით ამწვანებული გამზირები შიშვლდება ან პირიქით... ასეთია თბილისიც; ჩვენი დედაქალაქის იერსახეს წლებმა და ადამიანებმა კვალი დაატყვეს.
სწორედ ამ კვალის ფოტოებში ასახვა მოისურვა მაიკო გაგუამ. ქართველი ფოტოგრაფი თავისი ახალი პროექტით ძველ კადრებს იდენტური რაკურსით აცოცხლებს და დროში გვამოგზაურებს.
სპორტის სასახლე
მაიკოს ფოტოების გადაღება ბავშვობიდან უყვარდა. პირველი კამერა 13 წლის წინ შეიძინა და მას შემდეგ სამოყვარულო დონეზე საქმიანობდა, მაგრამ უკვე სამი წელია, ფოტოგრაფია მისთვის ჰობიზე მეტია — იგი კომერციულ პროექტებზე მუშაობს და ყველაზე საინტერესო მიმართულებად "ფუდ-ფოტოგრაფიას" ასახელებს. თუმცა, იქვე ამატებს, ამ სფეროში სიახლეებისა და გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ახალი პროექტის წამოწყებაც.
რუსთაველის გამზირი
"ერთი წლის წინ დავიწყე ძველი ფოტოების შეგროვება: სადაც კი საინტერესო და თვალისთვის 'მომგებიან' ლოკაციას ვნახავდი, ვინახავდი; ერთი-ორი ფოტოც გადავიღე, მაგრამ მაშინ მხოლოდ კამერით შემოვიფარგლებოდი, დრონი არ მქონდა, რაც ცოტათი ხელისშემშლელი აღმოჩნდა ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად", — გვიყვება მაიკო, — "განსხვავებული რაკურსები ძველ ფოტოებში ვერტმფრენიდან იყო გადაღებული, ამიტომ, მივხვდი რომ თავს ვერ გავართმევდი და შევეშვი. რამდენიმე თვის წინ კი დრონიც შევიძინე და გადავწყვიტე, გადაღებები განმეახლებინა".
სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია
ყველაფერი ძველი ფოტოს მოძიებით იწყება ხოლმე; ეს ფოტო ხშირად ეროვნული არქივიდანაა ამოღებული, ზოგი სოციალურ ქსელში მხვდება, ზოგსაც მეგობრები მიგზავნიანო, ამბობს მაიკო. თუმცა, ძველი სურათების დიდ ნაწილს არც ავტორი აქვს მითითებული და არც — გადაღების წელი.
"ამის შემდეგ ვამუშავებ კონკრეტული ადგილის ისტორიის, ვკრებ მნიშვნელოვან ფაქტებს ისტორიიდან", — აღნიშნავს მაიკო, — "პროცესი საკმაოდ საინტერესო და, ამავდროულად, რთულია, რადგან შეცვლილია ქუჩების და შენობების მასშტაბები, გამწვანება სხვანაირია. კადრი რომ ზუსტად დასვა, იმ წერტილიდან უნდა გადაიღო, საიდანაც ძველია გადაღებული. შეიძლება ახლა იმ ადგილას შენობა ან ხე იყოს და ფიზიკურად ვერ შეძლო რაკურსის დაჭერა, თუმცა, ყველანაირად ვცდილობ, ფოტოებს შორის მაქსიმალური მსგავსება იყოს".
საბურთალო, პავლოვისა და პეკინის ქუჩების კვეთა
მაიკო ამბობს, ზოგჯერ გადაღებიდან დაბრუნებული მივმხდარვარ, რომ ეს ის არ იყო, რაც მინდოდა, ამიტომ, იმავე ლოკაციაზე დავბრუნებულვარ და სასურველი შედეგის მიღებამდე არ დავნებებულვარო.
26 მაისის მოედანი
ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი
ვაკის პარკი
ვაჟა-ფშაველას გამზირი
ფოტო 1: მაიკო გაგუა
მაიკოს პროექტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, მისმა ფოტოებმა კი სოციალური ქსელი მოიცვა. სხვადასხვა გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების კომენტარებში ბევრი წუხს, რომ ქალაქი ძველებურ იერსახეს კარგავს.
ფოტო 1: ლ. გუსოვი / ფოტო 2: მაიკო გაგუა
"რომ შევადაროთ ძველი ახალს, ნამდვილად დიდ ცვლილებას დავინახავთ", — ამბობს მაიკოც, — "ვერ ვიტყვი, რომელი სჯობს; არის ადგილები, რომლებიც ახლა ბევრად განვითარებულია და უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე წინათ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ძველი კადრები უფრო მოსწონთ, რადგან შენობებით და ტრანსპორტით დატვირთული არ არის. ახლა კი წინანდელი იერსახე დაკარგულია, ძველი არქიტექტურა ფასადებმა, დიდმა და მაღალსართულიანმა სახლებმა დაჩრდილა და გადაფარა".
ფოტო 2: მაიკო გაგუა
რუსთაველის გამზირი, ეგრეთ წოდებული ზემელი
ფოტო: მაიკო გაგუა
მაიკოს პროექტი გრძელდება, მისი ობიექტივის არეალში კი მალე სხვა ქალაქების ისტორიაც მოექცევა. თუმცა, მანამდე ფოტოგრაფს ამბიციური გეგმა აქვს დასახული — სურს, უზარმაზარ საარქივო ფოტომასალას შეეჭიდოს და თავისი პროექტით ეტაპობრივად მთელი დედაქალაქი მოიცვას.
"სამომავლოდ ასევე ვგეგმავ სხვადასხვა ქალაქის ფოტოების გაცოცხლებასაც. ვფიქრობ, დამთვალიერებლისთვის საინტერესო სერია გამოვა", — ამატებს იგი.
მაიკოს ამ სერიის და სხვა შთამბეჭდავი ფოტოებისთვის თვალის მიდევნებას მის ფეისბუქ- და ინსტაგრამგვერდებზე შეძლებ.
კომენტარები