ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ზემასიური შავი ხვრელის შემცველი აქტიური გალაქტიკური ბირთვი, იგივე კვაზარი, დააფიქსირა, რომლის სინათლეც გამრუდებულია და "აინშტაინის რგოლის" მაგვარ ფორმას ქმნის. მასზე 4 ელვარე წერტილიცაა შესამჩნევი, მაგრამ მათ მხოლოდ დამახინჯებული სხივების გამო ვხედავთ.

ამ კვაზარს RX J1131-1231 ეწოდება და ჩვენგან დაახლოებით 6 მილიარდი წლითაა დაშორებული. ის გრავიტაციულადაა ლინზირებული, ანუ მისი გამოსახულება ჩვენი პერსპექტივიდან მის წინ მდებარე მასიური ობიექტის გარშემო გამრუდებული სინათლის რგოლის სახით ვლინდება. პირველად მსგავსი ფენომენის არსებობა სწორედ აინშტაინის ფარდობის ზოგადმა თეორიამ იწინასწარმეტყველა.

ფოტო: NASA, ESA & L. Calçada

გრავიტაციული ლინზირება მაშინ იჩენს თავს, როცა წინა ფონზე მდებარე მასიური ობიექტი, როგორიც, მაგალითად, გალაქტიკათა შეჯგუფება ან შავი ხვრელია, გარშემო დრო-სივრცეს ამრუდებს. შესაბამისად, მის უკან მდებარე გალაქტიკებისა თუ ზეახალი ვარსკვლავების სინათლეც ამ გამრუდებულ ტრაექტორიას მიჰყვება და დამახინჯებულად ჩნდება.

ფაქტობრივად, ეს ერთგვარი კოსმოსური გამადიდებელი შუშაა, რომელიც შორეული ობიექტების შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ისინი ზოგჯერ თაღის ფორმას იღებს, ზოგჯერ კი მთლიან რგოლს ქმნის.

ფოტო: NASA/ESA/CSA

უკანასკნელ შემთხვევაში, იდეალური რგოლი არ მიიღება, არამედ ამის ილუზიას 4 კაშკაშა წერტილი ქმნის, რომლებიც RX J1131-1231-ის ე.წ. სარკული გამოსახულებებია. ისინი მაშინ ჩნდება, როცა გამრუდებული ობიექტი დამკვირვებლის მიმართ სიბრტყეზე იდეალურად არაა განლაგებული.

რაც შეეხება სურათის ცენტრში არსებულ ლურჯ ელვარებას, ის იმ მასიურ გალაქტიკას ეკუთვნის, რომლის გრავიტაციამაც RX J1131-1231-იდან მომავალი სხივები დაამახინჯა. მნიშვნელოვანია, რომ ეს კვაზარი ასტრონომებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. გრავიტაციული ლინზისების მეშვეობით მათ მისი ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის ბრუნვის სისწრაფე გამოთვალეს, რომელიც სინათლის სიჩქარის ნახევარია. აღნიშნული ფენომენი გალაქტიკაში არსებული ბნელი მატერიის შესწავლის შესაძლებლობასაც იძლევა, რომელიც ჩვეულებრივ მატერიასთან მხოლოდ გრავიტაციით ურთიერთქმედებს და სხვა მხრივ უხილავია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.