რამ წარმოქმნა მთვარის "მორევები"? — შესაძლოა, პასუხი მისი ზედაპირის ქვეშ იმალებოდეს
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, მთვარის "მორევების" წარმოქმნა მის სიღრმეში მაგმის აქტიურობას უკავშირდებოდეს.
ესაა დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე არსებული სპირალური ფორმის რეგიონები, რომელთა მიმდებარედაც ქვები მაგნეტიზებულია. ისინი მზის ქარის დამუხტულ ნაწილაკებს ისხლეტს ან მიმართულებას უცვლის. ასევე, ამგვარი ადგილები ღია შეფერილობისაა, განსხვავებით გარშემო არეალისგან, რომელიც უფრო მუქია.
მთვარეს საკუთარი მაგნიტური ველი არ გააჩნია, ამიტომ საინტერესოა, რა იწვევს საკმაოდ დიდ მანძილზე გადაჭიმული "მორევების" მაგნეტიზებას.
მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი რამის წარმოქმნა ციურ სხეულის ზედაპირთან კოსმოსური ობიექტების შეჯახებასაც შეუძლია. ამის მიუხედავად, არის ზოგიერთი "მორევი", რომელთა ფორმაცა და ზომაც ასეთი მოვლენით ვერ აიხსნება. მეორე ჰიპოთეზა სიღრმეში არსებულ მაგმას უკავშირდება, რომელიც ნელ-ნელა გაგრილებისას მაგნიტური ანომალიების ფორმირებას უწყობს ხელს.
აღნიშნულ საკითხზე მეტის გასაგებად სპეციალისტებმა მინერალი ილმენიტი შეისწავლეს, რომელიც მთვარეზე უხვადაა. მათ ის ატმოსფერული ქიმიისა და მაგმის გაგრილების ტემპის სხვადასხვა კომბინაციის პირობებში გამოცადეს, რათა რკინის ნაწილაკები მიეღოთ, რომლის დამაგნიტებაც შესაძლებელია.
აღმოჩნდა, რომ მთვარისთვის დამახასიათებელი გარემო მაგნეტიზებული მატერიის მისაღებად საჭირო რეაქციებისთვის ხელსაყრელია. ავტორები ასკვნიან, რომ შეიძლება, "მორევები" სწორედ ზედაპირის ქვეშ არსებულ მაგმას წარმოექმნა, რისთვისაც მასში ტიტანის მაღალი შემცველობაა აუცილებელი. ვარაუდობენ, რომ სიღრმეში მიმდინარე პროცესები მსგავსი მეტალების მაფორმირებელ რეაქციებს განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს NASA მთვარის "მორევ" Reiner Gamma-ზე მავალის გაშვებას გეგმავს, რომელიც მას ახლოდან გამოიკვლევს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research: Planets გამოქვეყნდა.
კომენტარები