უცხოეთში კონცერტზე მიდიხარ? — აი, 10 პრაქტიკული რჩევა
ბოლო რამდენიმე წელია, საზღვარგარეთ კონცერტებზე წასვლა განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ადამიანებისთვის მუსიკა ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია, მას შემდეგ კი, რაც ევროპასთან დაახლოებამ მოგზაურობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ოცნების რეალობად ქცევაც შედარებით მარტივი გახდა.
საყვარელი არტისტების ლაივში მოსმენისთვის მზადებას თვეებით ადრე ვიწყებთ და ყველა დეტალს წინასწარ ვითვალისწინებთ. ამჯერად გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა და ამ სტატიაში პატარ-პატარა რჩევები შემეგროვებინა, რომლებიც, იმედი მაქვს, რომ შენს მუსიკალურ თავგადასავალს უფრო სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს გახდის.
1. თვალი ადევნე საყვარელ არტისტს სოციალურ ქსელში
ყველაფერი კონცერტის ბილეთის ყიდვით იწყება, ამიტომ ჩვენც პირველი ეს უნდა ვახსენოთ! როდესაც მომღერლები ტურნეს დააანონსებენ, ყურადღებით უნდა იყო, რათა მათ საიტზე მეილის მითითება არ გამოგრჩეს, მითითებულ ბმულზე რეგისტრაციაც არ დაგავიწყდეს და ბილეთი დროულად იყიდო! ზოგჯერ უფრო მარტივადაც შეგიძლია გამოძვრე და უკვე დადებული ბილეთების შეძენა ცადო, თუ გაგიმართლა, შეიძლება, კარგ ადგილს ხელსაყრელ ფასადაც გამოკრა ხელი!
2. კონცერტის დღეს არ გადაიტვირთო
მას შემდეგ, რაც ბილეთები უკვე გაქვს და დასარჩენი ადგილიც მოძებნე, უშუალოდ კონცერტის დღის დაგეგმვაზე გადავიდეთ! თუ შოუსთვის კონკრეტულ ქალაქში სპეციალურად ჩახვედი და ღირსშესანიშნაობების ნახვასაც გეგმავ, ეცადე, ამისთვის ცალკე დრო გამოყო და წინა ან მომდევნო დღისთვის დაგეგმო. უშუალოდ კონცერტის დღეს მხოლოდ ისეთი აქტივობები გაითვალისწინე, რომლებიც ნაკლებ დროსა და ენერგიას წაგართმევს, რათა იქ მისული უკვე დაღლილი არ იყო. ენერგია შოუზეც დაგჭირდება!
3. წინასწარ შეამოწმე, არენას რამე შეზღუდვა თუ აქვს
გადაამოწმე, იმ არენაზე, სადაც ღონისძიება ტარდება, რა შეზღუდვები მოქმედებს, მაგალითად, ჩანთის ზომასთან ან შესატან ნივთებთან დაკავშირებით. ისიც არ დაგავიწყდეს, რომ წინასწარ მოიძიო, შენი სახლი სტადიონიდან რამდენად შორსაა, რამდენი ხანი დაგჭირდება მისასვლელად და რა ტრანსპორტით შეძლებ როგორც წასვლას, ისე, უკან დაბრუნებას. დიდი შანსია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონცერტზე მიმავალ ან იქიდან წამომსვლელ ადამიანებსაც წააწყდე, კარგი მოგონებები დააგროვო და თან, საცობში დგომასაც ასცდე.
4. დალიე ბევრი წყალი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არ უნდა დაგავიწყდეს, დღის განმავლობაში ბევრი წყლის დალევა და კონცერტზე წყლის შეტანაა, განსაკუთრებით, თუ ღია არენაზე ზაფხულში ესწრები. მე გირჩევდი, რომ რამდენიმე ბოთლი წინა დღითვე გაამზადო, რათა გაყინული წაიღო და მთელი კონცერტის განმავლობაში გეყოს. ისიც არ დაგავიწყდეს, რომ ხშირად შოუზე მისვლა, რიგების გამო, რამდენიმე საათით ადრეც შეიძლება დაგჭირდეს, ამიტომ საჭიროა, ადგილზე დანაყრებული მიხვიდე და ჩანთაში პატარა შოკოლადის ფილა ან სასუსნავიც გეგდოს.
5. არენაზე კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიდი
ეს დაგეხმარება, რომ არტისტის "მერჩენდაიზი", მაგალითად, მათი მაისური, დისკი ან სხვა სუვენირი, შეიძინო, რადგან ძირითადად, ადგილზე დიდი რიგები გვხვდება ხოლმე. შეიძლება, მათი ყიდვა კონცერტის მერეც ცადო, თუმცა რიგებს აქაც ვერ ასცდები ან შანსია, რომ შენი სასურველი ნივთის მარაგი ამოწურული დაგხვდეს. მერჩენდაიზისთვის არენასთან წინა დღით მისვლაც განიხილე, რადგან ნივთების გაყიდვას ხშირად ადრევე იწყებენ.
თუ კონცერტზე განსაზღვრული ადგილი არ გაქვს და დგომა გიწევს, უფრო ადრე მისვლაც არაა ცუდი იდეა, რათა არტისტი ახლოდან ნახო. თანაც, თუ წყლის მომარაგება დაგავიწყდა ან მშიერი ხარ, კონცერტამდე ამ საკითხების მოგვარებაზეც იზრუნებ.
კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ადრე მისვლა ღირს, შოუს გამხსნელია — ხშირად მთავარი გამომსვლელის წინ, დაახლოებით, 1 საათით ადრე, ნაკლებად პოპულარული არტისტი კონცერტს ხსნის და მიუხედავად იმისა, რამდენად იცნობ ამ მუსიკოსის შემოქმედებას, ეცადე, მის რამდენიმე სიმღერას წინასწარ მოუსმინო, ვინ იცის, იქნებ, მომავალში სწორედ ის გახდეს შენი საყვარელი მუსიკოსი!
6. ჩაიცვი კომფორტულად
მართალია, ხშირად ვცდილობთ, რომ კონცერტისთვის განსაკუთრებულად გამოვიყურებოდეთ, ვარჩევთ ამ მუსიკოსის შესაბამის სტილს, მაგრამ ადგილზე მისული ყველაზე მეტად კომფორტულ ტანსაცმელს დააფასებ, განსაკუთრებით კი ეს რჩევა ფეხსაცმელს ეხება. შეიძლება, რიგში ან თუნდაც, კონცერტზე, თუ დასაჯდომი ადგილი არ გაქვს, საათობით დგომა მოგიწიოს და თუ კონცერტი გვიან დამთავრდა, სახლში მისვლისთვისაც დიდხანს სიარული დაგჭირდეს, ამიტომ, რა თქმა უნდა, იზრუნე ლამაზ ჩაცმულობაზე, მაგრამ კომფორტიც არ დაგავიწყდეს!
7. თან წაიღე ყურის საცობები
გპირდები, რომ ეს ნივთი კონცერტის მსვლელობისას შენი საუკეთესო მეგობარი გახდება! დიდ ღონისძიებებზე სიარული ხმაურთან რომაა დაკავშირებული კი გეცოდინება, განსაკუთრებით კონცერტზე, სადაც არტისტთან ერთად, ათასობით ადამიანის სიმღერა, ყვირილი თუ ტაშის კვრა გესმის, რამაც შესაძლოა, შენი სმენა დააზიანოს, თავი აგატკიოს ან გადაგღალოს. ყურის საცობების მოძიება ივენთამდე ერთი თვით ადრე მაინც დაიწყე, რადგან, თუ ადგილობრივ მაღაზიებში ვერ ნახავ, გამოწერა მოასწრო!
8. შეამოწმე ამინდი
კიდევ ერთი ასპექტი, რომლის გათვალისწინებაც არ უნდა დაგავიწყდეს, ამინდია. ნახე, რას უნდა ელოდო, ქარს, წვიმას, თოვლს თუ მცხუნვარე მზეს და ამის შესაბამისად, მზის დამცავის, ქოლგის, საწვიმრის, მარაოს, ქუდის, მოსაცმელის ან მზის სათვალის წაღება არ დაგავიწყდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თან გქონდეს ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს, მაგალითად, მხედველობის სათვალე, ჰიგიენური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა.
9. გადაუღე შენს თავს ბევრი ვიდეო
შეიძლება, ახლა რასაც გეტყვი, გაგიკვირდეს, თუმცა კონცერტის განმავლობაში უფრო მეტი ვიდეო საკუთარ თავს უნდა გადაუღო და არა არტისტს, რადგან შენი რეაქციების სამუდამოდ შენახვას სხვა ვერავინ შეძლებს, მით უმეტეს, თუ შენი საყვარელი მომღერლის შოუს ესწრები. წლების შემდეგ ყველაზე ტკბილად სწორედ ეს კადრები გაგახსენდება, რომლებიც წარსულში დაგაბრუნებს და გაგახსენებს, იმ დროს რას გრძნობდი. ამისთვის უკვე არსებობს აპლიკაციები, რომლებიც საშუალებას გაძლევს, წინა და უკანა კამერა ერთდროულად ჩართო.
10. წინასწარ ნახე სიმღერების სია, რომელსაც არტისტი ასრულებს
ბოლოს, იმასაც შეგახსენებ, რომ წინასწარ გაიგო, რა სიმღერებს შეასრულებს არტისტი ამ კონცერტზე, რათა რამდენიმე მათგანის სიტყვები მაინც ისწავლო, რაც საღამოს უფრო დასამახსოვრებელსა და ჯადოსნურს გახდის, შენ კი ათასობით ადამიანის ნაწილად გაგრძნობინებს თავს. ასევე, ზოგიერთ არტისტს აქვს კონკრეტული შეძახილები (Chants), რომელსაც სხვადასხვა სიმღერის შესრულებისას ფანები ყვირიან ან მაგალითად, ერთ ტემპში უკრავენ ტაშს, ცეკვას დგამენ და სხვ. თუ რამდენიმე მათგანს გადახედავ და დაიმახსოვრებ, ამ ჯადოსნურ გამოცდილებას ერთიორად უკეთესს გახდი.
ბონუსად — გააკეთე მეგობრობის სამაჯურები (Frienship Bracelets)
ე.წ. Friendship Bracelet-ების გაკეთება ხშირად ტეილორ სვიფტის კონცერტთან ასოცირდება, რადგან ის ფანებს ერთ-ერთ სიმღერაში სწორედ მეგობრობის სამაჯურების გაკეთებისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ, მუსიკოსის გულშემატკივრებმა სვიფტის შოუებზე დასწრებისას სწორედ მსგავსი სამაჯურებით მისვლა დაიწყეს, კონცერტის განმავლობაში კი ამ სამაჯურებს ერთმანეთში ცვლიდნენ. ეს ტრადიცია უკვე შემდგომ სხვა არტისტების ფანებმაც დანერგეს, რაც ახალი ადამიანების გაცნობის შანსსაც მოგცემს.
ბოლოს მხოლოდ იმასღა გისურვებ, რომ კონცერტით მაქსიმალურად დატკბე, არაფერზე ინერვიულო და საოცარი დრო გაატარო! აბა, შენ იცი.
კომენტარები