სკოლაში ყველას გვასწავლეს, რომ პლანეტები მზის გარშემო ბრუნავს. ზოგადი გაგებით, ეს ასეცაა, თუმცა ფაქტი გამარტივებულია, რეალურად კი საქმე ოდნავ სხვაგვარადაა.

პლანეტების ბრუნვა, ალბათ, თქვენს გონებაშიც დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ამ ვიდეოშია:

ეს გამარტივებული ვერსიაა. მზე მზის სისტემის ყველაზე დიდი ობიექტია (იუპიტერზე 1 048-ჯერ დიდი მასა აქვს), თუმცა გრავიტაცია ორმხრივად მოქმედებს — როგორც მზე იზიდავს პლანეტებს, ასევე ექაჩება პლანეტებიც მზეს და მოძრაობისკენ უბიძგებს. ანალოგიურად, როგორც დედამიწა გვიზიდავს გრავიტაციით, ჩვენც ასევე ვმოქმედებთ მასზე, თუმცა ბევრად მცირე ძალით.

///

"კეპლერის მესამე კანონი ურთიერთქმედებას აღწერს იმ ორი ობიექტის მასებს შორის, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ბრუნავს, და მათი ბრუნვის პარამეტრების დადგენაში გვეხმარება", — განმარტავს NASA — "წარმოიდგინეთ, პატარა ვარსკვლავი უფრო მასიურის გარშემო ბრუნავს. რეალურად, ორივე საერთო მასურ ცენტრს უვლის გარს, სახელად ბარიცენტრს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ასეა, განურჩევლად იმისა, თუ რა ზომის ან მასისაა თითოეული ობიექტი. ბარიცენტრის გარშემო ვარსკვლავისა და მასიური პლანეტის მოძრაობის შეფასება ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც შორ ვარსკვლავებთან დაკავშირებულ პლანეტარულ სისტემებს პოულობენ".

მეტი სიმარტივისთვის ვამბობთ, რომ პლანეტები მზის გარშემო ბრუნავს. მზის სისტემის ობიექტების ბარიცენტრი, ჩვეულებრივ, მზესთან ახლოსაა, რადგან ამ ვარსკვლავს აქვს ყველაზე დიდი მასა; მეორე მხრივ, აირის გიგანტების, იუპიტერისა და სატურნის, გავლენით ბარიცენტრი ზუსტად მზის შიგნით იშვიათად ხვდება.

პლანეტების ბრუნვა დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ასტრონომ ჯეიმს ო'დონოჰიუს მიერ მოწოდებულ ვიდეოში ჩანს:

შედეგად დედამიწა მზის შიგნით არსებული წერტილის გარშემო არ ბრუნავს, რადგან ბარიცენტრი მზის გარეთაა. ჩვენი პლანეტა ამ წერტილის გარშემო ბრუნავს და არა — თავად მზის.

"ზოგადი გაგებით, პლანეტები მზეს უვლის გარს, მაგრამ, ტექნიკურად, ისინი მხოლოდ მზის გარშემო არ ბრუნავს, რადგან (მეტწილად) იუპიტერის გრავიტაციული გავლენით პლანეტები კოსმოსში სხვა წერტილს უვლის გარს", — ხსნის ო'დონოჰიუ X-ზე (იგივე Twitter-ზე).

როგორც მან შემდგომში დაამატა: "პლანეტები, თავისთავად, მზის გარშემო ბრუნავს, სიტუაციას უბრალოდ პედანტურად ვუდგებით. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ მზის ცენტრის გარშემო ვბრუნავთ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება, ანუ ძალიან იშვიათია, რომ მზის სისტემის მასის ცენტრი მზის ცენტრს დაემთხვეს".

იმავე პრინციპით ხდება პატარა ობიექტების, თუნდაც სხვა პლანეტებისა და მათი მთვარეების, შემთხვევაშიც. დედამიწა და მთვარე დედამიწის ცენტრიდან 5 ათასი კილომეტრით დაშორებული წერტილის გარშემო ბრუნავს. მთვარე დედამიწას შორდება, ამიტომ ეს წერტილიც იცვლება.

თუ ასტროფიზიკოსი ან მონათესავე დარგის სპეციალისტი არა ხართ, ამ ფაქტებს თქვენთვის პრაქტიკული დანიშნულება ნაკლებად ექნება. მეორე მხრივ, იმედი გვაქვს, ამის ცოდნა საკითხის სხვა მხრიდან დანახვაში მაინც დაგეხმარებათ; ალბათ, ცოტა იმის გააზრებაშიც, რომ სკოლაში რაღაცებს გამარტივებულად გვასწავლიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.