ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენთვის ცნობილთაგან უძველესი და უშორესი ზეახალი ვარსკვლავი, იგივე სუპერნოვა, დააფიქსირა. ესაა აფეთქებული მნათობი, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა სამყარო სულ რაღაც 1.8 მილიარდი წლის იყო.

ეს და 80-მდე სხვა ასეთი ობიექტი ასტრონომებმა ცაზე დაახლოებით ბრინჯის მარცვლისხელა არეალზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს. სუპერნოვას სიკაშკაშე დროთა განმავლობაში რადიკალურად იკლებს, რის გამოც მისი შესწავლის ყოველი შესაძლებლობა ასტრონომებისთვის მნიშვნელოვანია. ამგვარი მიგნება ღირებულია ადრეული კოსმოსის შესახებ მეტის გასაგებადაც.

"ფაქტობრივად, ტრანზიტორული [გარდამავალი] სამყაროს შესასწავლად ახალ ფანჯარას ვხსნით. ისტორიულად, რამდენჯერად მსგავსი რამ გავაკეთეთ, გასაოცარი რაღაცები აღმოვაჩინეთ, ისეთი, რომელსაც არ მოველოდით", — აცხადებენ მეცნიერები.

ვების მიერ დაფიქსირებული ტრანზიტორული ობიექტები.

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI, JADES

სუპერნოვა ორი სახისაა: II ტიპისა და Ia ტიპის. პირველი მაშინ წარმოიქმნება, როცა მზეზე მინიმუმ რვაჯერ მასიური ვარსკვლავი კოლაფსს განიცდის და ფეთქდება. მეორე ორი ობიექტის ურთიერთქმედებისას ფორმირდება, საიდანაც ერთი თეთრი ჯუჯაა, ანუ მკვდარი მნათობის ბირთვის ნარჩენი. ის კომპანიონი ვარსკვლავისგან წყალბადს იზიდავს, რაც, საბოლოოდ, მძლავრი თერმობირთვული აფეთქებით სრულდება.

Ia ტიპი მკვლევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ყველა ასეთ ობიექტს მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიკაშკაშე ახასიათებს. ეს კი კოსმოსური მანძილების გაზომვისა და სამყაროს გაფართოებაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

რაც შეეხება ზემოხსენებულ სუპერნოვას, ის მსოფლიოში უმძლავრესი ტელესკოპის პროგრამა JADES-ის მონაცემების მეშვეობით აღმოაჩინეს. მათ ცის ერთი და იმავე მონაკვეთს სურათები შეადარეს, რომლებიც დაახლოებით 1-წლიანი შუალედითაა გადაღებული. შედეგად, ზეახალ ვარსკვლავებთან ასოცირებული ისეთი კაშკაშა წერტილების იდენტიფიცირება მოხერხდა, რომლებიც ახალგაჩენილი ან გამქრალი იყო.

სპეციალისტები ამ ობიექტების სიშორისა და მეტალური შედგენილობის დადგენას გეგმავენ, რათა გაარკვიონ, განსხვავდება თუ არა ადრეული ზეახალი ვარსკვლავები შედარებით გვიანდლისგან.

უკანასკნელი შედეგები მათ ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების 244-ე შეხვედრაზე წარადგინეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.