ასტრონომებმა მახლობელ სისტემაში ასტეროიდთა კოლოსალური შეჯახების კვალი დააფიქსირეს
ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენგან 63 სინათლის წლით დაშორებულ სისტემაში ორი გიგანტური ასტეროიდის შეჯახების კვალი დააფიქსირა. მათი გამოთვლებით, ამან 100 000-ჯერ მეტი მტვერი წარმოქმნა, ვიდრე დინოზავრების გამანადგურებელი კოსმოსური სხეულის დედამიწასთან შეჯახებამ.
მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ეს ბეტა მხატვრის სისტემაში შენიშნა, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 მილიონი წლისაა (შედარებისთვის, ჩვენი მზე და მეზობელი პლანეტები უკვე 4.5 მილიარდი წელია, არსებობს). ის 1983 წელს NASA-ს ინფრაწითელი ასტრონომიული თანამგზავრით (IRAS) აღმოაჩინეს და მიიჩნევა, რომ მისი წარმოქმნა ახლომდებარე სუპერნოვათი, ანუ ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებითაა, პროვოცირებული.
ამ სისტემაში აირისგან შემდგარი ორი ციური სხეულია, მაგრამ იქ დედამიწის მსგავსი მყარი ეგზოპლანეტა აღმოჩენილი არაა. შესაძლოა, ასეთი ობიექტები ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე იყოს, რასაც ასტეროიდთა შეჯახებებიც შეუწყობდა ხელს.
პლანეტები ვარსკვლავის გარშემო არსებულ მტვრისა და აირის დისკოში წარმოიქმნება. ასეთი რეგიონები ასტრონომებისთვის საინტერესოა, რადგან შესაძლოა, მათმა გამოკვლევამ მზის სისტემის წარსულის შესახებაც მოგვაწოდოს ინფორმაცია. სპეციალისტების თქმით, ბეტა მხატვრის გარშემო სწორედ ასეთი პროცესები მიმდინარეობს, რაც მათზე რეალურ დროში დაკვირვების შესაძლებლობას გვაძლევს.
თავდაპირველად სილიკატის მტვრის გროვები იქ ტელესკოპმა Spitzer-მა 2004-2005 წლებში დააფიქსირა. როცა ვების ობიექტივი მისკენ მიმართეს, ეს მასები უკვე სრულად გამქრალი იყო. აქედან ასკვნიან, რომ 20 წლის წინ ასტეროიდთა შეჯახება მოხდა, რამაც უამრავი მტვერი გამოათავისუფლა. ეს მატერია ციური სხეულების გასაჩენად ხელსაყრელია, ამიტომ სწორედ პლანეტების ასეთ ჩანასახებს უნდა მიეერთებინა ის.
"კითხვა, რომლის კონტექსტუალიზაციასაც ვცდილობთ, არის, თუ რამდენად გავრცელებულია მყარი ან გიგანტური პლანეტების ფორმირების ამგვარი პროცესი. უფრო ბაზისური კითხვაა, არის თუ არა ჩვენის მსგავსი პლანეტური სისტემები იშვიათი? ფაქტობრივად, იმის გაგება გვსურს, რამდენად უჩვეულო ან ჩვეულებრივია მზის სისტემა", — აცხადებენ ავტორები.
მათი კვლევის შედეგები ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების 244-ე შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები