ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სათბურის აირები ხვდება, რაც კლიმატის ცვლილებას განაპირობებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ამაში ენერგიის ტრადიციული მეთოდებით მიღების პროცესს შეაქვს, რადგან ეს დიდძალ ემისიებთანაა დაკავშირებული.

სწორედ ამის გამო, თანამედროვე მსოფლიოში მრავალი ქვეყანა ტრადიციულ მეთოდებს ენერგიის განახლებადი წყაროებით ანაცვლებს. ასე ეწოდება იმ ბუნებრივ რესურსებს, რომელთა მარაგიც, გამოყენების მიუხედავად, თვითაღდგენადია და მათი მეშვეობით ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. ასეთია, მაგალითად, წყალი, ქარი, მზის სხივები, გეოთერმული სითბო და ა.შ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს ენერგეტიკის სფეროს ექსპერტმა, გიორგი აბულაშვილმა, უპასუხა.

ფოტო: ბოლნისის მუნიციპალიტეტი

როგორია ენერგეტიკის სექტორის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე და ენერგიის რომელი წყაროები გამოიყენება მსოფლიოსა თუ საქართველოში?

კლასიკური გაგებით, ენერგეტიკის სექტორი მოიცავს ყველაფერს, რაც ენერგიის მოხმარებასა და მისი ერთი სახეობის მეორედ გარდაქმნას უკავშირდება. ასეთი პროცესების შედეგად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგი იფრქვევა, რაც სათბურის ეფექტს ამძაფრებს და კლიმატის ცვლილების ტემპს აჩქარებს. ამ მხრივ უდიდესი გავლენა აქვს როგორც წიაღისეული რესურსების მოპოვებასა და მათ გადამუშავებას, ასევე მოხმარებას.

საქართველოს გარეთ ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითადი მეთოდი თბოელექტროსადგურებში წიაღისეული საწვავის წვაა. არსებობს ბუნებრივ აირზე, დიზელსა და სხვადასხვა წიაღისეულ რესურსზე მომუშავე სადგურებიც, რომელთა ჯამური სიმძლავრეც განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას საკმაოდ აღემატება.

არის ატომური სადგურებიც, რომლებსაც უშუალოდ კლიმატიც ცვლილებაზე არ აქვს გავლენა, მაგრამ სხვა გარემოსდაცვით და უსაფრთხოების პრობლემებთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება საქართველოს, აქ წიაღისეული საწვავის სიმწირეა, შესაბამისად მისი ათვისება ვერასდროს ხერხდებოდა. აქედან გამომდინარე, აქცენტი კეთდებოდა ჰიდროენერგიაზე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და მათგან მიღებული ენერგიის განაწილებაზე. როცა ჩვენი სისტემა დიდი სისტემის ნაწილი იყო, ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიის გარედან, მაგრამ სისტემის ფარგლებში, წარმოებული ელექტროენერგიით ბალანსდებოდა.

შესაძლებელია თუ არა, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროებით კლიმატის ცვლილების პროცესი შევარბილოთ?

ახლა საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციის დიდი წილი განახლებად რესურსზე მოდის, კერძოდ წყალზე. აღსანიშნავია, რომ ჰიდროსადგურების შემთხვევაშიც კი, რა თქმა უნდა, გარემოსა და კლიმატზე გავლენა მაინც არის, განსაკუთრებით რეზერვუარიანი სადგურების შემთხვევაში, რადგან მათში მიმდინარე პროცესები მავნე აირების ემისიას განაპირობებს.

აქედან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედებს როგორც წიაღისეული, ისე განახლებადი რესურსების მოხმარება, მაგრამ ყოველთვის შესაფასებელია, ეს გავლენა უფრო მძიმეა, თუ შედეგი უფრო სასარგებლოა. საბოლოო ჯამში, განახლებადი ენერგიის წყაროების შეტანით უფრო დამაბინძურებელ წყაროებს სათბურის აირების თითქმის ნეიტრალური გამფრქვევებით ვანაცვლებთ, რითაც კლიმატს ნაკლები ზიანი ადგება.

ენგურჰესი.

ფოტო: Engurhesi.ge

რომელია განახლებადი ენერგიის ყველაზე ეფექტიანი წყაროები და რომელ ქვეყნებშია დანერგილი ისინი ყველაზე აქტიურად?

განახლებადი წყაროების ეფექტიანობის შეფასება ძალიან ძნელია. როგორც ვახსენეთ, საქართველოში ეს არის ჰიდროენერგია, ზოგან ეს არის მზე, ზოგან წყალბადი და ა.შ. განახლებად წყაროებს ერთი თავისებურება აქვს: ისინი, ძირითადად, ადგილზევე უნდა გამოვიყენოთ, ამიტომ თითოეული მათგანის ექსპლუატაცია გეოგრაფიულ თავისებურებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში განახლებად რესურსად ბიოსაწვავი, ანუ შეშა, მიიჩნევა და მასზე თბოსადგურებიც მუშაობს. ჩვენთან იმავეს გამეორება არახელსაყრელი იქნება, რადგან ეს ტყის სწრაფ დეგრადაციას გამოიწვევს.

ქარის ენერგიას აქტიურად იყენებენ დანიასა და გერმანიაში. დანია ამ მხრივ ტექნოლოგიურადაც განვითარებულია, იქ ოფშორული სადგურებიცაა და სახმელეთოც. ეკონომიკის საერთო გიგანტები, ჩინეთი და ამერიკა, ქარის მეშვეობით ასევე საკმაოდ დიდ სიმძლავრეებს გამოიმუშავებს, მაგრამ ენერგეტიკულ ბალანსში წვლილის მიხედვით პირველ ადგილზე მაინც დანიაა.

მზის ენერგიის ათვისებაში ერთი პერიოდი გერმანია ლიდერობდა, რადგან ამის ხელშემწყობი პროგრამები იყო შემუშავებული. შემდეგ ენერგეტიკული პოლიტიკის სტრატეგია შეცვალეს, მაგრამ ახლა ამ მიმართულებას ისევ უბრუნდებიან. თითქოს, პარადოქსულია, მაგრამ ჩრდილოეთის ქვეყნებში, რომლებიც ნაკლებ მზიანია, მზის ენერგიის მიღების ტექნოლოგია საგრძნობლად განვითარებულია. ამის მიუხედავად, ჩინეთი აბსოლუტური ლიდერია არა მხოლოდ ტექნოლოგიების შექმნაში, არამედ გამოყენებაშიც.

თითქმის ყველგან განახლებადი წყაროები ინერგება სადგურების ე.წ. დეცენტრალიზებული, ანუ გაფანტული, სისტემით და არა გიგანტური სადგურების მშენებლობით (ჰიდროსადგურების გარდა). პირობითად, ქართლში მზის ერთი გიგანტური სადგური რომ გვქონდეს, იქ უამინდობამ შესაძლოა, მისი ეფექტიანობა შეამციროს. ამის საპირისპიროდ, თუკი იმავე ჯამური სიმძლავრის ასი სადგური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადანაწილდება, ქართლში უამინდობა მხოლოდ იმ შედარებით მცირე ენერგიის გამომუშავებას დააყენებს რისკის ქვეშ, რომელიც ამ რეგიონზე მოდის.

იგივე ვრცელდება ქარის ენერგიაზეც, რადგან ჰაერის ნაკადები ყოველთვის ერთი მიმართულებით და თანაბრად არ გადაადგილდება. ქარის სიჩქარის ვარდნა ენერგიის გამომუშავებაზეც აისახება, მაგრამ თუ ასეთი სადგურები ქვეყნის ქარიან ტერიტორიებზე იქნება გაფანტული, ენერგიის გენერაციის სიმძლავრე ნაკლები რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ასე რომ, დეცენტრალიზებული სისტემა განახლებად წყაროებს უფრო ეფექტიანს ხდის.

ფოტო: gifhy

უკავშირდება თუ არა დიდ ხარჯებს ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა?

როგორც ბოლო წლების დინამიკა აჩვენებს, მზის გენერაციისთვის საჭირო ტექნოლოგიის ფასები რადიკალურადაა შემცირებული, შესაბამისად ამ წყაროს გამოყენება ეკონომიკურად უკვე გამართლებულია. ადრე მსგავსი ნახევარგარდამქმნელების ტექნოლოგია ეკონომიკურად გამართლებული მხოლოდ კოსმოსური გამოყენებისთვის იყო. მას შემდეგ ტექნოლოგიურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, არამედ ცვლილება მოხდა ეკონომიკაში, როცა, ერთი მხრივ, ენერგეტიკული ფასები გაიზარდა და, მეორე მხრივ, წარმოების ფასები შემცირდა.

ანალოგიურად განვითარდა პროცესები სხვა განახლებად ტექნოლოგიებშიც. მაგალითად, ქარის ტურბინების მედეგობა გაუმჯობესებულია და ისინი შედარებით იაფია, მაგრამ არა რადიკალურად. ქარის ტურბინა მზის ფოტოგარდამქმნელისგან განსხვავდება. ეს უკანასკნელი ნახევარგამტარული დაფაა, რომელიც არ ბრუნავს, არ ცვდება, არ სჭირდება წარმოების რთული პროცესი და სხვა. გამოდის რომ, როცა დინამიკური ნაწილები არ გვხვდება, სადგური ადვილი საექსპლუატაციოა. ქარის შემთხვევაში ასე არაა.

უნდა გავმიჯნოთ ენერგეტიკული პროექტების ტექნიკური და ეკონომიკური პოტენციალიც. ტექნიკურად ქარის სადგური შეიძლება, ყველგან განთავსდეს, სადაც მცირე ნიავიც კი უბერავს, მაგრამ ეს რამდენადაა ეკონომიკურად გამართლებული, სხვა საკითხია და სათანადო პარამეტრებით უნდა შეფასდეს. კერძოდ: რა ღირს ჩვენთან საინვესტიციო რესურსი; რა პროდუქტს სთავაზობს საფინანსო სექტორი ქვეყანას; რა ღირს ენერგია და ტექნოლოგია; რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ექსპლუატაცია; როგორ ეკონომიკურ შედეგს მოიტანს და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველო არაა ყველაზე მომხიბვლელი საინვესტიციო ქვეყანა, ამიტომ ჩვენთან ინვესტიცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. სწორედ ესაა გასათვალისწინებელი და არა მხოლოდ ის, თუ რამდენი მდინარე გვაქვს ან სად უბერავს ქარი.

რა პერსპექტივა აქვს განახლებადი ენერგიების კუთხით საქართველოს და რას შეცვლის მსგავსი ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა ქვეყნის ეკონომიკისთვის?

საქართველოში არის როგორც მზის ენერგიის, ისე ჰიდროლოგიური კადასტრი, რომელიც გამოავლენს ისეთ მომხიბვლელ ტერიტორიებს, სადაც ამა თუ იმ სადგურის მშენებლობა ღირს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთან ჰიდროსადგურებთან დაკავშირებით გამოცდილება და ისტორია დიდია. სპეციალისტთა რაოდენობა ამ მიმართულებით უფრო მეტია, ვიდრე მზისა და ქარის ან სხვა წყაროების შემთხვევაში, ანუ ექსპლუატაციის რეჟიმები აქ უფრო დაცული გვექნება. მზის ენერგიას დიდი საექსპლუატაციო რესურსი არ სჭირდება, მაგრამ როცა ქვეყნის მასშტაბით ქსელში ინტეგრირება მიმდინარეობს, უკვე დისპეჩირების საჭიროება იქმნება, სადაც ასევე ნაკლები ცოდნაა.

საქართველოში განახლებად რესურსებზე მომუშავე სადგურების განვითარების გეგმები არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ პროექტის სახით. კლიმატისა და ენერგეტიკის ინტეგრირებულ გეგმაში წერია, რა ტიპის სადგურები უნდა აშენდეს. ასევე, 2019 წელს მიიღეს კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გენერაციის შესახებ, სადაც გამოკვეთილია ვალდებულება, რომ ქვეყანამ სხვადასხვა განახლებადი წყაროს — მზის, ელექტრო, ბიომასისა და თბური ტუმბოების — საექსპლუატაციოდ სპეციალისტების მოსამზადებლად სატრენინგო პროექტები შეიმუშაოს, დანერგოს და სერტიფიკატები გასცეს. საპილოტე სატრენინგო პროგრამები გასულ წელს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა. კურსები ამ სფეროში გარკვეული ცოდნის მქონე ადამიანებზე იყო გათვლილი. ახლა კი მუშავდება გრძელვადიანი პროგრამები, რომლებშიც შესაბამისი ცოდნის არმქონე ადამიანმაც შეიძლება მიიღოს მონაწილეობა.

საქართველო ენერგეტიკული რესურსების იმპორტზე საერთო ჯამში დაახლოებით 70-80%-ითაა დამოკიდებული. თუკი აღნიშნულ რაოდენობას ადგილობრივი განახლებადი ენერგიით ჩავანაცვლებთ, ამას მაკროეკონომიკური გავლენა ექნება: ქვეყნიდან ვალუტა არ გაედინება, რაც მის სიმყარეზე აისახება. გაიაფდება საკრედიტო რესურსები, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი განახლებადი წყაროების მონტაჟისა თუ ექსპლუატაციის მხრივ და სხვა.

ამას ექნება მიკროეკონომიკური, ანუ ინდივიდუალური, გავლენაც. მაგალითად, თუ მსგავს სისტემებს საკუთარ სახლში დავამონტაჟებთ, კომპანიებს აღარ გადავუხდით გადასახადს და ეს თანხა ისევ ადგილობრივ ეკონომიკაში რეინვესტირდება. თუ სუფთა ენერგიას განსაკუთრებული ფასი ექნება, ასეთი ტექნოლოგიების დანერგვის მეტი სტიმული გაჩნდება.

საბოლოო ჯამში, ჩვენნაირ პატარა ქვეყნებშიცაა ემისიები, ამიტომ მათი შემცირებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ამასთან დაკავშირებულ საბაზრო ინსტრუმენტებში საკუთარი წვლილის შეტანა შეგვიძლია.

მასალა შექმნილია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროგრამის "გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია NEXT.On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს WFD-ის შეხედულებებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.