საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი აწესრიგებს სასამართლოებთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს, მათ შორის, განსაზღვრავს, რა გზა უნდა გაიაროს იურისტმა, რომელსაც მოსამართლეობა სურს.

ვის შეუძლია გახდეს მოსამართლე

ამ კანონის 34-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ მოსამართლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს:

  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით;
  • მას უნდა ჰქონდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
  • უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
  • გავლილი უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი;
  • უნდა შედიოდეს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

ვინ არ შეიძლება იქნეს არჩეული მოსამართლედ

იმავე კანონის მიხედვით:

  • ნასამართლევი პირი;
  • ან ის, ვინც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის, ან — კორუფციული სამართალდარღვევის გამო.

როგორ მოვხვდეთ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში

სკოლას საქართველოს მასშტაბით, სამი ოფისი აქვს — თბილისში, წყალტუბოსა და ბათუმში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ანალიტიკოსი, ნინო ნოზაძე განმარტავს, რომ იუსტიციის სკოლაში ჩასაბარებლად, აუცილებელია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

  • მისი განმარტებით, ამ გამოცდის ორგანიზატორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა — ის ქმნის კომისიას, წერს დებულებას და ირჩევს კომისიის წევრებს, რომელთა ვინაობაც, გამოცდების დასრულებამდე, კონფიდენციალურია.
ნინო ნოზაძე

ნინო ნოზაძე

ფოტო: gyla.ge

ნინო ნოზაძეს, საიაში, ამჟამად, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში ანალიტიკოსის პოზიცია უკავია. მას მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი, საერთაშორისო სამართალში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა განათლების სამინისტროს სისტემაში იურისტად, ასევე იყო იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო სამართლის სამმართველოს მრჩეველი.

მისივე განმარტებით, პირი, რომელიც აბარებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა და ფლობდეს მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს.

  • ამასთან, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლაში სწავლის მსურველმა გამოცდა ხელახლა უნდა ჩააბაროს.

სწავლა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში

როგორც კანონში წერია, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა 16 თვის განმავლობაში გრძელდება — სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებასა და სემინარულ მუშაობას.

  • თუმცა, იუსტიციის მსმენელისთვის, რომელსაც აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის, ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სრული სასწავლო კურსის ვადაა 12 თვე.

კანონის მიხედვით, სკოლაში სწავლების ფორმებია — სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, საღამოს სწავლება, დისტანციური სწავლება, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

  • სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შეიძლება, გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელის მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში.

სკოლაში სწავლის დასასრულს, იუსტიციის მსმენელი აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდას.

ამ გამოცდის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.

  • იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
  • ამ ნომერს ითვალისწინებენ მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას, ისევე, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას.

ხშირად დასმული კითხვები, იუსტიციის სკოლასთან დაკავშირებით

არის თუ არა ფასიანი იუსტიციის მსმენელთა სასწავლო კურსი?

იუსტიციის მსმენელთა სასწავლო კურსი არის უფასო. მსმენელი სახელმწიფო სტიპენდიას იღებს.

რა ოდენობის სტიპენდიას იღებს იუსტიციის მსმენელი?

იუსტიციის მსმენელი, სასწავლო კურსის გავლისას, იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/4-ზე ნაკლები.

სად ხორციელდება იუსტიციის მსმენელთა სწავლება?

თბილისში.

თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სათავო ოფისში, ხოლო სტაჟირებას, იუსტიციის მსმენელები, როგორც წესი, გადიან თბილისის საქალაქო სასამართლოში.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის სათავო ოფისი თბილისში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის სათავო ოფისი თბილისში

ფოტო: სკოლის ვებგვერდი

ვალდებულია, თუ არა იუსტიციის მსმენელი ყოველ დღე ესწრებოდეს სწავლებას და რამდენ ხანს გრძელდება ერთი სასწავლო დღე?

იუსტიციის მსმენელი ვალდებულია, სწავლებას დაესწროს ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე.

ვინ არიან იუსტიციის მსმენელთა მასწავლებლები?

მათ არჩევთ სკოლის დამოუკიდებელი საბჭო, სამართლის სფეროს და სასწავლო თემის მიხედვით. სამართლებრივ თემებზე ასწავლიან მოქმედი, ან ყოფილი მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები, ხოლო არასამართლებრივ თემებს ფარავენ შესაბამისი დარგის ექსპერტები.

როგორ აფასებენ იუსტიციის მსმენელთა სემინარულ მუშაობას?

იუსტიციის თითოეულ მსმენელზე, სემინარული მუშაობის მასწავლებელი ადგენს სემინარული მუშაობის აღწერის ფორმას.

როგორ აფასებენ იუსტიციის მსმენელთა თეორიულ კურსს?

თეორიული კურსის ბოლოს, იუსტიციის მსმენელი აბარებს თეორიული კურსის დამამთავრებელ გამოცდას, რომელიც ტარდება ტესტური ფორმით, წერილობით, ან ელექტრონულად, სკოლის ვებპორტალის გამოყენებით.

  • საგამოცდო ტესტი შედგება ასი საკითხისგან.
  • ტესტური გამოცდა ითვლება ჩაბარებულად, თუ მსმენელი მოაგროვებს სულ მცირე, 80 ქულას, სხვა შემთხვევაში, თეორიული გამოცდა არ ითვლება ჩაბარებულად.
  • ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გათვალისწინებულია 5 საათი.

როგორ აფასებენ იუსტიციის მსმენელთა სავალდებულო სტაჟირებას?

იუსტიციის მსმენელი სტაჟირების კოორდინატორის მიერ ყოველდღიურად, დადგენილი ქულების მიხედვით ფასდება, ხოლო სტაჟირების პროცესის დასრულების შემდგომ სტაჟირების კოორდინატორი მასზე ადგენს რეკომენდაციას.

  • სტაჟირება იუსტიციის მსმენელის მიერ წარმატებით გავლილად ითვლება სტაჟირების მაქსიმალური ქულის არანაკლებ, 2/3-ის დაგროვების შემთხვევაში.

რა ხდება, თუკი იუსტიციის მსმენელი წარმატებით ვერ გაივლის კურსის დამამთავრებელ გამოცდას?

სკოლის დამამთავრებელი გამოცდა ითვლება ჩაბარებულად, თუ მსმენელი მოაგროვებს, სულ მცირე, 85 ქულას.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების გადასინჯვა (პრეტენზიის წარდგენა), შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა, სულ ცოტა, 80 ქულა.

  • საბოლოოდ, თუ მსმენელმა ვერ მოაგროვა 85 ქულა, საგამოცდო კომისია დამოუკიდებელი საბჭოს წინაშე აყენებს საკითხს მსმენელის მორიგ დამამთავრებელ გამოცდაზე დაშვების თაობაზე.
  • მსმენელის მორიგ დამამთავრებელ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი საბჭო.

რა როლი აქვს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დამოუკიდებელ საბჭოს

საერთო სასამართლოების შესახებ კანონის თანახმად, სკოლის დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც 7 წევრისგან შედგება, განსაზღვრავს სკოლის საქმიანობის მიმართულებებს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს.

  • შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას, ბიუჯეტს და შედგენის წესს.
  • ამასთან, დამოუკიდებელი საბჭოს მოვალეობებში შედის დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვისა და იუსტიციის მსმენელის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე.
  • On.ge-სთან საუბრისას, საიას იურისტი ნინო ნოზაძე განმარტავს, რომ მსმენელთა ჩარიცხვის დასაბუთება სავალდებულო არ არის, შესაბამისად, სკოლა საკუთარ ვებგვერდზე ამ ინფორმაციას არ აქვეყნებს.

პრობლემაა, რომ

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაცია, დიდი ხანია, არ განახლებულა.

  • მაგალითად, იუსტიციის მსმენელების შესახებ, ბოლო სტატისტიკური დოკუმენტი 2017 წლით თარიღდება. ამ დოკუმენტის მიხედვით, 2016-2017 წლებში იუსტიციის 21 მსმენელი ჰყავდათ.
  • ბიუჯეტის შესახებ ცნობა, ბოლოს, 2019 წელს განათავსეს — დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების
    მომზადება-გადამზადებისთვის 1870 ლარი გამოიყო.
  • დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის ოქმები და გადაწყვეტილებები კი 2022 წელს განახლდა — 25 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ 2022 წელს ჩასატარებელი კონკურსის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა, არაუმეტეს, 20 ადამიანით განისაზღვრა.

ინფორმაცია რომ რთულად ხელმისაწვდომი გახდა, ამაზე ნინო ნოზაძეც საუბრობს. მისი თქმით, საია აგვისტოში გაგზავნილ კითხვებზე ოფიციალურ პასუხს, ამ დრომდე ელის.

"წელს განსაკუთრებით თვითნებობით და ანგარიშვალდებულების ნაკლებობით გამოირჩევა საბჭო და შესაბამისად, საბჭოს როლი იუსტიციის უმაღლეს სკოლაზე ძალიან დიდია. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს მსმენელების ჩარიცხვაზე და ა.შ., წევრებად არიან გიორგი მიქაუტაძე, ირაკლი შენგელია, ვასილ მშვენიერაძე, ისეთი სახეები, რომლებიც საბჭოს ყოფილი წევრები არიან და რომლებსაც ვუწოდებთ გავლენიან ჯგუფს", — თქვა ნინო ნოზაძემ.

ირაკლი შენგელია, რომელიც, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა, სანქცირებულია აშშ-ის მიერ.

  • საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული კითხვებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლას, News.on.ge-მაც მიმართა. დავინტერესდით, თუ როდის ჰქონდათ მსმენელების მიღება, ამჟამად რამდენი ადამიანი სწავლობს და როგორია გენდერული გადანაწილება მათ შორის.
  • პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.