რას გულისხმობს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან
საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებით, გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნეს-სექტორს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი კონსულტაციების შედეგად. შედეგად, საგადასახადო კოდექსში არაერთი ისეთი ნორმა დაზუსტდა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.
აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო ბიზნესის წარმომადგენლებს ღია კარის დღეებზე იწვევს, რომლის დროსაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების შესახებ. ღია ლექციებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მოეწყობა, აღნიშნული სამინისტროს თანამშრომლები ჩაატარებენ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, რომელსაც საგადასახადო კოდექსში შეტანილი სიახლეების შესახებ On.ge ესაუბრა, აცხადებს, რომ ცვლილებები გადასახადის გადამხდელთა ფართო სპექტრს ეხება და მიმართულია ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისკენ.
რა არის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის ეფექტი?
პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია ის, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია.
მეორეც, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნისთვის. აღნიშნული ცვლილებებით, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირები დაზღვეული იქნებიან, რომ საგადასახადო აღრიცხვის დროს დაშვებული შეცდომის გამო, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება და შესაბამისად, ბევრად უფრო დაცულად იგრძნობენ თავს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2013 წლიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული გადასახადის გადამხდელთა მხრიდან გადასახადისგან თავის არიდების შემთხვევები, რაც საგადასახადო ორგანოების ეფექტური და თანამედროვე ადმინისტრირების მექანიზმების შექმნაზე მიუთითებს. ახალი ცვლილებით, ზოგიერთი სამართალდარღვევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნეოდა, აღარ იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი და მათზე გავრცელდება მხოლოდ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.
მესამეც, ჩვენ შევისწავლეთ საგადასახადო სტატისტიკა. ასევე, გავითვალისწინეთ ის გარემოება, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა ამაღლებული ბიზნესის მხრიდან გადასახადის გადახდის კულტურა და შევიმუშავეთ ცვლილებები, რომლებიც გამომდინარეობს თანამედროვე მოთხოვნებიდან. კერძოდ, გადასახადისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზრდა. ამასთან, გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა 100 ათასი ლარის ნაცვლად, 150 ათას ლარს აღემატება.
2016 წლის სტატისტიკით, შემოწმებული გადამხდელების 90 პროცენტზე მეტს 100 ათას ლარზე ნაკლები საგადასახადო ვალდებულება დაეკისრა მაშინ, როცა 2010 წელს ეს მაჩვენებელი იყო 73 პროცენტი. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს, 2010 წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვა 150 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2010 წელს ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვა შეადგენდა 24,4 მილიარდ ლარს, ხოლო 2016 წელს შეადგენს 60 მილიარდ ლარს. ამასთან, 2017 წლიდან საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა შემცირდა ორჯერ - 6 წლიდან 3 წლამდე, რაც თავისთავად, მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანია, ვინაიდან 100 000-ლარიანი ზღვარი იანგარიშება უკვე სამწლიანი პერიოდის შემოწმებიდან გამომდინარე, ნაცვლად მანამდე არსებული ექვსწლიანი პერიოდისა.
განხორციელებული ცვლილებებით, გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები.
სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი - თუ საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 ათას ლარს.
აგრეთვე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, თუ არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. აქაც ვიხელმძღვანელეთ ოფიციალური სტატისტიკით, რომლის თანახმადაც, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული მსგავსი დანაშაულის ჩადენის შემთხვევები, ამასთან, მსგავსი ტიპის დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ფაქტობრივად აღარ გამოიყენება.
მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც გაიზრდა საგადასახადო დავალიანების თანხის ზღვარი 5 ათასიდან 50 ათას ლარამდე, რომლის გადახდის ერთი წლის ვადით გადავადებაც (გრაფიკის გაკეთება) შესაძლებელია საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე. საგადასახადო ადმინისტრირების ეს ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, შესაბამისი უზრუნველყოფის წარდგენის შემთხვევაში, მოხდეს გადამხდელის აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებებზე გრაფიკის გაკეთება და მიუხედავად საგადასახადო დავალიანებისა, გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, შეუფერხებლად განაგრძოს სამეწარმეო საქმიანობა.
ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება საგადასახადო ადმინისტრირების ეს მექანიზმი, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ საგადასახადო ორგანოები არ არიან ორიენტირებული შემოსავლების მობილიზების მოკლევადიან, ერთჯერად ეფექტზე. 2010-2012 წლებში გრაფიკი გაუკეთდა 147 მეწარმეს 6 მილიონ ლარზე, მაშინ როცა 2013-2016 წლებში გრაფიკი გაუკეთდა 4937 მეწარმეს 218 მილიონ ლარზე.
როგორც წესი, ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან მცირე მეწარმეები, რომელთაც არ გააჩნიათ დავალიანების შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალებები. აღნიშნული ნორმა განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება მცირე მეწარმეების მიერ, რომელთაც გარკვეული სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების გარეშე განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. 2015-2016 წლებში ამ შესაძლებლობით ისარგებლა 3089-მა მეწარმემ და გრაფიკი გაკეთდა 9 მილიონ ლარის დავალიანებაზე, საიდანაც უდიდესი ნაწილი უკვე დაფარულია.
წარმოდგენილი ცვლილებებით ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეეძლება უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე მოახდინოს საგადასახადო დავალიანებაზე გრაფიკის გაკეთება, რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება როგორც მეწარმე სუბიექტების საქმიანობაზე, ისე საბიუჯეტო შემოსავლებზე.
ცვლილებების პაკეტზე მუშაობისას, რამდენად იყო გათვალისწინებული ბიზნესის ინტერესები?
ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო ცვლილებათა პაკეტის მომზადებისას, არაერთი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა ბიზნეს-გაერთიანებასთან. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ღია ვიყავით თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული საგადასახადო გარემო და ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია ისეთი საგადასახადო კოდექსის არსებობა, რომელიც იქნება ბიზნესისადმი მეგობრული. რაც მთავარია, მასში არ იქნება ისეთი ნორმები, რომელთა ორმაგი ინტერპრეტირებაა შესაძლებელი.
მეტიც, აქვე აღვნიშნავ, რომ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა და ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ კიდევ არაერთ საკანონმდებლო ინიციატივას მოვამზადებთ, რათა გადამხდელმა საქმიანობა უფრო მეგობრულ გარემოში განახორციელოს და ნაკლები დრო დახარჯოს საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობაში.
ცვლილებათა პაკეტი შეეხო დაუსრულებელ მშენებლობებს. რა სახის ეფექტი ექნება მას როგორც ბიუჯეტისთვის, ისე ბიზნესისა და მომხმარებლისთვის?
დავაზუსტებ თქვენს შეკითხვას - ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ დაუსრულებელ მშენებლობებს, რომლებიც 2008 წლამდეა დაწყებული და დღემდე დაუსრულებელია. აღნიშნული შეღავათი ძალაში იქნება 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
საგადასახადო შეღავათი მოიცავს ასეთი ობიექტების დამატებული ღირებულების გადასახადისაგან სრულად განთავისუფლებას. დღეის მდგომარეობით, განახლდა 25 ობიექტის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება აღემატება 65 მილიონ აშშ დოლარს და რომელიც დასრულდება 2017 წლის ბოლომდე. საგადასახადო შეღავათის 2 წლით გახანგრძლივებით მოსალოდნელია დამატებით კიდევ 37 დაუსრულებელი ობიექტის დასრულება, რომლის საინვესტიციო ღირებულება აღემატება 100 მლ აშშ დოლარს.
აღნიშნულმა ცვლილებამ ხელი უნდა შეუწყოს ვადაგადაცილებული მშენებლობების დასრულებას და ამ გზით დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას.
ამ ცვლილების გავლენა უშუალოდ ბიუჯეტზე ნეიტრალური იქნება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორი, რომელიც ამ პრობლემას თან ახლავს.
ერთ-ერთი ცვლილება შეეხება ენერგოეფექტურობას, კერძოდ, წაახალისებს ფიზიკური პირების მხრიდან ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას და ამ გზით, საკუთარი ენერგეტიკული დანახარჯების შემცირებას. რით იყო ეს ცვლილება განპირობებული?
საქართველოში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ხელშეწყობა სწორედ ჩვენმა მთავრობამ დაიწყო. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი მხოლოდ წყლის რესურსებს არ უკავშირდება. საქართველოში შესაძლებელია მზისა და ქარის ენერგიის აქტიური გამოყენება და მათი მიმართვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიმართულებით.
ამასთან, როდესაც საუბარია ფიზიკურ პირებზე, რიგით ადამიანებზე, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად დაზოგონ საკუთარი ენერგეტიკული დანახარჯები, თუკი გამოიყენებენ ენერგიის განახლებად წყაროებს, მაგალითად, მზის ენერგიას. ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებაც ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენაა მიმართული.
ე.წ. ნეტო აღრიცხვა, ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მიმართულებაა. განახლებად ენერგიებზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოდგენს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.
საკუთარი მოხმარების უზრუნველსაყოფად საცალო მომხმარებელს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის (მათ შორის, ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით.
თუ თვეში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელი კომპანიის ქსელისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტია მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) აისახება მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით.
თუ თვეში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელი კომპანიის ქსელისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახდენს მხოლოდ სხვაობის შედეგად მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე.
საანგარიშო წლის ბოლო თვეს, ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია ჩაითვლება გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს გადაუხადოს კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის საფასური, სამომხმარებლო ტარიფში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელი ქსელისთვის მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის შედეგად მიღებული სარგებელი გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან.
ვფიქრობ, ეს იქნება დიდი სტიმული იმისათვის, რომ წახალისდეს ენერგოეფექტურობა.
თანამედროვე ტურიზმი წარმოუდგენელია შიდა ფრენების სისტემის განვითარების გარეშე. ცვლილებები ამ საკითხსაც შეეხება. თქვენი შეფასებით, როგორ დაეხმარება ის ამ საკითხს?
როგორც იცით, აღნიშნული დარგი არის სუბსიდირებული. საგადასახადო შეღავათი გულისხმობს იმას, რომ საწვავი, რომელიც გამოიყენება შიდა ფრენებისთვის, სრულად თავისუფლდება დღგ-სგან და აქციზისგან, ხოლო უშუალოდ ფრენის მომსახურება გათავისუფლდება დღგ-სგან. ასეთი ფრენისას, ძირითადი ხარჯი სწორედ საწვავზე მოდის. ამდენად, ველოდებით, რომ ამ ცვლილებით, ამ სერვისით დაკავებულ კომპანიებს ხარჯები შეუმცირდებათ.
ვფიქრობ, ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ კონკურენცია ამ სექტორში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში და მისი ნახვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, უკეთ გაეცნოს ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში, ღია კარის დღეებზე იწვევს. ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში 21, 24, 26 და 28 ივლისს ჩატარდება უფასო ლექციები, რომლის დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ლექციებზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციის შედეგად იქნება შესაძლებელი.
19 ივლისიდან, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე.
კომენტარები