ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო - გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა.

უწყების განცხადებით, სამართალდამცავებმა ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან, ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, რომლის საბაჟო ღირებულება 148 ათას ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.