ასტრონომებმა ჩვენთვის ცნობილი უძველესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა აქამდე დაფიქსირებულთაგან უძველესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც დიდი აფეთქებიდან 400 მილიონ წელში უკვე არსებობდა. ის მზეზე 1.6 მილიონჯერ მასიურია და ადრეულ სამყაროში მსგავსი ობიექტების წარმოქმნის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. კერძოდ, განამტკიცებს ჰიპოთეზას, რომ ასეთი მასიური შავი ხვრელები შესაძლოა, პირდაპირ წარმოიქმნას და არა მატერიის მიზიდვის ხანგრძლივი პროცესის შედეგად.
ზემოხსენებული შავი ხვრელის მშობელი გალაქტიკა GN-z11-ა, რომელიც ჰაბლის ტელესკოპმა რამდენიმე წლის წინ გამოავლინა. მისგან წამოსულ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად 13.4 მილიარდი წელი დასჭირდა, ამიტომ ის იმ დროისთვის ყველაზე ადრეულ გალაქტიკად მიიჩნეოდა, სანამ საქმეში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ჩაერთო და უფრო ძველი მსგავსი სისტემები დააფიქსირა.
ასტრონომებმა GN-z11-ის შესწავლა სწორედ ამ ახალი ობსერვატორიის მეშვეობით გადაწყვიტეს, რომელმაც გალაქტიკის სპექტრული მონაცემები მოიპოვა. მისმა დეტალურმა ანალიზმა აკრეციისთვის, ანუ მატერიის შთანთქმისთვის, დამახასიათებელი ნიშნები გამოავლინა, რაც იქ შავი ხვრელის არსებობაზე მიანიშნებს.
რა თქმა უნდა, თავად შავი ხვრელი სინათლეს არ გამოყოფს, რადგან სხივები მას თავს ვერ აღწევს. სამაგიეროდ, გარშემო არსებული აკრეციული დისკო, საიდანაც მატერია იქ ჩაედინება, ძალიან კაშკაშაა. სწორედ ასეთი ელვარება შენიშნეს მკვლევრებმა GN-z11-ში.
შავი ხვრელის აქტიურობა გალაქტიკაში ვარსკვლავების წარმოსაქმნელად საჭირო აირს დროთა განმავლობაში ფანტავს, შესაბამისად ასეთ სისტემებში ძალიან ცოტა ახალი მნათობი ჩნდება. GN-z11 პატარა გალაქტიკაა, ირმის ნახტომზე დაახლოებით 100-ჯერ მცირე ზომის, ამიტომ იქ აირის გაფანტვას დიდი დრო არ დასჭირდებოდა, რაც შავ ხვრელსაც "საკვების" გარეშე დატოვებდა.
მაინც როგორ წარმოიქმნა ეს შავი ხვრელი ადრეულ სამყაროში? ის იმდენად მასიურია, რომ ვარსკვლავის სიკვდილის შედეგად ფორმირებასა და ასეთი მასის მიზიდვას ვერ მოასწრებდა. მიიჩნევა, რომ კოსმოსის განვითარების ამ ეტაპზე შავი ხვრელები შესაძლოა, მატერიის პირდაპირი გრავიტაციული კოლაფსისას გაჩენილიყო.
არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მსგავს შავ ხვრელებს სამყაროს შემადგენელი მატერიის რეიონიზაციაში გარკვეული წვლილი მიუძღოდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარი რადიაციის წყაროს, რომელმაც კოსმოსში სინათლის თავისუფლად გადაადგილება გახადა შესაძლებელი, მეცნიერები დიდი ხანია, ეძებენ.
GN-z11 სწორედ აღნიშნული პერიოდის უძველესი გალაქტიკაა, რომელშიც ცენტრალური შავი ხვრელი დაფიქსირდა. თუ მსგავსი კაშკაშა გალაქტიკები მაშინ გავრცელებული იყო, ეს რეიონიზაციის ახსნაში დაგვეხმარება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები