3 ქართველი სპორტსმენი, რომელმაც არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ საუკეთესო წინ არის
თუ ცნობილი სპორტსმენების წარმატების საიდუმლოს ამოხსნას შეეცდები, მიხვდები, რომ მათ მიღწევებში, ნიჭთან ერთად, უდიდეს როლს შემართება თამაშობს.
ბუნებრივია, გამარჯვებებთან ერთად მათ ცხოვრებასა და კარიერასაც თან ახლავს მარცხი — თუმცა, ამ ადამიანების სუპერძალა სწორედ იმაშია, რომ ისინი არასდროს ნებდებიან და მუდმივად წინ მიიწევენ.
მუდმივი წინსვლისკენ მოგვიწოდებს საქართველოს ბანკის ახალი კამპანიაც — საუკეთესო წინ არის. ვიდეორგოლი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ იმედის ქონა და მიზნისკენ სწრაფვა აუცილებლად მოიტანს შედეგს.
ამ სტატიაში იმ შეუჩერებელი 3 ქართველი სპორტსმენის შესახებ გიყვებით, რომელთა თითოეული ნაბიჯი ყოველთვის გვაფიქრებინებდა, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.
ხვიჩა კვარაცხელია
კვარა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენია. მან კარიერა 2017 წელს თბილისის დინამოში დაიწყო და მალევე საფეხბურთო კლუბ რუსთავში გადავიდა.
2019 წლიდან ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა რუსეთში გააგრძელა, ხოლო 2022 წელს რამდენიმე თვით დაბრუნდა სამშობლოში და ბათუმის დინამოს შემადგენლობაში ჩაირიცხა. 2022 წლის 1 ივლისს კი ოფიციალურად ნაპოლის ფეხბურთელი გახდა და მისმა სატრანსფერო ღირებულებამ დაახლოებით 12 მილიონი ევრო შეადგინა.
კვარაცხელიამ ნაპოლში სულ მალე დაიკავა ღირსებული ადგილი და კლუბის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. მის მიერ 2022–23 წლების სეზონის სერია A-ს 26-ე ტურში, ატალანტას კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
რაც მთავარია: მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია უკვე შემდგარი ფეხბურთელია და მისი მიღწევებიც შთამბეჭდავად გამოიყურება, არავის გვეპარება ეჭვი, რომ მასთან დაკავშირებული საუკეთესო ამბები ჯერ კიდევ წინ არის.
ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეა, რომლის კარიერაც შთამბეჭდავია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც.
სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის — ის მსოფლიოს ხუთგზის, საბჭოთა კავშირის ხუთგზის, საქართველოს მრავალგზისა და თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ამასთან, ის ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელია.
ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება პირველად 1961 წელს მოიპოვა და ერთი წლის შემდეგ გამართულ ტურნირზე გამანადგურებელი ანგარიშით (9:2) დაამარცხა ელიზავეტა ბიკოვა. მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 21 წლის ასაკში მოიპოვა და მეხუთე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამის შემდეგ ნონამ ჩემპიონობის ტიტული კიდევ 4-ჯერ შეინარჩუნა — სამჯერ მოუგო ალა კუშნირს და 1975-ში დაამარცხა ნანა ალექსანდრია.
აღსანიშნავია, რომ გაფრინდაშვილი წარმატებით ასპარეზობდა ვაჟთა ტურნირებშიც. მან არაერთი შეხვედრა ჩაატარა კაც მოჭადრაკეებთან, მათ შორის, დიდოსტატებთან და მათზე გამარჯვება მოიპოვა.
მან მთელი ცხოვრება ჭადრაკს მიუძღვნა და საკუთარი ნიჭით, შეუპოვრობითა და ბრძოლის ჟინით ყველა მიღწევისას დაამტკიცა, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ იყო.
ნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 9-ჯერ მიიღო მონაწილება. მეტიც, ის 2024 წლის ზაფხულის თამაშებზე ჩემპიონობისთვის მეათედ იბრძოლებს.
ლეგენდარული ქართველი მიზანში მსროლელი მსოფლიომ 1988 წლის თამაშებიდანვე გაიცნო, როცა ნინომ ოქროს მედალთან ერთად 10 მეტრიდან ტყვიის სროლაში ვერცხლის მედალიც მოიპოვა. 2008 წელს პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ნინოსთვის რიგით მე-6 იყო, ქართველმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი და 9 ოლიმპიური თამაშის მონაწილე, ნინო სალუქვაძე, ასევე მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. კარიერის განმავლობაში ნინო სალუქვაძემ მსოფლიო რეკორდები 20-ჯერ დაამყარა, ხოლო მიზანში სროლის მსოფლიო ჩემპიონატი 7-ჯერ მოიგო. რაც შეეხება თასის გათამაშებებს, ქართველი ჩემპიონი მსოფლიო თასების გათამაშების 17-გზის გამარჯვებულია, მსოფლიო სუპერ თასის გათამაშების კი 9-გზის მფლობელი.
ნინო სალუქვაძე ტყვიის მსროლელთა ქალთა ეროვნული ნაკრების ლიდერია და საქართველოს სახელით არაერთ შეჯიბრში ასპარეზობს. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ის ყოველთვის ამტკიცებს, რომ მისი საუკეთესო მიღწევები ჯერ კიდევ წინ არის.
საიდუმლო არ არის, რომ სპორტი, ისევე როგორც ცხოვრება, სავსეა წინააღმდეგობებით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ დაეცემი, რადგან ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ნებისმიერი კრიზისის შესაძლებლობად გარდაქმნა შეგიძლია. დაიმახსოვრე: შრომითა და შეუპოვრობით ყოველთვის შეძლებ დაამტკიცო, რომ საუკეთესო წინ არის.
კომენტარები