კანდიდატის სტატუსი — როგორია Gen Z თაობის სურვილები და მოლოდინები
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მალე გავიგებთ, მიიღებს თუ ვერა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამ სტატიაში გაიგებთ, რას ფიქრობენ ახალგაზრდები, როგორია მათი სურვილები და მოლოდინები.
Gen Z თაობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში 7-9 მარტის აქციების დროს მოექცა, როცა ათასობით ადამიანი, რუსთაველის გამზირზე, რუსულ კანონს აპროტესტებდა. მაშინ, ბოლო წლების განმავლობაში პირველად და ძალიან ხმამაღლა გაისმა ახალგაზრდების ხმა. ცხადი და მკაფიო გახდა, რომ ყველაფერი ესმით, ყველაფერს ხედავენ და ზუსტად იციან, როგორ ქვეყანაში (არ) უნდათ ცხოვრება.
მარტის აქციების დროს ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდები, რომლებიც წყლის ჭავლზე ხტუნაობდნენ, სამართალდამცავებს ყვავილებსა და ტკბილეულს სთავაზობდნენ და სირენების ხმაზე ცეკვავდნენ. პროტესტის ამ სრულიად ახლებური ფორმით, რომელიც ერთი შეხედვით, არასერიოზული ჩანს, Gen Z თაობამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა — ისინი ირჩევენ ევროპას და არა რუსეთს.
რატომ ირჩევს Gen Z თაობა ევროპულ მომავალს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, თორნიკე ელაშვილი გერმანიაში მუშაობის გამოცდილების შესახებ გვიყვება. ის ამბობს, რომ ნახა როგორია იქ სამუშაო პირობები, ანაზღაურება და კიდევ უფრო განუმტკიცდა რწმენა, რომ უკეთესი მომავალი სწორედ ევროპაშია. მისი თქმით, ევროკავშირში წევრობის შემთხვევაში, არ ექნება შიში, რომ მიუხედავად მისი მიზანდასახულობისა და შრომისმოყვარეობისა, შეიძლება, საკუთარი თავის რეალიზება ვერ შეძლოს.
თორნიკე იმასაც აღნიშნავს, რომ გერმანიაში ყოფნისას არ ჰქონია უცხო გარემოში ყოფნის განცდა, რადგან ევროპაში ყოფნა, მართლაც "შინ" ყოფნას ნიშნავს.
განვითარების უფრო მეტ პერსპექტივას ხედავს ევროპაში ლინდა ცინცაძეც, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. ის ევროპაში ხედავს იმ შესაძლებლობებს, რაც მისი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია.
"ჩვენს უნივერსიტეტებში არ არის შესაბამისი რესურსი, რომ ჩაატარო ექსპერიმენტი. ძალიან პრიმიტიული, საბჭოთა დროინდელი ხელსაწყოებით გვიწევს ცდების ჩატარება", — ამბობს ის.
ლინდა წუხს, რომ მიუხედავად სურვილისა და მოტივაციისა, საქართველოში რთულია პროფესიული წარმატების მიღწევა, განსაკუთრებით სამეცნიერო სფეროში. ევროპაში არსებული განათლების სისტემა კი იძლევა იმის საშუალებას, ბოლომდე მიიყვანო დაწყებული კვლევა.
თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერებათა სტუდენტი, სოფო ბურძენიძეც ყურადღებას განათლებაზე ამახვილებს. ფიქრობს, რომ ევროკავშირში ყოფნის შემთხვევაში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.
"საზოგადოებაში განათლების ხარისხის გაზრდა, შემდეგ, გადაითარგმნება სოციალურ კეთილდღეობაში, ეკონომიკურ განვითარებაში და ზოგადად, ცხოვრების უკეთეს სტანდარტებში", — აღნიშნავს ის.
სოფო ევროკავშირში ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებსაც ხედავს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ კანდიდატის სტატუსი არ არის ევროკავშირის წევრობის გარანტია და სტატუსის მიღების შემდეგაც დიდი გზა გვექნება გასავლელი.
"ეს იქნება ერთგვარი წამახალისებელი ჯილდო, რომ უკეთესად გავაგრძელოთ დემოკრატიული რეფორმების გატარება", — ამბობს ის.
ხატია კახიძე კი GIPA-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციების სტუდენტია. ამჟამად Erasmus-ის გაცვლითი პროგრამით ბელგიაში სწავლობს. ამბობს, რომ ახლა, როცა ევროპაშია, უფრო მეტად გაუმძაფრდა სურვილი, რომ იმ სიკეთეებით სარგებლობა, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, შინ, თავის ქვეყანაშიც შეეძლოს.
ის, რაც ევროკავშირში ყველაზე მეტად მოსწონს, ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილებაა. გვიყვება, რომ ბელგიაში სწავლის პარალელურად, უკვე მოახერხა საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში მოგზაურობა.
სოფოს მსგავსად, ევროკავშირი მისთვისაც მშვიდობასა და სტაბილურობას უკავშირდება.
ხატია გვიყვება, რომ მუდმივად დაძაბულია და ხშირად, ახალი ამბების წაკითხვისაც ეშინია, რადგან ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და ყოველთვის ხდება რაღაც ცუდი. ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
როგორია Gen Z-ის მოლოდინები კანდიდატის სტატუსზე
სოფოს აზრით, ევროპული საბჭო ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ იდეის გარშემო ერთიანია. მისი ხედვით, ამის დასტურია 8 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციაც.
"თუნდაც, გავიხსენოთ ფოტო, რომელიც დასავლურმა მედიამაც ძალიან სწრაფად აიტაცა: ქალი ევროკავშირის დროშით, რომელსაც მეგობრები მხარში უდგანან და ცივი წყლის ჭავლს არ უშინდებიან", — სოფო მარტის აქციებს ერთ-ერთ მთავარ გმირს, ნანა მალაშხიასაც იხსენებს.
მისი აზრით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს ევროკავშირის წევრობის სურვილს, არამედ მზად არის ევროპული ღირებულებების დასაცავად. სოფო იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ამას გაითვალისწინებს.
დადებითი წინასწარგანწყობა აქვს თორნიკესაც. ფიქრობს, რომ შეუძლებელია ევროკავშირმა ვერ გაიგოს ქართველი ხალხის ხმა. იმედის საფუძველს უქმნის პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტებიც ევროპის დედაქალაქებში სტატუსის მხარდასაჭერად და მისი ინიციატივით დაწყებული პროევროპული კამპანია.
მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ ევროკავშირისგან მიღებული რეკომენდაციები არ შეგვისრულებია. საუბრობს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებზეც.
"ევროკავშირს არ სჭირდება მეორე უნგრეთი", — ამბობს ის, — "ამიტომ სტატუსის მიღების შემდეგ, საჭიროა, სრულფასოვნად შევასრულოთ რეკომენდაციები და გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები".
ჩვენი რესპონდენტები, გარდა დადებითი მოლოდინებისა, თავიანთ შიშებსაც გვიზიარებენ. ღელავენ, რომ სტატუსის ვერმიღების შემთხვევაში, ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა გაძლიერდება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ, რომ ევროპული მომავლის დასაცავად ყოველთვის მზად არიან.
"ვიქნები ყოველთვის დასავლური ღირებულებების ერთგული და ვეცდები, რომ საქართველომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ახლა თუ არა, მომავალში მაინც გადადგას", — ამბობს სოფო ბურძენიძე.
კომენტარები