ხვალ, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება გაფართოების შესახებ, რომელშიც გასცემენ რეკომენდაციას, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

8 ნოემბერი — პირველი ეტაპი

"ეს გადაწყვეტილება 2 ეტაპისგან შედგება, პირველი არის ტექნიკური, მეორე — პოლიტიკური", — უთხრა On.ge-ს ვანო ჩხიკვაძემ, ფონდ ღია საზოგადოება — საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, — "ტექნიკური ეტაპი იქნება ხვალ, 8 ნოემბერს, შეაფასებენ, თუ რა გაკეთდა საქართველოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით".

რას შეაფასებს ევროკომისია: 12-პუნქტიანი გეგმის გარდა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოსთხოვა, 35 თავისგან შემდგარ დოკუმენტში შეფასებული იქნება ქვეყნის პროგრესი სხვადასხვა პარამეტრით.

  • "ამის საფუძველზე, სავარაუდოდ, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ან არ მიენიჭოს, ან — მიენიჭოს გარკვეული პირობებით", — ამბობს ჩხიკვაძე.

დეკემბერი — მეორე ეტაპი

გადაწყვეტილების მეორე, ანუ პოლიტიკური ნაწილი დეკემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

  • "14-15 დეკემბერს არის დანიშნული ევროპული საბჭო, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს და ისინი იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
  • შესაძლებელია, გაიზიარონ [ევროკომისიის] რეკომენდაცია, შეიძლება — არ გაიზიარონ. საბოლოო სიტყვა უკვე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებზეა" , — თქვა ვანო ჩხიკვაძემ.

შესაძლებელია თუ არა, ევროკავშირის წევრი გახდეს ქვეყანა, თუ მას სტატუსი არ აქვს:

ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რომ — არა.

  • კანდიდატის სტატუსის მიღება ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი და წინაპირობაა ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
  • გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების თაობაზე, ერთი მხრივ, პოლიტიკურია და ამავდროულად, ქვეყანას აძლევს წვდომას ფინანსურ რესურსებზე.

რას გულისხმობს წვდომა ფინანსურ წყაროებზე: ეს არის ფინანსური რესურსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, გაწევრიანების პროცესში საჭირო რეფორმების გასატარებლად.

  • ეს გაწევრიანების წინა ინსტრუმენტი, ჯერჯერობით, არც მოლდოვისთვის და უკრაინისთვის გახსნილა.

რა გააკეთა საქართველომ სტატუსის მოსაპოვებლად

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, მოლდოვასთან ერთად წარადგინა. საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს გაუგზავნა.

  • 2022 წლის ივნისში ევროპულმა კომისიამ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი — ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინაპირობა დაუწესა – 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება.

სტრიქონებს შორის: რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური გზავნილების გავრცელება დაიწყო.

  • 2022 წლის თებერვალში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეიტანა უკრაინამ, თუმცა არა — საქართველომ.
  • 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
  • 2022 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამას მოჰყვა ათობით ათასი მოქალაქის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.

რას ითვალისწინებს რეკომენდაციების 12 პუნქტი

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი შეასრულებს შემდეგ პუნქტებს:

1. გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით;

2. უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა,
გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება;

3. მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე
და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს დამოუკიდებელი, დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება;

4. გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც
თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას;

5. დეოლიგარქიზაციის პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული
იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო
ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით;

6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება;

7. უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა
წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების
შემთხვევებზე;

8. სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა
დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით;

9. გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ;

10.უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;

11.მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები
პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;

12.უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ.