მოლდოვის, სომხეთის და საქართველოს შშმ პირთა ორგანიზაციები ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის — კვლევა
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის რეგიონში პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციებთან ერთად — უნისონი (სომხეთი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის ასოციაცია (მოლდოვა) ახორციელებს პროექტს "მოლდოვის, სომხეთის და საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის".
შემდგარი კონსორციუმის ძირითადი მიზანია, აღნიშნულ ქვეყნებში შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის იმპლემენტაციის ხარისხის შესწავლა, კანონმდებლობის ხელშეწყობა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც ეროვნულ ასევე, საერთაშორისო დონეზე.
პროექტის ფარგლებში კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით მოამზადა კვლევა, რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებასა და შშმ პირთა უფლებების ეფექტურად დაცვას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მიღებით დაადასტურა მზაობა გააუმჯობესოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება, ეროვნული კანონებითა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დონე მნიშვნელოვნად დაბალია.
ჩატარდა როგორც რაოდენობრივი ისე თვისებრივი კვლევა
ჩატარებულმა რაოდენობრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აქვთ სრულყოფილი ცოდნა საერთაშორისო თუ საქართველოში არსებულ სამართლებრივ დოკუმენტებზე და მათი გამოყენების მექანიზმებსა და მონიტორინგზე.
მაგალითად, გამოკითხულთა 60.2%-ს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ არის ჩანაწერი ჟესტური ენის აღიარებასთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში, გარდა რაოდენობრივი კვლევისა გამოყენებული იყო თვისებრივი კვლევის მეთოდებიც, რომელმაც უფრო გამოააშკარავა პრობლემის აქტუალობა.
გარდა ამისა, შეიქმნა ფოკუს-ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც დისკუსია 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის 15 წარმომადგენელთან (6 კაცი, 9 ქალი) ჩატარდა, რომლებსაც აქვთ ცოდნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამართლებრივი ადვოკატირება, მისაწვდომობა, დასაქმება, განათლება და ჯანდაცვა და.ა.შ. ისინი ყოველდღიურად თავიანთ რეგიონში აწვდიან სერვისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათი ოჯახის წევრებს და ეხმარებიან მათ საჭირო ინფორმაციის მიღებაში.
შედეგად გამოვლინდა, რომ მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯერ კიდევ ძალიან დაბალი და არაეფექტურია, რადგან მათ არ მოიაზრებენ საკითხის ექსპერტებად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ხარვეზებია კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესებში.
ფოკუს-ჯგუფის ანალიზისას გამოიკვეთა მიგნებები როგორც მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით და სამართლებრივ და პოლიტიკის დოკუმენტებზე ინფორმაციულობის არსებობის ხარისხზე, ისე მუნიციპალიტეტში შშმ პირთა სხვადასხვა გამოწვევებზე.
კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები
ქვეყანაში მთავარ გამოწვევებად მაინც რჩება კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის პრობლემა, რაც გეგმებისა და სტრატეგიების არარსებობითაა გამოწვეული. ეს კი, შესაბამისად, ხელს უშლის მისაწვდომი გარემოსა და სერვისების ჩამოყალიბებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
გარდა ამისა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა შშმ პირთა საკითხებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე. თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეხედულებები კი, სახელმწიფოს მხრიდან უმეტესწილად არ არის გათვალისწინებული, რაც არაეფექტური შედეგების დადგომას იწვევს.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საფუძვლიანი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებშიც. განსაკუთრებით, გადამკვეთი იდენტობების მქონე პირთა ჩართულობა, ვინაიდან, მათი საჭიროებები არ არის პრიორიტეტულად განხილული.
ამიტომაც, აუცილებელია სახელმწიფო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და სისტემურად შეიცვალოს მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, ხოლო მათი საჭიროებები აღქმული იყოს პრიორიტეტულად.
გარდა ამისა, დაჩქარდეს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ცენტრალურ დონეზე. ვინაიდან, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების მიმართ, კანონით დასახული შედეგის მიღწევა შენელებულია ყველა მიმართულებით.
ორგანიზაციის შესახებ
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ნებისმიერი ადამიანისთვის პოტენციალის გამოსავლენად თანაბარი პირობები შექმნას და მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ამის მისაღწევად, ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ მასში დამკვიდრებული ტრადიციული ხედვები თანამედროვე მიდგომებით ჩაანაცვლოს, რაც გულისხმობს: შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება, ფიზიკური გარემო, კანონმდებლობა და არა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცალკეული ადამიანი.
კერძოდ, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ცდილობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას და ინსტიტუციურ განვითარებას, რომელთა საქმიანობაც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი სამოქალაქო უფლებებისა და შესაძლებლობების დაცვასა და მომსახურებაზე.
კოალიცია საერთაშორისო ნორმებსა და კონვენციაზე დაყრდნობით, ცდილობს ხელს შეუწყოს კანონმდებლობისა და აღსრულების სახელმწიფო სისტემის სრულქმნას, აგრეთვე, ფიზიკურ გარემოში უნივერსალური დიზაინის დანერგვასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის პოპულარიზაციას.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აღიარებს თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამოუკიდებელი და ღირსეული თანაცხოვრების უფლებას საზოგადოებაში.
კომენტარები