მას შემდეგ, რაც საფრანგეთი სომხეთისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა, ალიევმა ფაშინიანთან შეხვედრა გააუქმა
აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, APA ირწმუნება, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთის სამხედრო დახმარების შეთავაზების გამო, ალიევმა გააუქმა ფაშინიანთან შეხვედრა, რომელიც გრანადაში უნდა გამართულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს მედიის ცნობები გრანადაში შეხვედრის გაუქმების შესახებ ჯერ არ დაუდასტურებია, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის არშედგომის გამო იმედგაცრუება გამოთქვა.
"ჩვენ წავალთ, წარმოვადგენთ ჩვენ შეხედულებებს", — განაცხადა ფაშინიანმა ოთხშაბათს.
სამშაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ თქვა, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა და ხელი მოეწერა დოკუმენტს, რაც შესაძლებელს გახდის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას სომხეთში. სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს "უსაფრთხოების უზრუნველყოფაში" დაეხმაროს სომხეთს.
მანვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, დამატებითი დეტალების გამჟღავნება არ შეუძლია, თუმცა მისი ვიზიტი მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ საფრანგეთი იქნება "ფხიზლად" ნებისმიერი საფრთხის წინაშე, რაც სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრება.
მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სომხეთის პარტნიორებს" არასდროს მოუთხოვიათ მათი გასვლა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. ეს არის საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს.
კოლონა ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და დაჰპირდა 12,5 მლნ ევროს (13 მლნ აშშ დოლარი) ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღიდან წამოსულ ლტოლვილებისთვის. კოლონამ დაამატა, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, უფრო მეტი დახმარებაც იქნება.
პარიზმა, კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ "იკვლევდა" სომხეთის თავდაცვის საჭიროებებს.
29 სექტემბერს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ თქვა: "ჩვენ გავხსენით თავდაცვის მისია სომხეთში, რომელიც მანამდე არ არსებობდა და რომელიც საშუალებას გვაძლევს, სომხეთის სამხედროებთან და ხელისუფლებასთან გვქონდეს ყოველდღიური დიალოგი. მისია განსაკუთრებით სასარგებლოა, აუცილებლობის შემთხვევაში მათი საჭიროებების შესასწავლად".
"ვფიქრობ, მე ვარ შეიარაღებული ძალების პირველი მინისტრი, რომელსაც ამდენი კონტაქტი ჰქონდა ჩემ სომეხ პარტნიორებთან".
ლეკორნუმ გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, სიტყვები იმის შესახებ, რომ "სომხური მოსახლეობის მთლიანობა, სუვერენიტეტი და დაცვა, საფრანგეთის აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს".
ფრანგმა მინისტრმა, ასევე განმარტა, რომ საფრანგეთი სამხედრო გზით არ ჩაერევა აზერბაიჯანის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ განიხილავს სომხეთის საჭიროებებს "თავის დასაცავად".
ბაქომ, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეთავაზება, სწრაფადვე დაგმო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარიზი "მორიგი აგრესიის" წაქეზებაში დაადანაშაულა.
"საფრანგეთისთვის, ჩვენს რეგიონში ჩარევის როგორც წინა მცდელობებისას, ისე ახლაც, ნათელი უნდა იყოს, ამ ტიპის ძალისხმევის გარდაუვალი წარუმატებლობა", — ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობები შეხვედრის გაუქმებაზე ბაქოს ჯერ არ დაუდასტურებია. მაგრამ APA კერძო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ალიევმა რამდენიმე მიზეზით თქვა უარი: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზება, გერმანიის და საფრანგეთის უარი შეხვედრაში თურქეთის პრეზიდენტის მონაწილეობაზე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებები
ღონისძიება, რომლის შესახებაც ივლისში გახდა ცნობილი, ითვალისწინებდა ორი ლიდერის შეხვედრას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ერთად.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები