აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარე დააკავა
აზერბაიჯანმა სამშაბათს სამი ყოფილი პრეზიდენტი და მთიანი ყარაბაღის პარლამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი დააკავა, რის შედეგადაც დაკავებული ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირების რაოდენობა რვამდე გაიზარდა.
სამშაბათს აზერბაიჯანმა დააკავა მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი პრეზიდენტი: არაიიკ ჰარუთუნიანი (2020-2023), არკადი ღუკასიანი (1997-2007) და ბაკო საჰაკიანი (2007-2020). ასევე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, დავით იშხანიანი. ისინი ბაქოში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანის სამთავრობო პრესის სააგენტო APA იტყობინება, რომ ისინი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა და ბაქოში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. 1991 წლიდან მთიანი ყარაბაღი თითქმის ყველა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარა. შესაბამისად, აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღის მთავრობაში მუშაობას დანაშაულად მიიჩნევს. დაკავებულთა ნაწილს, ასევე, ყარაბაღის პირველი ომის დროს სამხედრო დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად.
ოთხშაბათს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "მკაცრად დაგმო" მთიანი ყარაბაღის ოფიციალური პირების დაკავება.
სამინისტრომ განაცხადა, რომ მიუხედავად აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის ოფიციალური პირების შეხვედრისა, ასევე აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების განცხადებებისა, რითაც ადასტურებენ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებების პატივისცემასა და მათი დაცვის ვალდებულებას, რეგიონში მშვიდობის დამყარებას, "თვითნებური დაპატიმრებები" მაინც გრძელდება.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ სომხეთი "ყველა შესაძლო ნაბიჯს" გადადგამს, რათა დაიცვას მთიანი ყარაბაღის "არაკანონიერად დაკავებული" ოფიციალური პირების უფლებები. მათ შორის, ეს იქნება არსებული საქმეების საერთაშორისო სასამართლოებში გადატანა. მან მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, საკითხის გადასაწყვეტად მიმართონ აზერბაიჯანს და საერთაშორისო პლატფორმებს.
24 სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც რეგიონის მოსახლეობამ სომხეთში გაქცევა დაიწყო, აზერბაიჯანმა ლაჩინის საგუშაგოზე დააკავა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რუბენ ვარდანიანი; თავდაცვის არმიის ყოფილი სარდალი, ლევონ მნაცაკანიანი და შეიარაღებული ძალების ყოფილი მოადგილე, დავით მანუკიანი. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დავით ბაბაიანი კი აზერბაიჯანს, 28 სექტემბერს ჩაბარდა.
იმავე დღეს, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სახელმწიფო ორგანოებს სჭირდებოდათ ზომების მიღება "თვითნებურად დაპატიმრებული" ადამიანების უფლებების დასაცავად ლაჩინის საგუშაგომდე და მის შემდეგაც.
მან დაკავებები დაახასიათა, როგორც "შემაშფოთებელი" და თქვა, რომ სიტუაციის გაანალიზებით მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა, უახლოეს დღეებში დატოვებს რეგიონს.
28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ვიტალი ბალასნიანმა უარყო თავისი დაკავება და განაცხადა, რომ მას არ უცდია სომხეთში გადასვლა და აპირებდა მთიან ყარაბაღში დარჩენას.
მთიანი ყარაბაღის სხვა ოფიციალურმა პირებმა წარმატებით მიაღწიეს სომხეთს. სამშაბათს, რეგიონის სახელმწიფო მინისტრმა, არტურ ჰარუთუნიანმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, არარატ მელკუმიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, კარენ სარგსიანი და პრეზიდენტის აპარატის უფროსი, სომხეთში აზერბაიჯანის საგუშაგოს გავლით ჩავიდნენ. ოთხშაბათს კი მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სამველ შაჰრამანიანიც ჩავიდა.
სტეფანაკერტი "მიტოვებული" და "სიურრეალისტური"
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ სტეფანაკერტში მხოლოდ "რამდენიმე ასეული" ადამიანი დარჩა, მათ შორის ავადმყოფები, შშმ პირები და მოხუცები.
ICRC-ის გუნდის ხელმძღვანელმა, მარკო სუჩიმ, რეგიონის დედაქალაქის ცარიელი ქუჩები აღწერა, როგორც "სიურეალისტური" და განაცხადა, რომ ქალაქი "სრულიად მიტოვებული" იყო.
ორშაბათს ღამით, პოლიცია და სამაშველო სამსახური, მომსახურე ტექნიკითა და სახანძრო სატვირთო მანქანებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გაემგზავრა. მათ განაცხადეს, ბოლო დღეებში აზერბაიჯანის თავდასხმისა და საწვავის საწყობის აფეთქებისას დაღუპულთა ცხედრების ძებნამ "შედეგი ვერ გამოიღო".
ერთი კვირისა და შემდეგი დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ჩაბარდა, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა რეგიონი. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, არტაკ ბეგლარიანმა შაბათს განაცხადა, რომ რეგიონში მაქსიმუმ რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა და ისინიც ტოვებენ ყარაბაღს.
მიუხედავად იმისა, რომ ომამდე, ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობა, დაახლოებით, 120 000-ს ადამიანს შეადგენდა, გაურკვეველია, ამჟამად რა რაოდენობაა დარჩენილი რეგიონში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები