სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება DFRLab-თან პარტნიორობის ფარგლებში. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა. ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ღია წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს გარშემო.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია შეიცავს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე — ბმულებს გრაფიკულ მასალაზე.

2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის სომხურ დასახლებაზე თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე DFRLab-მა 70-ზე მეტი სომხური და აზერბაიჯანული Telegram ანგარიში გამოავლინა, რომლებიც სიძულვილის ენას ავრცელებდნენ და მოწინააღმდეგის მიმართ ძალადობას ახალისებდნენ. ეს არხები სისტემატურად იყენებდნენ ძალადობრივ ენას და მოწინააღმდეგის მიმართ გამოჩენილ აგრესიის აქტებს ზეიმობდნენ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო უკვე სამ ათწლეულს ითვლის. ამ პერიოდში რეგიონმა ორი დიდი ომი გადაიტანა. პირველი ომი ექვს წელს გაგრძელდა და 1994 წელს დასრულდა, მეორემ კი 2020-ის შემოდგომაზე ექვსი კვირა გასტანა. დამატებითი შეტაკებები 2022 წლის სექტემბერში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ე.წ. ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და არცახის რეგიონიდან ეთნიკურად სომეხი ჯარისკაცების გაყვანა და ყარაბაღის სომხური მთავრობის დაშლა მოითხოვა. მომდევნო დღეს ყარაბაღის მთავრობა სამხედრო ძალების განიარაღებასა და აზერბაიჯანთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის ოფისის ცნობით, სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 200 ადამიანი, მათ შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე დაშავდა 400-ზე მეტი პირი. ეს რიცხვები დამოუკიდებლად დადასტურებული არაა.

სომხეთიც და აზერბაიჯანიც სოციალურ მედიას სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ საერთაშორისო აუდიტორიისათვის საკუთარი ხმის მისაწვდენად. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ ტელეგრამი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა გრაფიკული ფოტოების, ვიდეოებისა და ძალადობრივი მოსაზრებების გასავრცელებლად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სიძულვილის ენას განმარტავს, როგორც "გამოხატვის ნებისმიერ ფორმას: სიტყვას, ნაწერს ან ქცევას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს შუღლის გაღვივებას რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რასის, კანის ფერის, სქესის თუ იდენტობის სხვა ნიშნით".

კონფლიქტის კონტექსტში სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აღნიშნავს:

ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მავნებელი ინფორმაციის გავრცელების მასშტაბებსა და სიჩქარეზე. ეს განსაკუთრებულად საყურადღებოა კრიზისულ სიტუაციაში, სადაც გავრცელებულ ინფორმაციას დინამიკისა და ქცევის შეცვლა შეუძლია როგორც საბრძოლო ველზე სამხედრო ძალებისათვის, ასევე — მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული ჯგუფებისათვის.

DFRLab-ის ანალიზმა გამოარკვია, რომ ტელეგრამზე ანონიმური არხების ადმინისტრატორები ღირსების შემლახველ ენას იყენებდნენ, რათა კონფლიქტი გაემწვავებინათ და მოწინააღმდეგის მიმართ გამოჩენილი სისასტიკე გაემართლებინათ. პოსტები ხშირად შეიცავდა ორივე მხრიდან დაღუპული ჯარისკაცების ფოტოებს, რომელთაც დართული ჰქონდათ სიხარულის გამომხატველი ფრაზები. არხები მიზანში იღებდნენ ასევე ლგბტქ+ თემსა და ქალებს, მათ შორის სექსუალური ძალადობის მუქარის კონტექსტში.

მეთოდოლოგია

DFRLab-მა შესასწავლ საგნად ტელეგრამი რეგიონში ფართო პოპულარობისა და კონტენტთან დაკავშირებული პოლიტიკის არასათანადო აღსრულების გამო აირჩია. პლატფორმა ოფიციალურად კრძალავს ძალადობისკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას, თუმცა პრაქტიკაში ეს პრინციპები არ არის დაცული. ანალიტიკური კომპანია Similar Web-ის 2023 წლის იანვრის კვლევის მიხედვით, ტელეგრამი სომხეთში ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო აპლიკაციაა, აზერბაიჯანში კი მე-3 ადგილს იკავებს. ტელეგრამის პოპულარობა აზერბაიჯანში მინიმუმ 2020 წლიდან დაიწყო, იმავე წლის შემოდგომაზე ომის დროს პლატფორმა კიდევ უფრო ცნობილი გახდა, მოგვიანებით კი დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის გასავრცელებელ საშუალებად იქცა.

Telegram-ის ანალიტიკური ინსტრუმენტის, TGStat-ის გამოყენებით, DFRLab-მა 68 არხი გამოარჩია: 32 პროაზეირბაიჯანული და 36 — პროსომხური. არხების შექმნის თარიღები 2017 წლის აპრილიდან 2023 წლის ივნისამდე მერყეობს. ექვსი არხი პროაზერბაიჯანული კლასტერიდან და ერთი პრო-სომხური კლასტერიდან მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს შეიქმნა (2020 წლის 27 სექტემბერი - 10 ნოემბერი).

TGStat-ის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში მომხდარმა სამხედრო შეტაკებებმა არხებით დაინტერესება კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. მაგალითად, პროსომხური არხის VardanGukasyan-ის გამომწერების რაოდენობა 2022 წლის 13 სექტემბერს შეტაკებების პირველ დღეს 59 229-დან 123 991-მდე გაიზარდა.

სურათზე ხედავთ ყველაზე დიდი პროსომხური ტელეგრამ არხის, VardanGukasyan-ის გამომწერების ზრდის დინამიკას. 2022 წლის 13 სექტემბერს მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება — ეს სწორედ ის დღეა, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი გამწვავდა.

ფოტო: DFRLab via TGStat/archive

ამავე დღეს პროაზერბაიჯანული არხის, Caliber-ის გამომწერების რიცხვმა 33 313-დან 48 495-მდე იმატა.

სურათზე ხედავთ გამომწერების ზრდის დინამიკას პროაზერბაიჯანული არხის, Caliber-ისათვის. არხს ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა სამხედრო კონფლიქტის განახლების პირველ დღეს, 2022 წლის 13 სექტემბერს.

ფოტო: DFRLab via TGStat/archive

სიძულვილის ენის იარაღად გამოყენება

ორი ძირითადი კლასტერის იდენტიფიცირების შემდეგ DFRLab-მა TG Collector გამოიყენა – ინსტრუმენტი, რომელიც პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტებსა და არხებს აკლასიფიცირებს. ორივე კლასტერიდან 200 000-ზე მეტი პოსტის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა ექვსი ყველაზე ფართოდ გამოყენებული დამცინავი ეთნონაციონალური სიტყვა, რომელსაც ტელეგრამის არხები სიძულვილის გასამართლებლად ან წასახალისებლად იყენებდნენ.

ფოტო: DFRlab / On.ge

პოსტები, სადაც ნახსენები იყო "пейсары" (დამცირებული, უღირსი ადამიანი) პროსომხურ კლასტერში ყველაზე მეტ გამოხმაურებას იწვევდა. პოსტებმა, სადაც ნახსენები იყო "Баран" (ცხვარი) 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა, ხოლო პოსტებს, რომლებიც შეიცავდა "Ашот"-ს (სომხების აღსანიშნავად გამოყენებული განზოგადებული სახელი), 1.7 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციული ტერმინები უმეტესად სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან არის ნაწარმოები, პოსტების ძირითადი ენა მაინც რუსულია — სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს ენა ორივე ქვეყანაში იციან.

ერთ-ერთი ანტისომხური ტერმინი, Ашот (Ashot / აშოტი) მთელი სომეხი ხალხის აღსაწერად გამოიყენება. მაგალითად, ტელეგრამის არხი Большой брат (დიდი ძმა) ირწმუნება, რომ "არ არიან აშოტები — არ არის პრობლემა". ამავე არხის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე კი ვხედავთ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს აშშ-ის მდივან ენტონი ბლინკენთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვთან. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: "თქვენი სახეები, როცა გაიგეთ, რომ ღამე ოთხი აშოტი წარმატებით მოიცილეს [მოკლეს] და იცით, რომ ეს ხვალაც გაგრძელდება".

ტელეგრამის ერთ-ერთი არხი Galib Efendi აცხადებს, რომ "სომხები არა მხოლოდ ყარაბაღში, არამედ საერთოდ კავკასიაში არ უნდა არსებობდნენ". კიდევ ერთი არხის კი აქვეყნებს ფოტოს, სადაც სავარაუდოდ სომეხი ჯარისკაცები პატარა ბიჭთან ერთად არიან გამოსახულები. ამ ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: სომეხი ტერორისტები ბასარგეჩართან ახლოს "ბავშვთან" ერთად. როცა ამ სამხედრო პუნქტს გაანადგურებენ, მერე სომხები ერთ ამბავს ატეხენ: "დაგვეხმარეთ, პატარა აშოტი მოკლეს". პოსტს დართული აქვს სამხედრო პუნქტის კოორდინატებიც, რითაც მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალებისათვის პოტენციური სამიზნე ხდება. კიდევ ერთი ტელეგრამ არხი Patriot ომში მოკლული სომეხი ჯარისკაცის საფლავის ფოტოს აქვეყნებს ამ აღწერასთან ერთად "აშოტის ტრაგიკული ისტორია. ის შიშში მოკვდა 2020-ში. ყველა აშოტი მიიღებს ტყვიას თავში".

ზოგ შემთხვევაში პროაზერბაიჯანული არხები სომხების სიკვდილს მათ შემწვარ ხორცთან შედარებით აღნიშნავენ. მაგალითად, ტელეგრამის არხის Злой Мамед-ის ერთ-ერთ პოსტს შემწვარი გოჭის ფოტო აქვს დართული, ზემოდან კი მიწერილია: "პატარა შემწვარი აშოტი, პატარა შებოლილი აშოტი, პატარა აშოტი, რომელსაც ცხოვრება უნდოდა".

ტელეგრამის პოსტების ნაკრები, სადაც სიტყვა Ashot (Ашот) სომხების დისკრიმინაციისათვის არის გამოყენებული

ფოტო: ზედა მარცხენა სურათი: Большой брат, ზედა მარჯვენა სურათი: Зангезурская Автономная Республика, ქვედა მარცხენა სურათი: PATRIOT, ქვედა მარჯვენა სურათი: Злой Мамед

კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც პროაზერბაიჯანული ტელეგრამის არხები სომხების გარდაცვალების "აღსანიშნავად" გამოიყენებენ არის Аствац — ღმერთი სომხურ ენაზე. აზერბაიჯანში მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის აღმსარებელია, სომხეთში კი უმეტესად ქრისტიანები არიან — ამ სიტყვის გამოყენება სწორედ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას ემსახურება. არხები Patriot და Kolorit ამ სიტყვას ზოგადად სომხების სინონიმად იყენებენ და როგორც წესი, სწორედ გარდაცვალების კონტექსტში [Аствац-ების აქამდე უცნობი ფოტოები და ა.შ].

ტელეგრამის პოსტების ნაკრები, სადაც სიტყვა Аствац (Astvats) სომეხი ჯარისკაცების სიკვდილის "საზეიმო" კონტექსტში აღსაწერად არის გამოყენებული.

ფოტო: ზედა მარცხენა ფოტო: Patriot, ზედა მარჯვენა ფოტო: Бez Masoк v42.1, ქვედა მარცხენა ფოტო: ХАЧЕРУБКА 18+, ქვედა მარჯვენა ფოტო: Злой Мамед.

მეორე მხრივ, პროსომხური არხები სიძულვილის ენის აღსანიშნავად ხშირად იყენებენ Баран-ს ანუ ცხვარს და ცხვრის ემოჯის, რითაც მოწინააღმდეგის სისულელესა და მორჩილებაზე მიანიშნებენ. მაგალითად, ერთ-ერთმა არხმა Hay Zenq-მა (სომხური იარაღი) სავარაუდოდ აზერბაიჯანელი ქალის ფოტოები და პერსონალური ინფორმაცია გამოაქვეყნა წარწერით "დროა, აღიაროთ, რომ ქალ ცხვრებსაც კი აღარ უნდათ peysars [დამცირებული კაცები], რომელთაც მამალი ცხვრების სუნი ასდით".

ტელეგრამის პოსტი, სადაც გამოქვეყნებულია სავარაუდოდ აზერბაიჯანელ ქალთან პირადი მიმოწერა ფოტოებისა და საკონტაქტო ინფორმაციის დართვით. აღწერაში ასევე ნათქვამია, რომ ქალი უხამსი სიტყვებით ითხოვდა პოსტის ავტორთან სექსუალური კავშირს.

ფოტო: Telegram

როგორც პროაზერბაიჯანული არხების შემთხვევაში, პროსომხური არხებიც ზეიმობენ მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების დაღუპვას. აზერბაიჯანული აუდიტორიის მიზანში ამოღების ცხადი შემთხვევაა არხი Ищи своих 21+ (იპოვეთ თქვენები AZ 21+), რომლის აღწერაშიც ნათქვამია: "აქ აზერბაიჯანელებს შეუძლიათ იპოვონ თავიანთი [მკვდარი] ნათესავები. აქ ჩაყარეთ აზერბაიჯანელების ცხედრები". არხის ერთ-ერთ პოსტი სავარაუდოდ გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის გრაფიკულ ფოტოს შეიცავს წარწერით "ცხვარი მოკვდა, თავი აღარაა". ტექსტში ვხედავთ თურქულ სიტყვა Yok-ს ("გაქრა"). კონფლიქტის ორივე მხარის არხები ხშირად სარგებლობენ სხვა ენიდან გადმოტანილი სიტყვებით, რომლებიც მოწინააღმდეგისათვის გასაგებია. სომხეთში თურქებთან დაკავშირებით ნეგატიური განწყობა ჭარბობს, სომხები ხშირად მოიხსენიებენ აზერბაიჯანელებს, როგორც "თურქებს" და თურქულ სიტყვებსაც ისევე იყენებენ დამამცირებელ კონტექსტში, როგორც — აზერბაიჯანულს.

არხი Հ:Ա:П (სომხური არიული სახელმწიფო) განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს დასახიჩრებული თუ მოკლული ჯარისკაცების ამსახველ უკიდურესად გრაფიკულ კადრებს და სიძულვილის ენის გამოყენებით აღვივებს კონფლიქტს. ერთ-ერთ პოსტში ნაჩვენებია აზერბაიჯანელი ჯარისკაცისათვის ყურის მოჭრა ტექსტით "ჯერ კიდევ თბილი აზერბაიჯანული ცხვრის გატყავება".

ტელეგრამზე გამოქვეყნებული გრაფიკული პოსტების კომპილაცია, სადაც გამოყენებულია სიტყვა "ცხვარი". ორივე შემთხვევაში არხის ადმინისტრატორები აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დასახიჩრებასა და მკვლელობას ზეიმობენ. სურათები სპეციალურად არის დაბლარული

ფოტო: მარცხნივ: ֍ Հ:Ա:Պ, მარჯვნივ:

პროსომხურმა არხმა Катакомбы Лабиринты (კატაკომბების ლაბირინთები) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანელი ვეტერანი, შშმ პირი ჩვილთან ერთად ზის და მას 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის გამოცდილებაზე უყვება. ვიდეოს აღწერაში ბავშვიც და ვეტერანიც დამამცირებელი სიტყვებით არიან მოხსენიებულები. "არცახის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი მონაწილე, მინი Shlyukhid (მეძავი / წამებული) წუწუნებს, რომ პენსია არ აქვს, სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს და საკუთარ piç-ს ვერაფერს აჭმევს ("ნაბიჭვარი" თურქულად). ეს Peysar ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდება, თავისი დებილი ბავშვის შეჭმა მოუწევს".

არხმა სომხურმა რადიკალმა მიზანში აზერბაიჯანის ლგბტქ+ თემი ამოიღო. ერთ-ერთ პოსტში არხი დასცინის ჟურნალისტ და ლგბტქ+ აქტივისტ ისმაილ ჯალილოვს. "აზერბაიჯანელი "ჟურნალისტი" ისმაილ ჯალილოვი ყელზე ლგბტ ემბლემით — მართლაც, რატომ არ უნდა გაავრცელოს საკუთარი ლგბტქ+ ღირებულებები პროსომეხ ავსტრიელ დეპუტატ სტეფან შენნახთან ინტერვიუს დროს", — ნათქვამია აღწერაში, — "შეხედეთ ამ მსუქან ნაძირალას, როგორ აწყვეტინებს დეპუტატს და ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს. დეპუტატმა ამ ღორს პირდაპირ დინგში უთხრა, რომ არცახი სომხების საგვარეულო მიწაა. ცხვარივით იქცევა".

ანტი-ლგბტქ+ კონტენტს აქვეყნებს ასევე არხი სომხური არიული სახელმწიფო, მაგალითად, სავარაუდოდ ტრანსგენდერი სექს-მუშაკის ფოტოებს, რომელიც ბაქოში სექსუალურ მომსახურებას ეწევა: "კიდევ ერთი peysar, რომელსაც ომის შემდეგ საკმარისი ფული აღარ ჰქონდა, ამიტომ სქესი შეიცვალა და ახლა საკუთარ სხეულს ყიდის", — წერია პოსტის აღწერაში, – "კიდევ ერთი დასტური, რომ "აზერგეიჯანი" (აზერბაიჯანისა და გეის კომბინაციით მიღებული დამამცირებელი სიტყვა) ყველაფრით ვაჭრობს და ყველგან".

ჰომოფობიურ და მიზოგინურ რიტორიკას იყენებენ პროაზერბაიჯანული არხებიც. ტელეგრამის არხმა Без Тормозов (მუხრუჭების გარეშე) გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ლილიტ მარტიროსიანი, პირველი სომეხი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც სქესი პასპორტში ოფიციალურად შეიცვალა, სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოდის. პოსტის აღწერაში არის მინიშნება იმაზე, რომ სომხები "ასეთები" "სოდომისა და გომორას გამო არიან" და გარყვნილებით ცნობილი ამ ორი ქალაქის რიტორიკა სომხეთში სახელმწიფო დონეზეა გატარებული, რასაც პარლამენტში მარტიროსიანის გამოსვლაც მოწმობს. ამავე არხმა შეურაცხმყოფელი რიტორიკა გამოიყენა ქალი სომეხი ჯარისკაცების წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ შეიძლება ისინი აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა გააუპატიურონ.

როგორი დამოკიდებულება აქვთ სომხურ-აზერბაიჯანულ ტელეგრამის არხებს ერთმანეთთან

DFRLab-მა ჯამში ორივე კლასტერის 72 არხიდან 298 495 შეტყობინება შეაგროვა (შექმნის პერიოდიდან 2023 წლის 14 ივლისამდე). მონაცემთა ქსელის ანალიზმა აჩვენა, რომ არხები ხშირად ახსენებენ ერთმანეთს ან ერთმანეთთან გადამისამართებით, ან — ერთმანეთის პოსტების ციტირებით.

ზოგადად, პოსტები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის ტელეგრამ არხს ეხებოდა, უმეტესად "კამათის" ფორმატში იყო დაწერილი და მიზნად ისახავდა იმის ჩვენებას, რომ ორივე მხარე ადევნებს თვალს "მტრის" ბანაკის პოსტებს. მაგალითად, ერთ-ერთი პროსომხური არხის გამოკითხვაში შეგხვდებოდათ ვარიანტი: "აზერბაიჯანელებო, აქ დააწკაპეთ". მოგვიანებით პროაზერბაიჯანულმა არხმა ეს პოსტი გადააზიარა.

პროსომხურმა არხმა SisMasis-მა 2023 წლის თებერვლის ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურებული თურქული ქალაქის, ანტაკიას ვიდეომასალა გამოაქვეყნა და მიაწერა "ანტაკია მშვენიერი მიწისძვრის შემდეგ". პოსტი მოგვიანებით პროაზერბაიჯანულმა არხმა, UDudaka-მ გადააზიარა, რომელმაც ეს შესაძლებლობა სომხების წინააღმდეგ ძალადობის წასახალისებლად გამოიყენა: "მერე უკვირთ, რატომ ვხოცავთ. დახოცვა სწორი საქციელია. დამსახურებულია".

სქრინები, სადაც ნაჩვენებია, როგორ აზიარებენ (მარცხნივ) და ციტირებენ (მარჯვნივ) პროაზერბაიჯანული არხები პროსომხურ წყაროებს

ფოტო: მარცხნივ: Zhingalovhach/archive, მარჯვნივ: UDudaka/archive

კიდევ ერთმა პროსომხურმა არხმა პროაზერბაიჯანული არხიდან ვეტერანების თვითმკვლელობასთან დაკავშირებული პოსტი წამოიღო, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობას მიემართებოდა და მიაწერა: "ძვირფასო პრეზიდენტო, შეაჩერეთ "მინიშლუხიდების" (მინი მეძავი / წამებულების) თვითმკვლელობების ფლეშმობი"

პროსომხური არხის პოსტი, რომელშიც პროაზერბაიჯანული არხიდან პოსტია გამოყენებული და მასში ნახსენები სუბიექტი, აზერბაიჯანელი ვეტერანი, რომელმაც თავი მოიკლა, შეურაცხმყოფელი ტერმინით არის მოხსენიებული (მინი მეძავი / წამებული)

ფოტო: @katakombilabirint/archive

DFRLab-მა ასევე გააანალიზა კონტენტის გაზიარებასთან დაკავშირებული პატერნები თითოეულ კლასტერში. პროსომხური კლასტერიდან 36-მა არხმა ერთმანეთი 15 027-ჯერ "გააძლიერა", პროაზერბაიჯანული კლასტერიდან 32-მა არხმა კი — 13 389-ჯერ. პროსომხურ კლასტერში არხები Armenian Military Portal, Spitak Arch, Armenian Radical, Republic of Artsakh და Bagramyan 26 ყველაზე მეტი მხარდაჭერის მოპოვებას ახერხებდნენ. პროაზერბაიჯანულ კლასტერში კი იგივე შეიძლება ითქვას შემდეგ არხებზე: Without Brakes, Maiden's Tower, Caliber, Caucasian Bureau და Black Chat.

მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილის ენა და ძალადობის ადვოკატირება ტელეგრამის კონტენტ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, კონფლიქტის გავრცელების არეალში მტრულად განწყობილი აქტორები პლატფორმას აქტიურად იყენებენ ცეცხლზე ნავთის დასასხმელად. სომხური და აზერბაიჯანული დამამცირებელი ტერმინებისა და ტაქტიკების შესწავლით DFRLab-ის კვლევა ცხადყოფს, როგორ გადმოითარგმნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი ვირტუალურ სივრცეში, სადაც ორივე მხარის დეჰუმანიზაცია აქტიურად მიმდინარეობს.