მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ათასობით ლტოლვილი გადავიდა
ორშაბათის საღამოს მონაცემებით, სომხეთმა სულ მცირე 6 650 ლტოლვილი მიიღო მთიანი ყარაბაღიდან. ისინი ქვეყანაში ლაჩინის დერეფნის გავლით შევიდნენ. ამბობენ, რომ გზაში ათასობოთ მანქანა რიგში დგას.
სტეფანაკერტის ხელისუფლების ცნობით, სომხეთის საავადმყოფოებში, ამჟამად, 23 ადამიანი მკურნალობს. აზერბაიჯანის მხრიდან მთიან ყარაბაღზე თავდასხმის დროს ისინი მძიმედ დაშავდნენ. დანარჩენი დაშავებულების გადაყვანა მოგვიანებით იგეგმება.
თუმცა, ორშაბათს, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტეფანაკერტი-გორისის გზატკეცილის გადატვირთვის გამო, დაშავებულთა ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. მათ დასძინეს, რომ გზის გადატვირთვამ ასევე შეაფერხა სამედიცინო და ჰუმანიტარული მარაგების გადატანაც.
სტეფანაკერტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ამჟამინდელი გადატვირთული მოძრაობისა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები ნებისმიერი სომეხი, ვისაც სომხეთში გადასვლა სურს, ამას შეძლებს. ბაქოსთან შეთანხმებით, ევაკუაციისთვის "დადგენილი ვადები არ არსებობს".
მათი თქმით, პრიორიტეტი იმ ადამიანების ევაკუაციას მიენიჭება, რომლებმაც სახლები დაკარგეს საბრძოლო მოქმედებების შედეგად.
სტეფანაკერტმა ასევე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება გააგრძელებს ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულებას მანამ, სანამ ისინი "სრულად არ უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების ევაკუაციას, რომელთაც სურთ სომხეთში გამგზავრება".
მთიანი ყარაბაღის სომხებს, რომლებიც სომხეთში ევაკუაციას ითხოვენ, მიეწოდებათ უფასო საწვავი, რომელიც, შესაძლოა აზერბაიჯანიდან იყოს იმპორტირებული. CivilNet-ის კორესპონდენტი, ჰაიკ ღაზარიანი, იტყობინება, რომ სტეფანაკერტში, ბენზინგასამართ სადგურებსა და ლომბარდებში, დიდი რიგებია.
"იმის თქმა, რომ სტეფანაკერტში სამწუხარო ვითარებაა, ფაქტობრივად ვითარების გაუფასურებაა" — თქვა ღაზარიანმა, რომელიც მთიანი ყარაბაღის დასატოვებლად თავისი წილი ბენზინის მომარაგებას ცდილობდა.
ორშაბათს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, სტეფანაკერტში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შესახებ. მთიანი ყარაბაღის სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაადასტურა, რომ აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, კვირას, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სტეფანაკერტს 24 ტონა ბენზინი მიაწოდა, სოფლის მეურნეობაში და საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად.
"ეთნიკური წმენდის პოლიტიკა"
დანებების გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, ხუთშაბათიდან, სტეფანაკერტის ხელისუფლება დაღუპულებსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებს.
ისინი ხელს უწყობდნენ დაშავებულთა და ავადმყოფთა გადაყვანას სომხეთის საავადმყოფოებში, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, ისევე როგორც საქონლისა და საწვავის გადატანას ლაჩინის დერეფნის გავლით წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მიერ.
დანებების შემდეგ, მთიან ყარაბაღში დისლოცირებულმა რუსმა სამშვიდობოებმა 150 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს. ხოლო ICRC-მ კვირას ლაჩინის დერეფნის გავლით 65 ტონა ფქვილი გადაიტანა რეგიონში.
მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ დათვლილი არ არის, სტეფანაკერტი იტყობინება, რომ მათ მთიანი ყარაბაღის სხვადასხვა რეგიონში 105 გარდაცვლილი იპოვეს.
სულ მცირე, დაიღუპა 200 და დაიჭრა 400-ზე მეტი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მინიმუმ, 10 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, მათ შორის ხუთი ბავშვია.
აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ არ გამოუქვეყნებია დაღუპულთა რიცხვი, თუმცა, ჰაბიბ მუნთაზირმა, დამოუკიდებელმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სულ მცირე 200 აზერბაიჯანელი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების შედეგად.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული მხარე საპირისპიროს ამტკიცებს, Bellingcat, პლატფორმა, რომელიც ღია წყაროებს იძიებს, ამბობს, რომ აზერბაიჯანის სამიზნე მთიან ყარაბაღში, საცხოვრებელი არეალები იყო.
მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებათა დამცველმა ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანულ ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნებული პოსტების შესახებ, რომლებშიც მოუწოდებდნენ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს, ეპოვათ, მოეკლათ, ეწამებინათ და გაეუპატიურებინათ მთიანი ყარაბაღის ის სომხები, რომლებიც დაკარგულად გამოცხადდნენ.
"დაკარგულთა მრავალი ახლობელი, რომლებთაც ახლა მოწყვლადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ, ჩივიან, რომ აზერბაიჯანული მხარე მათ ზარებითა და სმს-ებით ატერორებს, — ნათქვამია მათ განცხადებაში.
ომბუდსმენი ასევე იტყობინება, რომ მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს.
საკვირაო მიმართვაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა ეთნიკური წმენდის საფრთხის წინაშე დგას.
"მოვლენების მსგავსად განვითარებაზე, პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანს ეკისრება, რომელმაც მიიღო როგორც ეთნიკური წმენდის პოლიტიკა. ასევე, მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარებზე", — განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანი ადრეც აკრიტიკებდა რუსულ სამშვიდობო კონტინგენტს, რომმათ ვერ აიცილეს აზერბაიჯანის თავდასხმა.
"თუ მშვიდობისმყოფელებს შეეძლოთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, რატომ არ შეთანხმდნენ თავდასხმამდე, რომ არ მოხდარიყო მთიან ყარაბაღზე შეტევა", — განაცხადა ფაშინიანმა ხუთშაბათს.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ფაშინიანი გააკრიტიკა, რუსეთის სამშვიდობო მისიის დადანაშაულების გამო.
"ჩვენ გვესმის თუ როგორი ემოციური ფონია რეგიონში, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით რუსეთის მხარისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობას. მით უმეტეს, რუს სამშვიდობოებზე, რომლებიც ნამდვილ გმირობას იჩენენ თავიანთი ფუნქციების შესრულებაში, იმ მანდატების შესაბამისად, რომელიც გააჩნიათ".
"ხანკედში აზერბაიჯანული შუქი ანათებს"
ორშაბათს, ხოჯალიში (ხოჯალუ), მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა ბაქოსა და სტეფანაკერტის წარმომადგენლებს შორის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ განიხილეს ქალაქში მცხოვრები ხანდაზმული სომხების სტატუსის საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ მათ სამედიცინო დახმარება გაუწია და წითელი ჯვრის მეშვეობით ცდილობს, ხელი შეუწყოს ოჯახებში დაბრუნებას ან საავადმყოფოებში გადაყვანას, რომ დამატებითი დახმარება მიიღონ.
ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დამატებით ისაუბრეს სტეფანაკერტის ან ხოჯალის მახლობლად, საველე ჰოსპიტალის შექმნის შესახებ, რომელიც აზერბაიჯანელი და სომეხი სამედიცინო პერსონალით იქნება დაკომპლექტებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დამატებით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შესთავაზა ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქების ვიზიტების ორგანიზება, რათა შეიქმნას "სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის პლატფორმა, ასევე ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდეს".
ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აღადგინა ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც 19 სექტემბრიდან გათიშული იყო.
მათ განმარტეს, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი სომხეთის ხაზებიდან გათიშა და ისინი აზერბაიჯანის ენერგო ქსელს დაუკავშირა.
"აზერბაიჯანული შუქი ახლა ხანკენდში (სტეფანაკერტი) ანათებს", — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
გასულ კვირას, ევლახის შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის, რეგიონში ძალაუფლების აღდგენის საკითხიც იყო. მთიანი ყარაბაღის ჩაბარებიდან ერთი დღის შემდეგ, იქ სტეფანაკერტისა და ბაქოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები