7 ფილმი და სერიალი ლესბოსელ წყვილებზე
გაგიჭირდება, ისეთი სერიალი ან ფილმი იპოვო, რომელშიც სასიყვარულო დრამა არ გვხვდება. ისტორიები ზოგჯერ ტრაგიკულია, ზოგჯერ ლამაზი, ხანდახან ცოტათი ბანალურიც, ზოგჯერ კი სულაც აკრძალულ სიყვარულს ვხვდებით. დღეს სწორედ ასეთ სიყვარულის ისტორიებზე მოგიყვები.
ლგბტქ კინოზე საუბრისას ძირითადად გეი კაცებზე გადაღებული ფილმები გვახსენდება ხოლმე, შესაბამისად, მათ დინამიკას უკეთ ვიცნობთ. ამ სტატიაში ის გამორჩეული ფილმები და სერიალები შევაგროვე, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ლესბოსელი წყვილები არიან.
1. ქეროლი / Carol (2015)
შეუძლებელია ეს სია ქეროლით არ დავიწყოთ. პატრიცია ჰაისმითის რომან მარილის ფასზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც თავად ავტორის ავტობიოგრაფიას ეყრდნობა, ჟანრის კლასიკად ითვლება.
ფილმი 1950-იანი წლების ამერიკაში ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალის სიყვარულის ისტორიაზე გვიყვება. ფოტოგრაფ ტერეზას მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობა უწევს, ქეროლი კი ერთ-ერთი მორიგი დიასახლისია, რომლის ერთადერთი ვალიც, საზოგადოების აზრით, კარგი ცოლობა და დედობაა.
ტერეზა ქეროლს სწორედ მაღაზიაში გადააწყდება. ქეროლი მას "შემთხვევით" თავის ხელთათმანს დაუტოვებს და მათი ამბავიც სწორედ ასე დაიწყება. ფილმი არამხოლოდ ქალების სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს, არამედ იმ წინააღმდეგობებსაც, რომლებთან გამკლავებაც მათ იმდროინდელ ამერიკაში უწევდათ.
ქეროლს ხიბლს მისი რეჟისურა და, რა თქმა უნდა, შესანიშნავი მსახიობები — ქეით ბლანშეტი და რუნი მარაც მატებენ.
2. ჯენტლმენი ჯეკი / Gentleman Jack (2019)
ისტორიული დრამა ჯენტლმენი ჯეკიც რეალურ ამბავს ეყრდნობა — სერიალის მთავარი გმირი მოგზაური ანა ლისტერის პროტოტიპია. ლისტერი ცნობილი თავისი ვრცელი დღიურებით გახდა.
დღიურების ნაწილი სპეციალურად შექმნილი კოდური ანბანითაა დაწერილი, რომლებშიც ანა მის ფანტაზიებზე, სექსუალურ ცხოვრებასა და ქალებთან რომანებზე ჰყვება. მას ღიად გაცხადებული იდენტობის გამო პირველ თანამედროვე ლესბოსელსაც უწოდებენ.
მოქმედება მე-19 საუკუნის 30-იანი წლების ინგლისში ვითარდება. უცნაური კი ისაა, რომ სერიალის მთავარი პერსონაჟი, ანა ლისტერი, იმ დროისთვის უჩვეულოდ, მასკულინურად იქცევა, კაცისთვის დამახასიათებელ ტანსაცმელს იცვამს და არც ქალებთან ურთიერთობას მალავს.
შოუს განსაკუთრებულ ხილს თავად მთავარი გმირის იუმორი, ზუსტად შერჩეული მუსიკა და კოსტიუმები სძენენ.
3. მაგრამ მე ჩირლიდერი ვარ / But I’m a Cheerleader (1999)
90-იანების ეს კომედიური ფილმი სიფერადისა და იუმორის ფონზე იმ დროის მნიშვნელოვან პრობლემაზე, "გარდაქმნის თერაპიაზე" გვიყვება. 17 წლის ჩირლიდერ მეგანს "ტრადიციული" შეხედულებების მქონე ოჯახი თავის ეჭვს გაუმხელს, რომ შვილი ლესბოსელი ჰგონიათ, რის შემდეგაც მას "გარდაქმნის თერაპიისთვის" სპეციალურ ბანაკში გაამწესებენ სახელად, "სწორი მიმართულებები".
ბუნებრივია, "თერაპია" უშედეგოდ ჩაივლის — თუ ფილმის დასაწყისში მეგანი მშობლების ეჭვს უარყოფს, თანდათან თავის იდენტობას სწორედ ბანაკში აღმოაჩენს და მის პირველ ქვიარ ურთიერთობასაც სწორედ იქ დაიწყებს.
4. დიკინსონი / Dickinson (2019)
ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი კომედიური სერიალი დიკინსონი მე-19 საუკუნის ცნობილი ამერიკელი პოეტის, ემილი დიკინსონის ცხოვრების თავისებური ინტერპრეტაციაა, რომელიც რეალურ ფაქტებს ეფუძნება.
ემილი დიკინსონი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომლის წერილებით, ლექსებითა და დღიურებით ვიცით, რომ მას და თავის საუკეთესო მეგობარსა და ძმის ცოლს, სიუ გილბერტს, ერთმანეთი უყვარდათ. სიუ ემილის ცხოვრების მთავარი სიყვარული და მისი შემოქმედების ინსპირაციის წყარო იყო.
სერიალი მათი ურთიერთობის დინამიკას კარგად გვიჩვენებს. შოუს განსაკუთრებულ ელფერს თანამედროვე მუსიკა, ენა და თხრობის განსხვავებული მანერა სძენს, რომელიც იმდროინდელ ამერიკულ ყოველდღიურობას, დამახასიათებელ ჩაცმულობასა და იმ დროს დამკვიდრებულ წესებს ერწყმის, რაც სერიალს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის.
5. ევას მკვლელობისას / Killing Eve (2018)
სერიალი ლუკ ჯენინგსის რომანის მოკალი ევას მიხედვით რეჟისორმა და მსახიობმა, ფიბი ვოლერ-ბრიჯმა, გადაიღო. გამომძიებელი ევა და დაქირავებული მკვლელი ვილანელი ურთიერთობას მტრობით იწყებენ, მათ ერთმანეთის მოკვლა უნდათ, თუმცა თანდათან ამის ნაცვლად, ერთმანეთი უყვარდებათ.
ევა ვილანელის საქმის გამოძიებას იწყებს და მის დაჭერას ცდილობს, ვილანელს კი მისი თავიდან მოშორება უნდა, რაც საბოლოოდ ორივეს აკვიატებაში გადასდის. ცხადი ხდება, რომ რამდენადაც ცდილობენ, ერთმანეთს ტკივილი მიაყენონ, იმდენად მოსწონთ დევნის პროცესი, და არ აღიარებენ, რომ მათ შორის რომანტიული კავშირი ჩნდება.
დამაინტრიგებელი სიუჟეტი, მკვლელობების საქმეები და არაჩვეულებრივი მსახიობები — სანდრა ო და ჯოდი კომერი, შეუძლებელს ხდის, სერიალს თვალი მოწყვიტო. ერთადერთი, რის გამოც ფანები შოუს ხშირად აკრიტიკებენ, მისი დასასრულია, რომელმაც არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა.
6. პირველი მკვლელობა / First Kill
თუ თინეიჯერობაში ფილმებითა თუ სერიალებით, რომლებიც ზებუნებრივ არსებებზე გვიყვებოდნენ, შეპყრობილი იყავი და ვამპირის დღიურების, თინეიჯერი მგლის ან ბინდის სიყვარულიც არ იყო შენთვის უცხო, თინეიჯერული სერიალი პირველი მკვლელობა თავს ადვილად შეგაყვარებს.
ამჯერად, განსხვავება ისაა, რომ ორივე მთავარი გმირი თინეიჯერი გოგოა — ჯულიეტი ვამპირია, რომელმაც, მშობლების თქმით, დროა, პირველი ადამიანი მოკლას. პარალელურად, კალიც მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას — ის ზებუნებრივ არსებებზე მონადირეა, რომელსაც პირველი მკვლელობის დრო დაუდგა.
სერიალი შექსპირის რომეო და ჯულიეტას ერთგვარი თანამედროვე ადაპტაციაა, რაზე მინიშნება ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელი, ჯულიეტიცაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიაში მაინც ისაა, რომ მოსისხლე მტრებს ერთმანეთი შეუყვარდებათ, რაც მათ ცხოვრებას ერთბაშად ამოაყირავებს.
7. უბედნიერესი სეზონი / Happiest Season (2020)
დაბოლოს, თუ საახალწლო რომანტიულ კომედიას ეძებ, რომელიც ლესბოსელ წყვილზე იქნება გადაღებული, ეს ფილმი შენთვისაა! მთავარი პერსონაჟები, ები და ჰარპერი თავს მარტივად შეგაყვარებენ, აი, ჰარპერის ოჯახზე კი იმავეს ვერ ვიტყვი — წყვილი საახალწლოდ შობის გასატარებლად მათთან ჩავა, თუმცა აღმოჩნდება, რომ ჰარპერის იდენტობაზე ოჯახმა არაფერი იცის და წყვილს ისე უწევს მოქცევა, თითქოს, მხოლოდ მეგობრები არიან.
მთავარი გმირების როლებს კრისტენ სტიურტი და მაკენზი დევისი ასრულებენ. ფილმს უფრო სახალისოს ისიც ხდის, რომ ჰარპერის ოჯახი ცდილობს, ის ყოფილ შეყვარებულ ბიჭთან შეარიგოს. პარალელურად კი, ახალი ქვიარ პერსონაჟი, რაილიც შემოდის, რომელიც ებისთან ურთიერთობის წამოწყებას ცდილობს.
იხილეთ ასევე:
კომენტარები