კვლევის თანახმად, ჩვილებს მიზანმიმართულად მოქმედების უნარი სიცოცხლის პირველივე თვეშიც კი აქვთ
ნებისმიერ მოქმედებას, რომელსაც ადამიანი ასრულებს, რაიმე მიზნის შეგრძნება განაპირობებს. თავის მხრივ, აზრიანად მოქმედების შესაძლებლობას აგენტობა ეწოდება.
ფსიქოლოგიაში აგენტობას უწოდებენ ადამიანის უნარსაც, თავისუფლად იმოქმედოს და საკუთარი საქციელი აკონტროლოს. საინტერესო ისაა, რომ არავინ იცის, როდის უვითარდებათ ბავშვებს აგენტობის შეგრძნება.
მეცნიერები წლებია ცდილობენ, აგენტობის საწყისებს მიაგნონ. მათი აზრით, ეს არაერთი საიდუმლოს ამოხსნაში შეიძლება დაგვეხმაროს: ადამიანის ქცევასთან დაკავშირებით იქნება ეს, ცნობიერებასთან, თავისუფალ ნებასთან თუ თვითშეცნობასთან.
ამჯერად საკითხის შესწავლა ჩვილებში FAU-ს მკვლევრებმა სცადეს და შენიშნეს, რომ ადამიანები და მათი გარემო, როგორც ერთი მთლიანობა, ისე წარმოშობს აგენტობას. კვლევის მიგნებებს ავტორები ჟურნალ PNAS-ში გვიზიარებენ.
მიჩნეულია, რომ აგენტობას ადამიანის ცხოვრების არაერთ ასპექტში მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი, იქნება ეს ჯანმრთელობა, ურთიერთობები თუ კარიერა. მაგალითისთვის, დიაბეტის მქონე პაციენტი მხოლოდ მაშინ იქნება კარგად, თუ მიზანმიმართულად იმოქმედებს — წამალს თავის დროზე მიიღებს და რაციონს ყურადღებას მიაქცევს.
ახალი კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ დაბადების პირველი თვის განმავლობაში ჩვილები უკვე იწყებენ მიზანმიმართულად მოქმედებას. მაგალითისთვის, მაშინაც კი, როცა ორ ბავშვს ანალოგიურ პირობებში ვტოვებთ, ისინი სხვადასხვანაირად იქცევიან, რადგან მიზნის სხვადასხვანაირი შეგრძნება აქვთ.
ბევრი სხვა კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვილებს აგენტობა ნამდვილად აქვთ. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მათი ქცევის შესწავლით ადამიანებში ცნობიერების საწყისებსაც მივაგნოთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. მათ ჩვილები დააწვინეს და საწოლების ზემოთ სპეციალური საკიდები მიამაგრეს. მათზე ბავშვების ფეხები იმგვარად მიაბეს, რომ ჩვილის მოძრაობისას საკიდიც მოძრაობდა.
თავდაპირველად ფეხებისა და საკიდის მოძრაობა ერთმანეთს ნაკლებად ემთხვეოდა და არც დიდად კოორდინირებული იყო. გარკვეულ მომენტში — როგორც კვლევისას უწოდეს, "aha! Moment" — უკვე ჩვილებმა გაიაზრეს, რომ მობილურის გადაადგილება შეეძლოთ, შედეგად კი ორივე მოძრაობა საკმაოდ კოორდინირებული გახდა.
კვლევის მიხედვით, სწორედ აქ იჩინა თავი აგენტობის შეგრძნებამ ჩვილებში. მათ მოძრაობის დასაფიქსირებლად დახვეწილი 3D ტექნოლოგია და სპეციალური aha! Detector გამოიყენეს, რათა aha! Moment და ბავშვის მოძრაობაში ამ მომენტთან დაკავშირებული ცვლილებები გაეშიფრათ.
შენიშნეს, რომ aha! Moment-ში, ანუ იმის გააზრებისას, რომ სიტუაციის მართვა შეეძლო, ჩვილის მოძრაობის სიხშირე სწრაფად იზრდებოდა.
ავტორთა მტკიცებით, მეცნიერები ბავშვისა და საკიდის ექსპერიმენტებს უკვე 50 წელია ატარებენ, თუმცა წინა მცდელობები მხოლოდ ბავშვის აქტივობაზე იყო ორიენტირებული. ახალი კვლევა პირველია, რომლის ფარგლებშიც ეს ორი ერთ მთლიანობად განიხილეს.
საგულისხმოა ისიც, რომ aha! Moment-ის ანალიზი მოძრაობასაც ითვალისწინებდა და უძრაობასაც. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ჩვილებში აგენტობის გააზრებისას გაკეთებული პაუზებიც თამაშობდა როლს მობილურთან ბავშვის შემდგომ ინტერაქციაში.
შესაძლოა, მიგნებების მეშვეობით სამომავლოდ ისიც გავიგოთ, თუ როგორ ჩნდება ცნობიერება ადამიანებსა და სხვა ცოცხალ არსებებში.
კომენტარები