სამშაბათს სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის მთავრობამ პირველად გაუგზავნა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება. ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ხელი შეუწყო სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლმა, ანა ჰაკობიანმა, რომელიც 6 სექტემბერს კიევში, უკრაინის პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ სამიტს დაესწრო.

გარდა ამისა, სომხეთმა გაიწვია თავისი წარმომადგენელი რუსეთის გარშემო გაერთიანებული CSTO-დან მას შემდეგ, რაც არაერთხელ გააკრიტიკა ორგანიზაცია მისი ჩაურევლობის გამო, როცა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხურ ტერიტორიებს.

ერთი დღის შემდეგ, 6 სექტემბერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 11-20 სექტემბერს, სომხეთში ჩატარდება ერთობლივი სამხედრო წვრთნები აშშ-სთან, რათა სომეხი სამხედროები მოემზადონ სამშვიდობო მისიებისთვის.

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ამ სიახლეს "შემაშფოთებელი" უწოდა, განსაკუთრებით "დღევანდელ ვითარებაში".

"ასეთი წვრთნების ჩატარება ხელს არ უწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას", — აღნიშნა მან ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, — ან რეგიონში ურთიერთსანდო ატმოსფეროს გაძლიერებას".

ურთიერთკრიტიკული განცხადებები ამ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო კვირების განმავლობაში.

მალევე, მას შემდეგ რაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის "სრული გულგრილობა" სომხეთის ტერიტირიებზე აზერბაიჯანის თავდასხმებთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრ ფაშინიანმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა "ვერ შეასრულეს თავიანთი მისია" და ერთ პარტნიორზე დამოკიდებულება "სტრატეგიული შეცდომა" იყო.

იტალიურ გაზეთ, La Repubblica-სთან საუბრისას ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურის 99.999% რუსეთთან იყო დაკავშირებული, ახლა კი, გამომდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში, ქვეყანა მცირე სამხედრო მხარდაჭერისა და საბრძოლო იარაღების იმედადაა დარჩენილი.

"მას შემდეგ, რაც შეცდომის მწარე შედეგები ვიგემეთ, [ახლა] ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის სუსტი მცდელობები გვაქვს", — თქვა ფაშინიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ 5 სექტემბერს უპასუხა ფაშინიანის კომენტარს და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება და არა სხვისი დადანაშაულება.

"ეს არის განსხვავება პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოხელეს და იმ ადამიანს შორის, რომელიც არ ფიქრობს თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე", — თქვა ზახაროვამ.

პესკოვის დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ "ახალმა მოვლენებმა" რეგიონში ვითარება შეცვალა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი "როგორმე შეზღუდავს თავის აქტივობებს".

"უფრო მეტიც, რუსეთი გააგრძელებს უსაფრთხოების გარანტორის როლის შესრულებას", — თქვა კრემლის პრესმდივანმა.

პესკოვმა ასევე ხაზგასმით უპასუხა ფაშინიანის კომენტარებს, რომელშიც ვარაუდობდა, რომ რუსეთი ალბათ დატოვებდა რეგიონს "რიგი ნაბიჯების გამო, რომელსაც გადადგამს ან ვერ გადადგამს".

"რუსეთი არის რეგიონის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, ვერსად წავა. რუსეთი ვერ დატოვებს სომხეთს", — თქვა პესკოვმა. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთმა შეასრულა "თანმიმდევრული, ძალიან მნიშვნელოვანი როლი" რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციასა და კონფლიქტის განმუხტვაში და გააგრძელებს კიდეც ამის გაკეთებას.

რომის წესდების რატიფიცირება

აგვისტოს ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთი იყო დამნაშავე მთიან ყარაბაღში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისში, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს იყო შედეგი სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილად აღიარების. ამ განცხადებას სომხეთის საგარეო სამინისტროს მწვავე პასუხი მოჰყვა.

პირველ სექტემბერს, სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] რომის წესდება გაგზავნა პარლამენტში რატიფიცირებისთვის.

პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემთხვევაში, სომხეთი ოფიციალურად შეუერთდება ICC-ს. ეს სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად, ქვეყანას ავალდებულებს სომხეთში შესვლის შემთხვევაში, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, გამომდინარე იქედან, რომ ICC-მა ამ წლის დასაწყისში გასცა პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო.

სომხეთის მთავრობამ 2022 წლის ბოლოს ხელახლა წამოაყენა რომის წესდების რატიფიცირების პროცესის ინიციატივა.

წესდების რატიფიცირება სომხეთს შესაძლებლობას მისცემს, მიმართოს ICC-ს, რათა აზერბაიჯანის ომის დანაშაულები საერთაშორისო სამართლის გამოძიების საგანი გახდეს. სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ეს იყო სომხეთის მთავარი მოტივაცია.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში, სომხეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რომის წესდება შეესაბამებოდა ქვეყნის კონსტიტუციას, რუსეთმა გააფრთხილა სომხეთი, რომ ერევნის მისწრაფებას რომის წესდების რატიფიცირებისკენ, შესაძლოა, მოჰყვეს "უკიდურესად უარყოფითი შედეგები".

მარია ზახაროვამ სამშაბათს გააკეთა კომენტარი, რომ რუსეთმა სომხეთისგან მოითხოვა ახსნა-განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით და ერევნის პასუხიდან გამომდინარე გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.