იაპონიამ მთვარისკენ დასაშვები მოდული წარმატებით გაუშვა
თბილისის დროით 7 სექტემბრის 03:42 საათზე იაპონიამ ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან მთვარისკენ დასაშვები მოდული გაუშვა, რომელიც SLIM-ის სახელითაა ცნობილი.
ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტო JAXA-მ ახალი აპარატი რაკეტა H-IIA-ზე მოათავსა, რომელმაც ის ორბიტაზე აიტანა. დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ხომალდის დასმა მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, იაპონია მეოთხე სახელმწიფო გახდება, რომელმაც ეს შეძლო. დანარჩენი სამი ჩინეთი, აშშ და ინდოეთია, მეხუთე კი საბჭოთა კავშირი გახლავთ.
უნდა ითქვას, რომ აპარატის გაშვებას იაპონია ჯერ კიდევ წინა თვეში აპირებდა, თუმცა 100 მილიონდოლარიანი მისია ცუდი ამინდის გამო სამჯერ გადაიდო.
დასაშვებ მოდულ SLIM-ს "მთვარის სნაიპერის" სახელითაც მოიხსენიებენ. ის ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირზე 100 მეტრის რადიუსში უნდა დაჯდეს ადგილზე, რომელიც Mare Nectaris-ად წოდებულ კრატერთან ახლოს მდებარეობს. ეს უკანასკნელი დედამიწიდან მუქი წერტილის სახით ჩანს.
"SLIM-ის დიდი მიზანი მაღალი სიზუსტის დაშვების მიღწევაა, რომ მოვახერხოთ დაშვება, სადაც გვინდა და არა დაშვება, სადაც შეგვიძლია", — აცხადებენ JAXA-ში.
მთვარეზე დაჯდომის შემდეგ აპარატი ოპტიკურ და სურათების დასამუშავებელ ტექნოლოგიას გამოცდის. ის, ასევე, ოლივინის მინერალებს გამოიკვლევს და მთვარის წარმოქმნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება.
უნდა ითქვას, რომ გასულ წელს იაპონიის მიერ დედამიწის თანამგზავრზე ხომალდის დასმის ორი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. კერძოდ, მისიები OMOTENASHI და Hakuto-R, რომელთაგანაც პირველმა მარცხი ნოემბერში იწვნია, მეორემ კი —აპრილში.
რაც შეეხება SLIM-ს, გაშვების შემდეგ მისგან სიგნალი მიიღეს, რომელიც მიანიშნებს, რომ ის გამართულად მუშაობს.
მასთან ერთად რაკეტამ კოსმოსში ტელესკოპი XRISM-იც გაიტანა, რომელიც იაპონიის, აშშ-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტია. მისი მიზანი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ევოლუციის შესწავლაა. ცნობილია, რომ ზონდის მზის პანელები უკვე წარმატებით გაიშალა.
კომენტარები