არაიიკ ჰარუთუნიანი მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიიკ ჰარუთუნიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, სახელმწიფო მინისტრ გურგენ ნერსისიანთან ერთად, რომელიც რანგით მეორე პირია.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰარუთუნიანი ვარაუდობს, რომ პოსტზე მისი დარჩენა შეიძლება აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისას შემაფერხებელი იყოს.
"ჩემი ბიოგრაფია და ამაზე აზერბაიჯანის დამოკიდებულება ხელოვნურად ქმნის მთელ რიგ საკითხებს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს ჩვენი შემდეგი ნაბიჯებისა და მოქნილი პოლიტიკის განხორციელების კუთხით", — განაცხადა მან და აღნიშნა — "გარდა ამისა, ომში დამარცხებამ და ამის შემდეგ ქვეყანაში არსებულმა სირთულეებმა საგრძნობლად შეამცირა ხელისუფლებისადმი ნდობა, განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ. ამან კი მნიშვნელოვნად შეაფერხა სწორი მმართველობის კურსი. ამიტომ ცვლილება ჩემგან უნდა დაიწყოს".
მანვე დაამატა, რომ ეს ნაბიჯი მთიან ყარაბაღში "შიდა სტაბილურობისა და ძლიერი საზოგადოებრივი წესრიგის" უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ჰარუთუნიანმა დაწერა, რომ გადადგომის განცხადებას ოფიციალურად პარასკევს წარადგენს და აღნიშნა, რომ ნერსისიანს რეგიონის უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი სამველ შაჰრამანიანი შეცვლის.
გადადგომამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე ჰარუთიუნიანმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტს უფლებას აძლევს მისი მემკვიდრე დანიშნოს.
ცვლილებებში ნათქვამია, რომ საომარი მდგომარეობის დროს, თუ პრეზიდენტი ვადამდე ადრე დატოვებს თანამდებობას, პარლამენტმა უფლებამოსილების დარჩენილი ნაწილისთვის შემცვლელი უნდა წარადგინოს. მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მოქმედებს. ჰარუთუნიანის ამჟამინდელი ვადა 2025 წელს უნდა დასრულებულიყო.
პარლამენტი ახალ პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მოქმედის გადადგომიდან 10 დღეში აირჩევს.
ფაშინიანის წინაშე "ვალდებულებების" მოხსნა
ჰარუთუნიანის შესაძლო გადადგომის შესახებ ჭორები სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის ადგილობრივ მედიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ პრეზიდენტის ოფისი უარყოფდა.
გარდა ამისა, ჰარუთუნიანის გადადგომა განხილვის საგანი იყო მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგაც, მან დადო პირობა რომ სიტუაციის "ნორმალიზების" შემდეგ გადადგებოდა.
მთიან ყარაბაღში მოსაზრებები ორად გაიყო, ბევრი მიიჩნევს, რომ რეგიონში ახალი არჩევნები ბაქოსთვის სამხედრო ოპერაციის დაწყების პოტენციური საბაბია.
გასული წლის დეკემბერში მთიანი ყარაბაღის ბლოკადის დაწყების შემდეგ, სამთავრობო ცვლილებების განხილვამ უკანა ფონზე გადაინაცვლა.
ჰარუთუნიანი მალევე გადადგა მას შემდეგ, რაც რუს-სომეხმა მილიარდერმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, რუბენ ვარდანიანმა მისი გადადგომა მოითხოვა.
21 აგვისტოს ვარდანიანმა განაცხადა, რომ ჰარუთუნიანი გადადგომას დაჰპირდა და სიტყვა არ შეასრულა. რამდენიმე დღით ადრე კი მოხალისეობრივი სამხედრო დაჯგუფება, სახალხო არმია მთიანი ყარაბაღის პარლამენტში შევიდა და ჰარუთუნიანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჰარუთუნიანმა მცირე დროით გაიზიარა ძალაუფლება ვარდანიანთან, რომელიც 2022 წლის ბოლოდან 2023 წლის დასაწყისში სახელმწიფო მინისტრი იყო და გაფართოებული უფლებამოსილებებით სარგებლობდა.
ოპოზიციური პარტიის, სამართლიანობის ლიდერი დავით გალსტიანი მიესალმა პრეზიდენტის გადადგომის გადაწყვეტილებას და News.am-ს განუცხადა, რომ ცვლილება საჭირო იმისათვის, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან "ვალდებულებები" მოიხნას.
"მე ვიყავი მათ შორის, ვინც მას გადადგომა შესთავაზა", — თქვა გალსტიანმა და დასძინა, რომ მთიან ყარაბაღში ფაშინიანის "კონსპირაციული გეგმა არ განხორციელდება".
როდესაც ის აირჩიეს, ჰარუთუნიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან დაახლოებულად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით მათი ურთიერთობა დაიძაბა.
მთიანი ყარაბაღის ოპოზიციაც და მთავრობაც სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ სომხეთის მთავრობას მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, განსაკუთრებით მათ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ.
პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ცვლილებებია იმის ფონზე, როცა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება, აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის გამო, რომელიც მთიანი ყარაბაღი სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.
საკვების, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი საქონლის დეფიციტი გრძელდება. რეგიონს ასევე შეეზღუდა სომხეთიდან გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება, რადგან დაზიანებულია ის კაბელები და მილსადენები, რომლებიც აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადის.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები