პლასტმასის ნაწილაკები ტვინში აღწევს და ქცევით ცვლილებებს იწვევს — კვლევა
ახალი კვლევის მეშვეობით დადგინდა, რომ მიკროპლასტმასა ისევე ფართოდ აღწევს ორგანიზმში, როგორც გარემოში და ის ქცევით ცვლილებებს იწვევს. მეცნიერები მიკროპლასტიკების ზემოქმედებაზე ორგანიზმის პასუხით გამოწვეულ ნეიროქცევით ეფექტებს იკვლევდნენ, ასევე მიკროპლასტიკებით გამოწვეულ ბიოლოგიურ და კოგნიტურ ცვლილებებს. ამისათვის კი კვლევა თაგვებზე ჩაატარეს.
პლატმასა, კონკრეტულად კი მიკროპლასტმასა, პლანეტის განსაკუთებით გამჭოლ დამაბინძურებლებს შორისაა და ის გზას იკვლევს ჰაერში, წყლის სისტემებსა თუ კვებით ჯაჭვში, მსოფლიოს მასშტაბით. მიკროპლასტიკების გარემოში გავრცელება კარგადაა ცნობილი, ცნობილია ისიც, რომ ეს მიკროსკოპული დამაბინძურებლები უკვე ჩვენს სისხლსა და ორგანოებშიც აღწევს, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე შეუსწავლელია ის გავლენა, რისი მოხდენაც მიკროპლასტმასას ჩვენს ორგანიზმზე შეუძლია. სწორედ ამას იკვლევდა ჯეიმი როსი, როდ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორი, გუნდთან ერთად, ახალ კვლევაში.
როსი და მისი გუნდი ნეიროქცევით ეფექტებზე კონცენტრირდა, რომლის გამოწვევაც სხეულში მოხვედრილი მიკროპლასტმასით გამოწვეული ორგანიზმის ანთებითი პასუხის თანმდევია. მათ ასევე შეისწავლეს მიკროპლასტიკების დაგროვების მაჩვენებელი ქსოვილებში, მათ შორის კი ტვინში. მათ დაადგინეს, რომ მიკროპლასტიკები ისეთივე ფართოდ იყო გავრცელებული სხეულში, როგორც გარემოში, რამაც გამოიწვია ქცევითი ცვლილებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ თაგვებში, რომლებიც ცდაში მონაწილეობდნენ.
კვლევითი გუნდის წევრები სამი კვირის განმავლობაში ახალგაზრდა და მოხუც თაგვებს მიკროპლასტიკების სხვადასხვა კონცენტრაციის მქონე სასმელ წყალს აძლევდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ორგანიზმში მიკროპლასტიკების არსებობა იწვევს როგორც ქცევით ცვლილებებს, ასევე იმუნური მარკერების ცვლილებას ღვიძლისა და ტვინის ქსოვილებში. კვლევაში ჩართულმა თაგვებმა თავისებური, ადამიანებში დემენციის ქცევის მსგავსი ქმდედებები გამოავლინეს. ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ თაგვებს ეხებოდა.
"ჩვენთვის ეს გამაოგნებელი იყო. საქმე არ ეხებოდა მიკროპლასტიკების მაღალ დოზას ან ხანგრძლივ პერიოდს. მოკლე დროში ჩვენ ეს ცვლილებები დავინახეთ. არავინ ესმის დაზუსტებით მიკროპლასტიკების სიცოცხლის ციკლი ორგანიზმში. ამიტომ დავსვით კითხვა: რა ხდება მაშინ, როცა ასაკი გემატება. ასაკის მატებასთან ერთად ხომ არ ხდებიან ადამიანები მეტად მგრძნობიარეები მიკროპლასტიკებით გამოწვეული ანთების მიმართ? შეუძლია თუ არა თქვენს სხეულს მარტივად დააღწიოს თავი მათ? რეაგირებენ თუ არა უჯრედები განსხვავებულად ამ ტოქსინებზე?", — თქვა როსმა.
ფიზიოლოგიური სისტემების გასაგებად, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ქცევის ამ ცვლილებებს, როსის გუნდმა გამოიკვლია, რამდენად გავრცელებული იყო მიკროპლასტმასა ცდაში მონაწილე თაგვების სხეულში. მათ რამდენიმე ძირითადი ქსოვილი გაკვეთეს, მათ შორის ტვინი, ღვიძლი, თირკმლები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, გული, ელენთა და ფილტვები. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნაწილაკებს დაწყებული ჰქონდა ბიოაკუმულაცია ყველა ორგანოში, მათ შორის ტვინში, ასევე სხეულის ნარჩენებში.
"იმის გათვალისწინებით, რომ ამ კვლევაში მიკროპლასტმასა პერორალურად იქნა მიწოდებული სასმელი წყლის საშუალებით, ისეთ ქსოვილებში ამ ნაწილაკების აღმოჩენა, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ძირითადი ნაწილია, ან ღვიძლში და თირკმელებში, სავარაუდო იყო", — აღნიშნა როსმა და დასძინა — "მიკროპლასტიკების აღმოჩენა ისეთ ქსოვილებში, როგორიც არის გული და ფილტვები, მიგვითითებს იმაზე, რომ ეს ტოქსინი სცილდება საჭმლის მომნელებელ სისტემას და, სავარაუდოდ, გადის სისტემურ მიმოქცევაში. ტვინის სისხლის ბარიერში შეღწევა ძალიან რთულია. ეს არის დამცავი მექანიზმი, ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ, მაგრამ ამ ნაწილაკებმა შეძლეს იქ შეღწევა. ის ღრმად იყო ტვინის ქსოვილში".
ტვინში მსგავსი ნაწილაკების შეღწევამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გლიური ფიბრილარული მჟავე ცილის (ე.წ. GFAP) შემცირება. ეს არის ცილა, რომელიც ტვინში უამრავ უჯრედულ პროცესს უზრუნველყოფს.
"GFAP-ის შემცირება დაკავშირებულია ზოგიერთი ნეიროდეგენერაციული დაავადების ადრეულ სტადიებთან, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების თაგვის მოდელებთან და ასევე დეპრესიასთან. ძალიან გაგვიკვირდა, როცა დავინახეთ, რომ მიკროპლასტიკას შეეძლო GFAP-ის შეცვლა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებას აპირებენ.
"ჩვენ გვსურს გავიგოთ, როგორ შეიძლება მიკროპლასტმასას ნაწილაკებმა შეცვალოს ტვინის უნარი, შეინარჩუნოს ჰომეოსტაზი ან როგორ შეიძლება მათმა ზემოქმედებამ გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები და დაავადებები, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება", — ამბობს როსი.
კვლევაInternational Journal of Molecular Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები