ჩვენს სისხლძარღვებში უკვე პლასტმასის ნაწილაკებიც ჩქეფს — მართლა
ისტორიაში პირველად, ადამიანის სისხლში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს.
ადამიანთა უმეტესობის სისხლძარღვებში ახლა უკვე პლასტმასის მტვერიც ჩქეფს. ამაზე უახლესი კვლევის შედეგი მიგვითითებს. აღნიშნული ნაშრომი ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა.
მიკროპლასტმასით ადამიანის ორგანიზმის დაბინძურება გასაოცარი ამბავი სულაც არაა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ დაწყებული უმაღლესი მწვერვალებიდან, ოკეანეთა სიღრმეებით დასრულებული, დედამიწაზე აღარ დარჩა ადგილი, რომელიც თავისუფალი იქნებოდა პლასტმასისგან. მიკროპლასტმასა უკვე ყველგანაა, მათ შორის ადამიანის ჩანასახის პლაცენტაშიც.
Vrije Universiteit Amsterdam-ისა და ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა 22 ჯანმრთელი ანონიმური დონორისგან სისხლის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც ნიმუშებში 700 ნანომეტრზე დიდი სინთეზური პოლიმერების კვალის ძიება დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდმა დიდი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის გამოყენებული აღჭურვილობა დამაბინძურებლებისგან სუფთა ყოფილიყო. ამის შემდეგ მათ ნიმუშების გასაანალიზებლად ორი მეთოდი გამოიყენეს, ქიმიური შემადგენლობისა და ნაწილაკების მასების იდენტიფიცირებისთვის. ამ ორი მეთოდის გამოყენებით, მკვლევრებმა 22-დან 17 მონაწილის სისხლის ნიმუშში აღმოაჩინეს პლასტმასის რამდენიმე სახეობის არსებობის მტკიცებულება.
მიუხედავად იმისა, რომ ნიმუშებს შორის კომბინაციები იცვლებოდა, აღმოჩენილი მიკროპლასტიკები მოიცავდა პოლიეთილენის ტერეფტალატს (PET), რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ტანსაცმელსა და სასმელის ბოთლებში. ასევე, ნიმუშებში აღმოაჩინეს სტიროლის პოლიმერების კვალიც, რომლებიც ხშირად გამოიყენება მანქანის ნაწილებში, ხალიჩებსა და საკვების კონტეინერებში.
შესწავლილ ყოველ მილილიტრ სისხლში საშუალოდ 1.6 მიკროგრამი მიკროპლასტმასი იზომებოდა, ნიმუშებს შორის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია კი 7 მიკროგრამი იყო.
კვლევის მეთოდებთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მკვლევრებმა ვერ შეძლეს ნაწილაკების ზომების ზუსტი დაყოფა, თუმცა, ანალიზისას, როგორც უკვე ვთქვით, 700 ნანომეტრზე დიდ ნაწილაკებს სწავლობდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ 700 ნანომეტრიანი ნაწილაკები უფრო ადვილი ასათვისებელია ორგანიზმისთვის, ვიდრე უფრო დიდი ნაწილაკები, რომელთა ზომაც 100 მიკრომეტრს აღემატება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, რა გავლენას იქონიებს ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე სისხლძარღვებში მოცირკულირე მიკროპლასტმასი, ჯერჯერობით არ ვიცით.
ჯერ კიდევ უამრავი საკითხია, რომელიც ჩვენს ორგანიზმში არსებული პლასტმასის პაწაწინა ნაწილაკების ქიმიური თუ ფიზიკური ეფექტების შესახებ უბრალოდ არ ვიცით. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ამ კუთხით სერიოზულ ცვლილებებზე მიუთითებს, თუმცა, ამ კვლევების შედეგების ადამიანთა ჯანმრთელობის კონტექსტში პირდაპირი ინტერპრეტაციისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.
ასეა თუ ისე, ეს მზარდი პრობლემაა, თუ გავითვალისწინებთ იმ პროგნოზს, რომ ჩვენს ოკეანეებში არსებული პლასტმასის ნარჩენები 2040 წლისთვის გაორმაგდება.
როდესაც დროთა განმავლობაში, ჩვენ მიერ გადაყრილი ყველა ფეხსაცმელი, პარკი, კონტეინერი, პურის, შოკოლადისა თუ წყლის შეფუთვა დაიშლება, მიკროპლასტმასის უფრო დიდ კონცენტრაცას მივიღებთ და ის თანდათან, კიდევ უფრო მეტად იპოვის გზას ჩვენს სისხლსა და ორგანიზმში მოსახვედრად.
ამ ეტაპზე, ჩვენ გარშემო თუ ორგანიზმებში არსებული სტირონისა თუ PET-ის შედარებით უვნებელი დოზები მომავალში შეიძლება უფრო გაიზარდოს და რაღაც მომენტში გადაკვეთოს ის ზღვარი, რომლამდეც ჩვენს ჯანმრთელობას მყისიერი შედეგებით არ ემუქრებოდა. მაგალითად, ადამიანის ორგანიზმის განვითარების ეტაპზე მას შეიძლება საგანგაშო ეფექტი ჰქონდეს ჩვენი უჯრედების ზრდაზე.
"ჩვენ ასევე ვიცით, რომ ზოგადად, ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები უფრო დაუცველები არიან ნაწილაკებისა თუ ქიმიური ზემოქმედების მიმართ", — განუცხადა The Guardian-ს Vrije Universiteit Amsterdam-ის ეკოტოქსიკოლოგმა, დიკ ვეტააკმა.
თუ სხვა კვლევებში მონაწილეთა მცირე რაოდენობა შეზღუდვის მომასწავებელია, აქ — თითქმის პირიქით. 22 ადამიანიდან 17-ის სისხლში მიკროპლასტმასის ნაწილაკების აღმოჩენა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პრობლემა ფართოდაა გავრცელებული. ჩვენი სინთეზური სამყაროს მიერ წარმოქმნილი მტვერი ჩვენი ფილტვებისა თუ ნაწლავების მიერ მთლიანად ვერ იფილტრება.
ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება რელევანტური კითხვა — მიკროპლასტმასის ნაწილაკები თავისუფლად ცურავს სისხლის პლაზმაში თუ შთაინთქმება სისხლის თეთრი უჯრედების მიერ? ეს ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუმცა ამ ორიდან თითოეულ სცენარს თავისი გავლენა ექნება ამ ნაწილაკების მოძრაობასა თუ იმაზე, სხეულის რომელ ნაწილზე იმოქმედებენ ისინი ყველაზე მეტად.
რა თქმა უნდა, მომავალში გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო, უფრო დიდ და მრავალფეროვან ჯგუფებზე, რათა დადგინდეს, თუ როგორ და სად ვრცელდება მიკროპლასტმასა, სად გროვდება ის და საბოლოოდ, როგორ უმკლავდება ჩვენი ორგანიზმი ამ ნაწილაკებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები