რა უნდა იცოდე სტრასბურგის სასამართლოზე — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ყველა სამართლებრივი გზა ამოიწურება, სტრასბურგის სასამართლო სამართლიანობის მიღწევის ბოლო და ერთადერთი საშუალებაა. ამ სტატიაში ევროპული სასამართლოს ფუნქციას, მუშაობის პრინციპებს, მიმართვის წესსა და სხვა დეტალებს განვიხილავთ. ვისაუბრებთ იმაზეც, რატომ მცირდება საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა.

რას წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1959 წელს დაფუძნდა. სტრასბურგში მდებარე ცნობილი შენობიდან ის მილიონობით მოქალაქის უფლებების დაცვას ზედამხედველობს.

სასამართლოს იურისდიქცია ევროპის საბჭოში შემავალ ქვეყნებზე ვრცელდება და იმდენივე მოსამართლე ჰყავს, რამდენი მხარეცაა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ამჟამად ეს რიცხვი 46-ია.

სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, იცავენ თუ არა სახელმწიფოები კონვენციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს — ამისათვის როგორც კერძო ინდივიდების, ისე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების საჩივრებს განიხილავს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სავალდებულო ხასიათი აქვს. ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, აღასრულოს ის.

როგორ მუშაობს

სასამართლოს აქვს რეესტრი, რომელიც მას იურიდიულ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს. ის იურისტების, ადმინისტრაციული, ტექნიკური პერსონალისა და მთარგმნელებისგან შედგება.

თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი უვადო კონტრაქტით მუშაობს. მათ შეუძლიათ, კარიერული წინსვლა თავად რეესტრში ან ევროპის საბჭოს სხვა სამსახურებში განაგრძონ. რეესტრის ყველა წევრს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მკაცრი მოთხოვნების დაცვა ევალება.

მათი მთავარი ფუნქცია ინდივიდების მიერ წარდგენილი განაცხადების გაფორმება და მომზადებაა. რეესტრის იურისტები 31 საპროცესო განყოფილებად არიან დანაწილებულნი და თითოეულს საკუთარი ადმინისტრაციული დამხმარე გუნდი ჰყავს.

იურისტები მოსამართლეებისთვის დოკუმენტებსა და ანალიტიკურ შენიშვნებს ამზადებენ. ასევე, მათი მოვალეობაა მხარეებთან პროცედურულ საკითხებზე მიმოწერა. ამა თუ იმ განყოფილებას კი საქმე შესაბამისი ენისა და საკანონმდებლო სისტემის ცოდნის მიხედვით გადაეცემა.

ვინ არიან ევროპული სასამართლოს მოსამართლეები

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების რაოდენობას ემთხვევა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოსამართლეებს თითოეული სახელმწიფოს მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან 9 წლის ვადით ირჩევს. სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები არცერთ სახელმწიფოს არ წარმოადგენენ, მათ შორის, არც თავიანთ წარმდგენ ქვეყანას.

კონვენციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს მაღალი ზნეობრივი თვისებები უნდა ჰქონდეთ, ფლობდნენ სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ კვალიფიკაციას და იყვნენ აღიარებული სამართალმცოდნეები.

თავიანთი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მოსამართლეები არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია მათ დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობასთან ან სრულგანაკვეთიანი სამსახურის მოთხოვნებთან.

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge

რა საქმეებზე შეგიძლია მიმართვა

სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანა იმ შემთხვევაში შეგიძლია, თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული რომელიმე უფლება დაირღვა. მაგალითად:

  • სიცოცხლის უფლება;
  • სისხლის სამართლისა და სამოქალაქო ხასიათის საქმეების სამართლიანი განხილვის უფლება;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
  • აზრის გამოხატვის თავისუფლება;
  • აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
  • საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება;
  • არჩევნებში ხმის მიცემისა და საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება და სხვ.

კონვენცია, ასევე, კრძალავს:

  • ადამიანის წამებასა და არაადამიანურ თუ დამამცირებელი მოპყრობას;
  • თვითნებურ და უკანონო პატიმრობას;
  • დისკრიმინაციას კონვენციის უზრუნველყოფილი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას;
  • საკუთარი მოქალაქეების სახელმწიფოს ტერიტორიიდან გაძევებას ან მათ ამ ტერიტორიაზე შესვლის დაბრკოლებას;
  • სიკვდილით დასჯას;
  • უცხოელების კოლექტიურ გაძევებას.

როგორ უნდა მიმართო

პირველ რიგში, უნდა დარწმუნდე, რომ შენს ქვეყანაში სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება ამოწურე, შიდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან კი 4 თვეზე მეტი არ გასულა.

საჩივრის ფორმას სასამართლოს ვებგვერდზე იპოვი: www.echr.coe.int

შენ საჩივარში კი მითითებული უნდა იყოს:

  • მხარის ან მხარეების სახელი, რომელთა წინააღმდეგაც ხდება საჩივრის წარდგენა;
  • ფაქტებისა და სასარჩელო მოთხოვნების მოკლე შინაარსი;
  • კონვენციით გათვალისწინებული იმ უფლებების ჩამონათვალი, რომლებიც, შენი აზრით, დაირღვა;
  • სამართლებრივი დაცვის ის საშუალებები, რომლებიც გამოიყენე;
  • შენს საქმეში გამოტანილი ყველა გადაწყვეტილების ასლი (ეს საბუთები უკან არ დაგიბრუნდება, ამიტომ გამოიყენე ასლები);
  • შენი, როგორც მომჩივნის, ან შენი წარმომადგენლის ხელმოწერა.

საჩივრის შევსება შესაძლებელია ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ენაზე. შევსებული საჩივრის ფორმა შესაბამისი დანართებით იგზავნება მხოლოდ ფოსტით შემდეგ მისამართზე: The Registrar European Court of Human Rights Council of Europe 67075 Strasbourg Cedex FRANCE

თუ საჩივრის წარდგენის ფორმალური მოთხოვნები დაცულია, სტრასბურგის სასამართლო არეგისტრირებს საჩივარს და ანიჭებს საქმის ნომერსა და სახელს.

რა შემთხვევაში იქნება დასაშვები საჩივარი

ნებისმიერი საჩივარი გარკვეულ წინაპირობებს, ანუ დასაშვებობის კრიტერიუმებს, უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ:

  • საჩივარი სათანადო მომჩივნის მიერ უნდა იყოს წარდგენილი — პირი უნდა იყოს კონვენციის ერთი ან მეტი უფლების დარღვევის მსხვერპლი;
  • საჩივარი სათანადო მოპასუხის წინააღმდეგ უნდა იყოს წარდგენილი — მოპასუხე აუცილებლად უნდა იყოს ევროპის საბჭოს ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფო ან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, რომელსაც რატიფიცირებული აქვს შესაბამისი დამატებითი ოქმი, რომლის დარღვევასაც დავობს მომჩივანი.
  • საჩივარი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ევროპული კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი უფლების დარღვევას;
  • ამოწურული უნდა იყოს ყველა შიდასამართლებრივი საშუალება — მომჩივანს გამოყენებული უნდა ჰქონდეს ყველა სამართლებრივი საშუალება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა საჩივარში მითითებული სიტუაციის გამოსწორება;
  • საბოლოო შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებიდან არ უნდა იყოს გასული 4 თვეზე მეტი დრო;
  • საჩივარი არ უნდა იყოს ანონიმური.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას ორივე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს. კონვენციით ან/და სასამართლოს რეგლამენტით სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული დრო დადგენილი არ არის.

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენცია დაირღვა, მას შეუძლია, "სამართლიანი დაკმაყოფილების" სახით კომპენსაცია მოგანიჭოს. გარდა ამისა, სასამართლომ, ასევე, შეიძლება მოითხოვოს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები აგინაზღაუროთ.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აკონტროლებს.

ფოტო: Council of Europe

საქართველო და სტრასბურგის სასამართლო

საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციას 1 999 წლიდან ცნობს. ჩვენი ქვეყნიდან სტრასბურგის სასამართლოში სულ 3 მოსამართლე იყო წარდგენილი: მინდია უგრეხელიძე (1999-2008 წლებში), ნონა წოწორია (2008-2017 წლებში) და ლადო ჭანტურია (2017 წლიდან დღემდე).

საქართველოსთან დაკავშირებით, პირველი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2004 წელს მიიღო. საქმე "ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ" პრეცედენტული იყო თავად კონვენციის სისტემისთვის — ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად მოითხოვა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის დაუყოვნებელი გათავისუფლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

დღემდე სტრასბურგის სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის €130 მილიონამდე გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დატოვა ევროპის საბჭო, ეს მას არ ათავისუფლებს ევროპული კონვენციის იურისდიქციით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან წევრობის შეწყვეტამდე ჩადენილ ქმედებებზე.

მუხლები, რომელთა დარღვევაც სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე დაადგინა, ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, დამცირებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, სახლების გადაწვას, გაძარცვასა და სხვ.

2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების სტატისტიკა მკვეთრად შემცირდა, თუმცა ეს ავტომატურად ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და მართლმსაჯულების სრულყოფას არ ნიშნავს.

Gnomon Wise-ის კვლევაში, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში გაანალიზა, ნათქვამია, რომ სტატისტიკაზე სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა. ესენია:

  • 3 300-მდე რუსული, პოლიტიზებული სარჩელი, რომლებიც ოკუპანტმა ქვეყანამ 2008 წელს წარადგინა — საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობამ პიკს სწორედ ამ წელს მიაღწია.
  • საჩივრის შეტანის პროცესის გართულება — 2014 წლის პირველი იანვრიდან სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურა შეიცვალა. საჩივრის შეტანის ახალი ფორმა მეტ სიფრთხილესა და ცოდნას მოითხოვს, მოთხოვნების დაუცველობა კი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია;
  • სასამართლოში მიმართვის ვადასთან დაკავშირებით გამკაცრებული მიდგომა — 2014 წლიდან შეიცვალა გასაჩივრების ვადა, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობა კი გართულდა;
  • მეგობრული მორიგებები და ცალმხრივი დეკლარაციები — ასეთ შემთხვევებში ევროპული სასამართლოს წინაშე მხარეებს შორის წარმოშობილი დავა სრულდება და საჩივარი სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამოირიცხება;
  • ერთი მოსამართლის დანაყოფის შექმნა, რომელსაც აშკარად დაუშვებელი საჩივრების განხილვა დაევალა.

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ინტერვიუ შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this interview are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი: კათალიკოსმა იცოდა დიდი ხნის წინათ თქმა: მღვდელი ხმაურით თუ მაღლა იჭრება, ხელი სტაცე და მიწაზე დაანარცხეო
  2. რუსთავში აიღეს ძეგლი "სამოთხის კარიბჭე", რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა
  3. თეა წულუკიანი: "აცე ვიროს" შანტაჟი უნდა შეწყდეს. ეს ხელისუფლება არსად მიდის
  4. "ენგურჰესის" ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს სადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ვითარება მაინც რთულია
  5. თეა წულუკიანი: ახალგაზრდებს აქვთ ბრაზი, ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი, მათთან საგნობრივი დისკუსიაა საჭიროა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ალან ბერსე: ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს

ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს, — ამის შესახებ…