ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართველები ალიევს საზღვრის გახსნას სთხოვენ
ონლაინ პეტიციას, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მოუწოდებს, აღადგინოს შეზღუდული მოძრაობა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე, ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მათ შორის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართველები ჭარბობენ.
პეტიცია მარნეულში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ წამოიწყო.
საქართველოში 230 000-ზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეა, რაც მათ საქართველოს ყველაზე დიდ (6%) ეთნიკურ ჯგუფად აქცევს. დიდი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს.
აზერბაიჯანის სახმელეთო და საზღვაო საზღვრები საქართველოსთან, რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან 2020 წლის მარტიდან მოყოლებული დაკეტილია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. თუმცა ტვირთის გადაზიდვა აკრძალული არაა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ანტიპანდემიური ზომები უკვე დიდი ხანია გაუქმებულია, საზღვრების დახურვის ოფიციალურ დასაბუთებად COVID-19-ის გავრცელებისათვის ხელის შეშლა სახელდება. აზერბაიჯანში საჰაერო გზით შესასვლელად არც COVID-19-ის ტესტი და არც ვაქცინაციის მტკიცებულება არ არის საჭირო.
საქართველომ სახმელეთო საზღვრები მათთვის, ვინც სრული ვაქცინაციის საბუთს ან უარყოფით PCR პასუხს წარადგენდა, ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში გახსნა.
პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ საზღვრების დახურვამ "ნეგატიურად იმოქმედა" ადამიანებზე, შეაფერხა საზღვრისპირა ეკონომიკური საქმიანობა და საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანში მცხოვრებ ნათესავებს მოსწყვიტა”.
ივნისის ბოლოს აზერბაიჯანის მთავრობამ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. ამჟამად ფრენა ქვეყანაში მოსახვედრად ერთადერთი გზაა, რამაც აზერბაიჯანული ავიაოპერატორები AZAL და Buta Airlines მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენა. მთავრობა არ ითვალისწინებს, რომ ფრენა უამრავი ადამიანისათვის ფინანსურად ხელმისაწვდომი არაა.
საზღვრების ჩაკეტვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა იმის მიუხედავად მიიღო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაახლოებით 4 თვის წინ გლობალური პანდემიით გამოწვეული გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.
“ავიაბილეთების ამჟამინდელი ფასი ძალიან მაღალია, რაც ათასობით ადამიანს არახელსაყრელ მდგომარეობაში აგდებს”, — ნათქვამია პეტიციაში, — “სახმელეთო მიმოსვლის შეზღუდვით განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები დაზარალდნენ, რომლებიც საჰაერო მგზავრობისგან ჯანმრთელობის რისკების გამო იკავებენ თავს”.
პეტიცია საზღვრების სრულად გახსნას არ ითხოვს, ამის ნაცვლად ავტორები მთავრობას სთავაზობენ, ზოგიერთ ჯგუფს ნება დართოს, სახმელეთო საზღვარი "გადაადგილების ალტერნატიულ ფორმად გამოიყენონ".
"გთხოვთ, დაუშვათ ეს ალტერნატივა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისათვის (როგორც ეთნიკურად, ასევე მოქალაქეობის კუთხით) და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისათვის, რათა მათ ნათესავებთან კავშირის შენარჩუნება შეძლონ", — წერია პეტიციის ტექსტში.
საზღვრების ჩაკეტვამ აზერბაიჯანის მოქალაქეები მნიშვნელოვნად დააზარალა, მათ შორის, რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები, რომელთაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება მოუნდათ.
საქართველოსთან ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნა თურქეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელ სტუდენტებსაც დაეხმარებოდათ და ისინი სამშობლოში დაბრუნებას საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტების (წითელი ხიდი, დარახლო და ბალაქანი) გამოყენებით შეძლებდნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები