როგორ აღმოაჩინეს საქართველოში ხელახლა გარიელი
შემთხვევით იმ ფრინველის დანახვის შემდეგ, რომელიც საქართველოში გადაშენებული ეგონათ, ნიკა პაპოშვილმა მათი გადარჩენა ცხოვრების მთავარ საქმედ აქცია. წინააღმდეგობების მიუხედავად, მისი მისია წარმატებულია.
ნიკა პაპოშვილისთვის თავიდანვე ბუნება ის რესურსი იყო, რასაც გადარჩენისთვის იყენებდნენ. 1988 წელს, საქართველოს აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონის სოფელ კალაურში დაბადებული ნიკა 1990-იან წლებს იხსნებს, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ "რთულ პერიოდს".
"ყველა ცდილობდა, ცოცხალი გადარჩენილიყო", — ამბობს ნიკა, — "ჩემი ოჯახი ერთ-ერთი ჩვეულებრივი, ღარიბი ოჯახი იყო. ჩვენ უბრალოდ ვცდილობდით ბუნების გამოყენებას გადარჩენისთვის".
იმ დროს, ნიკას დედა და მამა ადგილობრივ სკოლაში ასწავლიდნენ, ჯამურად 17-ლარიანი ანაზღაურებით [იმ დროისთვის, დაახლოებით, 20$-30$] თვეში; ეს საკმარისი იყო მხოლოდ ოჯახისთვის პურის საყიდლად, დანარჩენი კი იყო მათ მიერ მოყვანილი და მოპოვებული საკვები და ნანადირევი.
მათ ბაღში მოჰყავდათ ლობიო, კარტოფილი, სიმინდი და ხორბალი. ასევე, აქ ნახავდით ღორებს, ქათმებს და კურდღლებს. ველურ ბუნებაში ისინი აგროვებდნენ ყვავილებს, კენკრას, სოკოს და შეშას, რასაც საჭმლის მოსამზადებლად და ზამთარში გასათბობად იყენებდნენ. შვიდი თუ რვა წლის ასაკიდან ნიკამ მამასთან ერთად ნადირობა დაიწყო, ისინი ნადირობდნენ მტრედებზე, გარეულ კურდღლებსა და იხვებზე.
"მახსოვს ის შეგრძნება, როცა პირველად მოვკალი იხვი", — ამბობს ნიკა.
ორი ათეული წლის წინ, კახეთში, ერთ ძალიან ცივ დილას ნიკა, მამამისი და მათი მეგობრები მდინარე ალაზანთან მოთმინებით იცდიდნენ გათენებამდე.
ნიკამ მისი მიმართულებით მფრინავი გარეული იხვი შეამჩნია.
"ვესროლე, ვარდება. ეს იმ დროს ძალიან კარგი გრძნობა იყო, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ ეს ჩემი მეგობრებისა და მამის თვალწინ გავაკეთე", — იხსენებს ნიკა, — ახლა ჩემთვის რთულია [ნადირობის] გაგრძელება, მაგრამ ყველა შეგრძნება მახსოვს".
ფიქრობს, რომ ეს გამოცდილება სასარგებლო იყო, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად განსხვავდება იმ საქმისგან, რასაც ახლა აკეთებს.
"ნადირობით ბევრი რამ ვისწავლე. მიყვარდა ის დრო და ვამაყობ ამ გამოცდილებით. ახლა ჩემთვის მარტივია ამ სფეროში მუშაობა, იხვებზე მუშაობა, მონადირეებსა და ადგილობრივ ხალხთან კომუნიკაცია", — ამბობს ის.
გეოგრაფიის მიმართ ცნობისმოყვარეობის მიუხედავად, ნიკამ გაითვალისწინა მშობლების რჩევა და თბილისში ბიზნეს ადმინისტრირების სასწავლად ჩამოვიდა. სწავლის დასრულების შემდეგ ბანკში მუშაობდა. მისი თქმით, მართალია, ეს საქმე მისთვის არ იყო, მაგრამ მაინც მადლიერია ამ გამოცდილების გამო, რადგან დარწმუნდა, რომ ბუნებას უნდა დაბრუნებოდა.
დაკარგული ფრინველის პოვნა
გარიელი არის მყვინთავი იხვი, მისი გამრავლებისა და გამოზამთრების ტერიტორია
მოიცავს ჩრდილოეთ ევროპიდან, შავი და კასპიის ზღვებსა და თურქეთს.
დაახლოებით 30 წლის წინ, კავკასიაში 1 500-მდე გარიელი იყო. მათი გამრავლების ადგილი საქართველოში 7 იყო , თურქეთში — 7 ან 8 და სომხეთში — 1. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ევროპაში საკმაოდ ფართოდ იყვნენ დასახლებულნი, 2010 წლიდან აღარ არსებობდა იმის სამხილი, რომ საქართველოში მრავლდებოდნენ.
გარიელი ნიკამ პირველად დაახლოებით იმ დროს ნახა, როცა მამასთან ერთად ნადირობა დაიწყო, როცა შემთვევით წააწყდა წიგნს, რომელმაც მისი ცხოვრების მიმდინარეობა შეცვალა: ეს იყო "საქართველოს ფრინველების" მტვრიანი ასლი, მისი სახლის პატარა წიგნების კოლექციიდან.
"მახსოვს, იმ სახეობების სახელებიც ვიპოვე, რომლებიც უკვე მოკლული მყავდა", — ამბობს ნიკა, — "იყო სხვა სახეობებიც, რომლებიც არასდროს მქონდა ნანახი და იყო გარიელი. მინდოდა ამ ფრინველის ნახვა, და სიმართლე გითხრათ, მაშინ ალბათ მისი მოკვლა მინდოდა".
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არაფერი იცოდა ფრინველებზე დაკვირვების, მეცნეირებისა და იმის შესახებ, რომ ადამიანი შეიძლება ყოფილიყო ორნითოლოგი, ეს წიგნი მისი "ბიბლია" გახდა.
ბანკიდან წამოსვლის შემდეგ ნიკა თავის პირვანდელ ინტერესს დაუბრუნდა და თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიის მიმართულებით მაგისტრატურაზე ისწავლა.
სწავლის პერიოდში ნიკამ შეისწავლა წყლის ფრინველების სახეობები სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს სამხრეთ ნაწილში, რათა მის პროფესორებს მონაცემების შეგროვებაში დახმარებოდა.
2014 წლის აგვისტოს დასაწყისში ნიკას შესაძლებლობა მიეცა საველე სამუშაოები გაეგრძელებინა ტაბაწყურის ტბაზე, სადაც ის თავის პარტნიორთან, მარინასთან ერთად გაემგზავრა.
ვულკანურ პლატოზე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მათ ტბის მიკროკლიმატისთვის დამახასიათებელი მკაცრი ამინდი დახვდათ. ძლიერი წვიმა მოდიოდა და ქარმა დიდი ტალღები გამოიწვია.
მაშინ, როცა მარინამ არჩია მანქანაში დარჩენილიყო და თავი დაეცვა მკაცრი პირობებისგან, ნიკამ გადაწყვიტა მოგზაურობის ისე დასრულება, როგორც დაგეგმილი იყო.
ნიკას სურდა გაეგო, იყო თუ არა ალბათობა, რომ იქ კიდევ ყოფილიყვნენ გარიელები, რომლებმაც მოახერხეს ტბის ირგვლივ გამრავლების ადგილების შენარჩუნება. წვიმის დროს, ის რამდენიმე საათის განმავლობაში ათვალიერებდა ტერიტორიას. ადგილობრივები მის შესამოწმებლად მიდიოდნენ.
"ვიტყოდი, რომ მაშინ ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყო", — ამბობს ნიკა, — "ალბათ, როგორც მოხუცები ამბობენ, ეს ბედი იყო, ვეძებდი და ვეძებდი. ბოლოს, შავი ფრინველების პატარა ჯგუფი ვიპოვე, მეგონა, გარიელები იყვნენ".
საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანებული უკან დაბრუნდა, რომ პროფესორებისთვის ახალი ამბავი ეცნობებინა. აკადემიკოსებს ეჭვი ეპარებოდათ: კავკასიაში არსებული სახეობების, ცუდი ამინდისა და იმ მანძილის გათვალისწინებით, საიდანაც ნიკა აკვირდებოდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა სხვა მსგავსი სახეობის ფრინველში შეშლოდა — ის შეიძლება ყოფილიყო შავულა იხვი ან სხვა იშვიათი ფრინველი.
მაგრამ ნიკა არ იყო მზად, უარი ეთქვა მის აღმოჩენაზე. მომდევნო წლის აგვისტოს დასაწყისში ნიკა და მისი ორი მეგობარი პასუხების მისაღებად კუნძულზე დაბრუნდნენ. მაშინ მათთვის უცნობი იყო, რომ მდედრი ფრინველების უმრავლესობას იმ დროისთვის უკვე დაეტოვებინა კუნძული. კიდევ უფრო გასაოცარი და მნიშვნელოვანი იყო, როცა ნიკას მეგობარმა შემთხვევით იპოვა მდედრი გარიელი, რომლის დაჭერაც მათ შიშველი ხელებით მოახერხეს.
"ძალიან გაოცებულები და ბედნიერები ვიყავით, რომ გარიელები ვიპოვეთ", — ამბობს ნიკა, — "ჩვენ ბუდე ვიპოვეთ და ყველაფერი გვქონდა, მტკიცებულება გვქონდა".
ამ სასწაულებრივი აღმოჩენის შემდეგ, ნიკასთვის შემდეგი ნაბიჯები ნათელი გახდა.
ის ორი წელი მუშაობდა იმ პროექტის ორგანიზებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ამ ფრინველების შენარჩუნებას და კუნძულზე დაბრუნების წახალისებას.
მისმა ძალისხმევამ შედეგს 2017 წელს მიაღწია, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაბრუნდა და კონსერვაციის სამუშაოები დაიწყო. მუშაობას დღემდე აგრძელებს, საკუთარი ორგანიზაციის, "გარიელის" ეგიდით.
"გამიმართლა, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მივედი იმ ხალხის საპოვნელად, ვინც მხარს დამიჭერდა, ვინც წინ გამიძღვებოდა, რომ მეპოვა გარიელები. ვიტყოდი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საკუთარი თავი ვიპოვე", — ამბობს ნიკა.
ტრიუმფი მიუხედავად წინააღმდეგობებისა
"კავკასია ბიომრავალფეროვნების 36 ცხელ წერტილს შორის ერთ-ერთია", — ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძე, NACRES Biodiversity-ის, სამხრეთ კავკასიაში კონსერვაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი, — "ეს ადგილები, სადაც სხვადასხვა სახეოებების უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა, "უზარმაზარი წნეხის" ქვეშ არიან".
"ბიომრავალფეროვნებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი კულტურის ჩამოყალიბებაში, შთააგონა საქართველოს მოსახლეობა, უზრუნველყო ეკოლოგიური სერვისების ფართო არჩევანი საუკუნეების განმავლობაში", — ამბობს ბეჟანი.
თუმცა ის იმასაც აღნიშავს, რომ ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებულმა უქსპლუატაციამ ბევრი სახეობა საქართველოში გადაშენების პირას მიიყვანა. ერთ-ერთი ასეთი სახეობა გარიელია.
ნიკა ამ ზღვარიდან მათ დასაბრუნებლად იბრძვის.
ის მთელი წლის განმავლობაში ხშირად სტუმრობს ტბას და სოფელ ტაბაწყურს, ცივ ზამთარშიც და ცხელ ზაფხულშიც. მისი საქმიანობა მოიცავს უშუალო კონსერვაციას, მონიტორინგს, ჰაბიტატის დაცვას, ცნობიერების დონის ამაღლებას სოფელ ტაბაწყურში და ადგილობრივების ჩართვას.
მაგრამ ზაფხულის შუა პერიოდი ყველაზე რთული დროა, ნიკას და სხვა მოხალისებეს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი კუნძულზე. ყოველ წელს, კუნძულის ყოველი მეტრს ასკანერებენ, ყველა მდედრ გარიელს იჭერენ, ამოწმებენ, აღრიცხავენ და ბუდეში კვერცხებს ითვლიან.
"თავიდან მხოლოდ 6 ბუდე იყო და ახლა 40-ზე მეტია. ეს ძალიან დიდი წარმატებაა პატარა ბიჭისთვის, რომელსაც არ ჰქონდა [აკადემიური] გამოცდილება, მხოლოდ ნადირობდა და ბუნებაში ხეტიალობდა", — ამბობს ნიკა.
კონსერვაციის ლიდერობის პროგრამასთან პარტნიორობის შემდეგ ნიკამ მუშაობა დაიწყო იმაზე, რომ ამ საქმეში უფრო ხანგრძლივი მხარდაჭერა უზრუნველეყო. წლების განმავლობაში, მას ხშირად უწევდა საკუთარი ფინანსური რესურსების გამოყენება სამუშაოს შესრულებისთვის.
მაგრამ საქმე მხოლოდ ფინანსურ ხარჯებს არ ეხება, მისი საქმიანობა ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ოჯახურ ცხოვრებაზე.
მისი მეუღლე, მარინა ამბობს, რომ ხშირად არის თვეები, როცა ის უფრო მეტ დროს ატარებს ექსპედიციებზე, ვიდრე თბილისში.
"რა თქმა უნდა, მირჩევნია მისი ყოველ დღე ნახვა, მირჩევნია, რომ ბავშვებთან იყოს, ჩემთან ერთად იყოს სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუნდაც უბრალოდ ვესაუბრო მას, მაგრამ ვიცი როგორი ბედნიერია, როცა ტაბაწყურში მიდის, როცა გარიელებთან მიდის", — ამბობს მარინა, — "ვფიქრობ, ნიკა სწორ გზაზეა და უნდა გააგრძელოს ის, რასაც აკეთებს".
ნიკა ასევე აღნიშნავს, რომ იღბლიანი კაცია.
"ჩემს მეუღლეს შეუძლია ჩემი გაგება და ყოველთვის ჩემ გვერდით დგას", — ამბობს ნიკა, — "ეს მე ძალას მაძლევს".
"ჩვენ ვალში ვართ მათთან და საკუთარ თავთან"
NACRES-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნიკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში კონსერვაციის საქმეში.
"ნიკა პაპოშვილის შესანიშნავმა მუშაობამ გარიელებზე დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში სხვადასხვა სახეობის შენარჩუნებაში. მისმა თავდადებამ და ვნებამ, რომ გადაერჩინა გარიელების ბოლო პოპულაცია, არა მხოლოდ შთაგვაგონა, არამედ გაზარდა საზოგადოების ცნობიერების დონე იხვებთან დაკავშირებით", — ამბობს ბეჟანი, — "ეს მე იმედს მაძლევს, რომ სახეობების შენარჩუნება მომდევნო თაობებშიც გაგრძელდება".
Nature Conservation Georgia-ის თანადამფუძნებელი, ელენე ნიკურაძე ამბობს, რომ ნიკა ბევრს მუშაობს იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რაც გარიელებს ემუქრებათ".
"ნიკა პაპოშვილის დაუღალავი შრომისა და თავდადების, სამეცნიერო აქტივობებისა და ადგილობრივებთან მეგობრული ურთიერთობის წყალობით, გარიელების მდგომარეობა ახლა ბევრად უფრო სტაბილურია" — აღნიშნავს ელენე.
ნიკა უფრო მეტად ფრთხილია, საკუთარი საქმის შეფასებისას.
"ძალიან ბევრი კითხვაა და პასუხები არ არის, მე მათ პოვნას ვცდილობ", — ამბობს ის — "ეს სახეობა, ეს ფრინველი, ჩემი ოჯახის წევრივითაა".
"ის რაოდენობა, რაც საქართველოში გვყვას, შეიძლება ითქვას, გადაშენების პირასაა", — ამატებს ის, — "ჩვენ ადამიანები ვართ, მაგრამ ჩემი აზრით, ისევე როგორც გარიელები და სხვა ცხოველები, ჩვენც ბუნებას ვეკუთვნით და ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ მათზე".
მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, ნიკა თავის საქმეს აღიქვამს, როგორც რაღაც გადაუდებელის გადავადების მცდელობას და არა გამოსავლის უზრუნველყოფას.
"ჩვენ დავკარგავთ ამ პოპულაციას, ეს მხოლოდ დროის ამბავია", — ამბობს ის — "გარიელების გადარჩენა შეუძლებელი არ არის, მაგრამ ძალიან რთული და საეჭვოა".
ბევრი დამაბრკოლებელი ფაქტორის მიუხედავად, ნიკა აგრძელებს ბრძოლას გარიელებისთვის, რაც მათ და იმ ეკოსისტემას, რომლის ნაწილიც არიან, აძლევს შანსს, რომ უფრო დიდხანს იცხოვრონ ტაბაწყურში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები