მიწისქვეშა კლიმატის ცვლილების გამო ჩიკაგო ჩაძირვის რისკის ქვეშაა — ახალი კვლევა
მაისში მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ შენობა-ნაგებობების სიმძიმის გამო ნიუ-იორკი იძირებოდა. როგორც აღმოჩნდა, იმავე ბედს იზიარებს ქალაქი ჩიკაგოც, თუმცა სულ სხვა მიზეზის, მიწისქვეშა კლიმატის ცვლილების, გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოს შენობებს ჩამოშლის რისკი არ ემუქრება, ახალი კვლევის აღმოჩენები ნათელს ჰფენს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც 2,7 მილიონი ადამიანი დადგება მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
"მიწისქვეშა კლიმატის ცვლილება მდუმარე საფრთხეა. ნიადაგი დეფორმირდება ტემპერატურის ცვალებადობის შედეგად და არც ერთი არსებული სამოქალაქო სტრუქტურა ან ინფრასტრუქტურა არ არის შექმნილი ამ ცვლილებებთან გასამკლავებლად", — აცხადებს წამყვანი ავტორი ალესანდრო როტა ლოირა, ასისტენტ პროფესორი ჩრდილო-დასავლეთ მაკკორმიკის საინჟინრო სკოლიდან.
ურბანული რაიონების ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესასწავლად მკვლევრებმა ქალაქის ცენტრალურ ბიზნეს ოლქსა (ჩიკაგოს მარყუჟი) და ილინოისის განაპირა მხარეებში დაამონტაჟეს 150 ტემპერატურის სენსორისგან შემდგარი უკაბელო ქსელი.
მათ აღმოაჩინეს, რომ მარყუჟის ქვეშ მიწისქვეშა ტემპერატურა ხშირად 10 გრადუსი ცელსიუსით უფრო თბილია, ვიდრე გრანტ პარკის ქვეშ (რომელიც შენობებისგან შორსაა). ასევე დაადგინეს, რომ ჰაერის ტემპერატურა მიწისქვეშა ნაგებობებში, როგორებიცაა: პარკინგის ავტოფარეხები და მეტროს სადგურები — შეიძლება იყოს 25 გრადუსი ცელსიუსით უფრო მაღალი, ვიდრე გრანტ პარკის ნიადაგის ტემპერატურა.
მათ მიერ შემუშავებული 3D მოდელის გამოყენებით, მკვლევრებმა გააანალიზეს, თუ როგორ შეიცვალა ნიადაგი 1951 წლიდან (როდესაც ქალაქში მეტრო გაიხსნა) დღემდე. შემდეგ კი ჩაატარეს სიმულაცია 2051 წლამდე, რათა შეეფასებინათ, როგორ შეიცვლება ის მომდევნო ათწლეულებში.
სიმულაციამ აჩვენა, რომ უფრო თბილმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს მიწის ამობურცვა და ზემოთ მიმართული გაფართოება 12 მილიმეტრით. შენობის წონამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის შეკუმშვა და ჩაძირვა 8 მილიმეტრით.
"ეს არ გულისხმობს იმას, რომ შენობები უეცრად ჩამოიშლება. ყველაფერი ძალიან ნელა იძირება", — განმარტა როტა ლოირამ.
მაგრამ, მიუხედავად შეშფოთებისა, მკვლევრების თქმით, არსებობს უამრავი საშუალება შენობებზე მიწისქვეშა კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასარიდებლად. მაგალითად, ზედმეტი სითბოს შესამცირებლად და ენერგოეფექტურობის გასაზრდელად, ურბანულ დამგეგმავებს შეუძლიათ მიწისქვეშა სივრცეების თბოიზოლაციით ან გეოთერმული ტექნოლოგიებით აღჭურვა, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს გათბობას ან ცხელ წყალს.
მკვლევრების თქმით, ამ ორი კონკრეტული და შედარებით მარტივი სტრატეგიის განხორციელება შეაფერხებს მიწისქვეშა კლიმატის ცვლილებას და მის გავლენას სამოქალაქო სტრუქტურებსა და ინფრასტრუქტურებზე.
კომენტარები