ჟურნალისტი ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავს დაესხნენ
დამოუკიდებელი სომხური მედია საშუალების ჟურნალისტს სტეფანაკერტში თავს დაესხნენ პირები, რომლებიც მისი მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. თავდასხმა იმ შემთხვევიდან 2 დღეში მოხდა, როცა ჟურნალისტს პროტესტის გაშუქებისას ტელეფონი ჩამოართვეს.
OC Media-ს პარტნიორი CivilNet-ის ჟურნალისტ, ჰაიკ ღაზარიანს სამშაბათ საღამოს, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში დაესხნენ თავს.
ღაზარიანი 8-9 ივლისს, პროკურატურის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს იღებდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ, ადვოკატებისთვის მიეცათ ნებართვა, რომ წითელი ჯვრისა და Halo Trust-ის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული ყოფილი თანამშრომელი, არმან ისრაელიანი მოენახულებინათ.
კვირას, საპროტესტო გამოსვლაზე პოლიციამ ღაზარიანს ტელეფონი ჩამოართვა. Civilnet-ის თანახმად, ღაზარიანმა განაცხადა, რომ პრესის სამკერდე ნიშანს ატარებდა, მაგრამ პოლიციის მტკიცებით, ეს არ იცოდნენ, რადგან ჟურნალისტის საშვსა და შარვალს ერთი და იგივე ფერი ჰქონდა.
ღაზარიანს ტელეფონი იმავე დღეს, მოგვიანებით დაუბრუნეს, როცა საქმეში ადამიანის უფლებადამცველი, გეგამ სტეფანიანი ჩაერთო მთიანი ყარაბაღიდან. პროტესტის ამსახველი ყველა ვიდეო წაშლილი იყო.
ინციდენტის შემდეგ, ჟურნალისტმა Facebook ლაივის საშუალებით განაცხადა, რომ სამართალდამცავი, რომელმაც ტელეფონი ჩამოართვა, არაიკ გასპარიანი იყო, მთიანი ყარაბაღის კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ღაზარიანმა პოლიციისგან და შსს-სგან მომხდარის ახსნა-განმარტება მოითხოვა.
ორშაბათს, ღაზარიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს არარატ მელკუმიანთან შეხვედრაზე დაიბარეს. CivilNet-ის თანახმად, მელკუმიანი ღაზარიანს "უხეში და მუქარის ტონით" ესაუბრა და ლაივ ჩართვის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
სამშაბათს, მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებადამცველმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა დაგმო და "მიუღებელი და სამარცხვინო" უწოდა.
თავდასხმის ამბის გასაჯაროების შემდეგ, სტეფანიანმა მეორე განცხადებით დაგმო ძალადობა და სამართალდამცავი უწყებებისგან მოითხოვა, რომ ყველაფერი იღონონ, რათა დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდეს და ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
CivilNet-მა მთიანი ყარაბაღის სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, რომ "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ქმედებები, რომლებიც კანონიერების ფარგლებს სცდება" და ამის ნაცვლად რეგიონის ამჟამინდელ ბლოკადას მიხედონ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები