აზერბაიჯანმა წითელი ჯვრის ტრანსპორტის მთიან ყარაბაღში მიმოსვლა დაბლოკა იმ მტკიცებით, რომ ამ გზით რეგიონში ტელეფონები, სიგარეტი და საწვავი კონტრაბანდულად შეაქვთ. ამ გადაწყვეტილებამ მთიანი ყარაბაღი სრულ ბლოკადაში მოაქცია.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სერვისმა სამშაბათს დილით განაცხადა, რომ წითელი ჯვრის ტრანსპორტი დროებით დაბლოკეს, შედეგად მთიანი ყარაბაღიდან პაციენტების სომხეთის კლინიკებში გადაყვანა შეჩერდა.

"მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯვარი ოფიციალური არხების საშუალებით გააფრთხილეს, უკანონო ქმედებები გაგრძელდა და მათ აღსაკვეთად აუცილებელი ნაბიჯები არ გადადგმულა", — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დამატებით აღნიშნულია, რომ სავარაუდო კონტრაბანდული საქონლის შეტანასთან დაკავშირებით სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო და გამშვები პუნქტის გავლა შეჩერებულია, "სანამ აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება".

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრანსპორტში, რომელმაც 1-5 ივლისის შუალედში შემმოწმებელი პუნქტი გაიარა, 15 არადეკლარირებული ტელეფონი, მობილურის ნაწილები, 800 კოლოფი სიგარეტი და 320 ლიტრი ბენზინი აღმოაჩინეს. ასევე 125 კოლოფი სიგარეტი და ათასი ლიტრი ბენზინი.

განცხადებაში მითითებული იყო ტრანსპორტის მძღოლების სახელები და პასპორტის ნომრები და მანქანის სანომრე ნიშნები.

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთიდან მთიან ყარაბაღში მიმავალი მანქანებიდან ყველა სახის ტვირთის დეკლარირებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც 2022 წლის დეკემბრიდან რუსული სამშვიდობო ტრანსპორტისა და წითელი ჯვრის მიმოსვლა თითქმის სრულად არის შეზღუდული, მათ შორის, ტელეფონების, სიგარეტისა საწვავის გადატანა განსაკუთრებით კონტროლდება.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სანაცვლოდ საქონლის პირდაპირ აზერბაიჯანიდან მთიან ყარაბაღში გადატანის შესახებ განაცხადა.

სამშაბათს, წითელმა ჯვარმა განცხადება გაავრცელა, რომ არაავტორიზებული საქონლის გადატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ იცოდნენ, თუმცა მსგავს საქმიანობას მხარს არ უჭერენ.

"წითელი ჯვრის კუთვნილ ტრანსპორტში არაავტორიზებული მასალა არ იქნა აღმოჩენილი. ნებისმიერი სახის ტვირთი აზერბაიჯანის საბაჟო შემოწმებას ექვემდებარება", — აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მათ მიერ დაქირავებულმა 4-მა მძღოლმა, კომერციული მოგების მიზნით, ორგანიზაციის ტრანსპორტით საქონლის გადატანა სცადეს, თუმცა წითელმა ჯვარმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

"ეს ადამიანები წითელი ჯვრის გუნდის წევრები არ იყვნენ და სერვისული მომსახურების კონტრაქტები დაუყოვნებლივ შეუწყდათ", — განაცხადეს მათ აღნიშნეს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა რეგიონში "ისევ დასაშვები უნდა გახდეს".

განცხადების შემდეგ, აზერბაიჯანულმა სახელისუფლებო მედიამ წითელი ჯვრის საწინააღმდეგო მასალების გამოქვეყნება დაიწყო, რომლებშიც ორგანიზაციას ბრალს სდებენ, რომ "სომხეთისა და მათი რუსი და დასავლელი მფარველების მიერ" ფინანსდებიან და კონტროლდებიან, ასევე "ანტი-აზერბაიჯანული" განწყობები აქვთ.

Report.az-მა გაავრცელა მოწოდება, რომ სომხური წითელი ჯვრის აქტივობა მთიან ყარაბაღში უნდა შეწყდეს, რადგან ორგანიზაციამ "დაარღვია საერთაშორისო ნორმები და მტერს სრულ მხარდაჭერას უცხადებს".

არც სომხეთს და არც მთიან ყარაბაღს სიახლეებზე ოფიციალური პასუხი არ დაუფიქსირებია.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან გამშვები პუნქტი მოაწყო, რეგიონის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე კონტროლი დაამყარა, რამაც წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მიმოსვლა თითქმის სრულად შეზღუდა.

აზერბაიჯანის გამშვები პუნქტი ლაჩინის დერეფანთან.

ფოტო: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მათ რეგიონზე წვდომა 15 ივნისს შეეზღუდათ, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. რუს სამშვიდობოებს რეგიონში შესვლა იქიდან მოყოლებული აკრძალული აქვთ, რამაც მთიან ყარაბაღში საბაზისო საკვებისა და საწვავის დეფიციტი გამოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰან ბაირამოვი წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა და ორგანიზაციას წვდომა ივნისის მიწურულს ისევ მიეცა, რათა ის ადამიანები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, სომხეთის კლინიკებში გადაეყვანათ.

შეხვედრისას ბაირამოვმა თქვა, რომ სხვა საჭიროებებს აზერბაიჯანი უზრუნველყოფდა აგდამისა (დასავლეთ აზერბაიჯანი) და სტეფანაკერტის დამაკავშირებელი გზით.

გაზი და ელექტროენერგია

ლაჩინის დერეფნის ბლოკადიდან მოყოლებული რეგიონში ასევე დაიწყო ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების პერიოდული შეწყვეტა. იქამდე, აღნიშნული რესურსები რეგიონს სომხეთიდან მიეწოდებოდა იმ მილებით, რომლებიც აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას კვეთენ.

9 ივლისს, 4-თვიანი წყვეტის შემდეგ გაზის მიწოდება აღდგა, თუმცა 24 საათის შემდეგ ისევ შეწყდა.

გაზმომარაგების შეწყვეტის შემდეგ არაერთმა აზერბაიჯანულმა სახელისუფლებო მედიამ გამოაქვეყნა მასალები, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას აზერბაიჯანთან ინტეგრაციაზე თანხმობის იქეთ ალტერნატივა აღარ აქვთ.

Qafqazinfo.az-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენისა და შეწყვეტის მიზანი იყო, რეგიონში მოსახლე სომეხი პოპულაციისთვის ეჩვენებინათ, რომ აზერბაიჯანი მათთან ინტეგრაციის შემთხვევაში რეგიონს "ყველაფრით" უზრუნველყოფდა და მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება ამ პროცესს ხელს უშლიდა.

აზერბაიჯანმა არაერთხელ ოფიციალურად უარყო გაზის შეწყვეტასთან მათი კავშირი და აღნიშნა, რომ რეგიონს გაზი სომხეთიდან მიეწოდება.

იანვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გარედან მიწოდება რეგიონს სრულად შეუწყდა, რადგან დაზიანდა კაბელი, რომელიც მთიან ყარაბაღს რესურსს სომხეთიდან აწოდებდა. მას შემდეგ რეგიონი ჰიდროელექტროენერგიის წარმოების მწირ შესაძლებლობებს იყენებს, რაც, მათ შორის, წვიმის სიხშირეზეა დამოკიდებული.

მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მოქალაქეებზე საწვავის მიყიდვა აკრძალა და მარაგს გადაუდებელი საჭიროებებისთვის ზოგავს.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.