აშშ-ის საელჩოს დაცვამ აქტივისტები და ჟურნალისტები აზერბაიჯანის პოლიციას გადასცა
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
სამი ფემინისტი აქტივისტი და ერთი ჟურნალისტი ბაქოში აშშ-ის საელჩოს დაცვამ დააკავა და პოლიციას გადასცა მას შემდეგ, რაც მათ გადაბაიში პოლიციის სისასტიკის გასაპროტესტებლად მშვიდობიანი აქცია გამართეს და ლაივსტრიმი ჩართეს.
აქტივისტები 23 ივნისს აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღის ნაადრევად აღსანიშნად გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ.
მიღების დროს გულნარა მეჰდიევამ, სანუბარ ჰეიდაროვამ და ნარმინ შაჰმარზადემ შარფები მოიხსნეს და კისერზე დახატული შავი ხელები გამოაჩინეს.
ისინი აზერბაიჯანელი დეპუტატებისა და სხვა ოფიციალური პირების გვერდით იდგნენ, გადაბაიში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ და ღიად აკრიტიკებდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ.
ულვი ჰასანლიმ, დამოუკიდებელი მედიასაშუალების Abzas-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საპროტესტო ქმედება პირდაპირ ეთერში გააშუქა.
"აზერბაიჯანში ადამიანის ყველა უფლება არათუ დაცული არაა, არამედ აქტიურად ირღვევა", – განაცხადა სანუბარ ჰეიდაროვამ, – "გვინდოდა ცივილიზებულად მიგვეპყრო ყურადღება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისაკენ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, განსაკუთრებით კი, გადაბაიში მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ".
გადაბაის რაიონში მდებარე სოფელი სოიუდლუ 21 ივნისიდან ჩაკეტილია. მაცხოვრებლების გარდა, სოფელში შესვლა და გამოსვლა ყველასთვის აკრძალულია. მკაცრი ზომები სოფლის მიმართ მას შემდეგ გატარდა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ოქროს მაღაროების შედეგად არსებული დაბინძურება გააპროტესტა.
შაჰმარზადემ OC Media-ს განუცხადა, რომ საელჩოს დაცვის თანამშრომლები აქტივისტებს საუბრის დროს მიუახლოვდნენ და შენობის დატოვება მოსთხოვეს. აქტივისტებისა და სულ მცირე ერთი თვითმხილველის თქმით, ისინი აშშ-ს საელჩოს დაცვამ საელჩოს შესასვლელში იქამდე დააყოვნა, სანამ ტერიტორიაზე პოლიცია გამოჩნდებოდა.
აქტივისტები ჰასანლისთან ერთად პოლიციას გადასცეს, თუმცა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.
OC Media-სთან საუბარში ჰასანლიმ აღნიშნა, რომ მას საელჩოს დაცვის წევრები უხეშად ეპყრობოდნენ: "ხუთმა თუ ექვსმა დაცვის წევრმა გადამიგრიხა ხელები და პოლიციას გადააბარა ჩემი თავი".
"ასეთ ძალადობრივ ქცევას საელჩოს ტერიტორიაზე არ ველოდი", — თქვა ჰასანლიმ, — "ეს ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაა. იმ ქვეყნის საელჩო, რომელიც დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და პრესის თავისუფლებაზე საუბრობს, ასე არ უნდა მოქცეულიყო, ეს ძალიან სამარცხვინო ქმედებაა".
საელჩოს გარე ტერიტორიაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ სვამს ოთხი პოლიციელი ჰასანლის პოლიციის მანქანაში.
მას შემდეგ, რაც საელჩოს თანამშრომლებმა აქტივისტები და ჟურნალისტი შენობიდან გააძევეს, სულ მცირე ათმა აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო აქტივისტმა ღონისძიება პროტესტის ნიშნად დატოვა.
"საელჩოს დაცვის მიერ ჟურნალისტებისა და აქტივისტების გაყვანა და მათი პოლიციისთვის გადაცემა, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო იყო", — წერს მწერალი ზუმრუდ იაღმური, — "როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მათ გავყევი".
აფიადინ მამედოვიც, ადგილობრივი პროდემოკრატიული ჯგუფის, დემოკრატია 1918 მოძრაობის წევრიც იმ პირებს შორის იყო, ვინც საელჩო პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მამედოვმა OC Media-ს დაუდასტურა, რომ საელჩოს თანამშრომლებმა Abzas-ის დამფუძნებელი ულვი ჰასანლი ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს, სხვებს კი უბრძანეს, ტერიტორია დაეტოვებინათ.
"ფემინისტები ცივილიზებულად აპროტესტებდნენ", – დასძინა მან.
"ულვი ჰასანლი პროტესტს ისე აშუქებდა, როგორც ჟურნალისტი. მასთან დაცვის თანამშრომელი მივიდა და მოსთხოვა, ლაივი გაეწყვიტა. მას შემდეგ, რაც ულვიმ პირდაპირი ჩართვა შეწყვიტა, დაცვა მას ხელებში სწვდა და საელჩოს გასასვლელისკენ წაიყვანა. ულვი ჰასანლი და ფემინისტი აქტივისტები საელჩოს კართან იმყოფებოდნენ, სანამ პოლიციის 21-ე განყოფილების თანამშრომლები არ მოვიდნენ. სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ დაცვამ მათ პირადად გადასცა ულვი და ფემინისტები", — თქვა მან.
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი არც ადასტურებს და არც უარყოფს საელჩოდან აქტივისტებისა და ჟურნალისტის ფიზიკურად გაყვანას. მისი თქმით, ღონისძიების მხოლოდ ნაწილი იყო მედიისთვის და შესაბამისად, გადაღებისთვის ღია.
"ღონისძიების მიზანი სტუმრების ერთმანეთთან დაკავშირება, შეერთებული შტატების მრავალფეროვნების აღნიშვნა და ოფიციალური დღესასწაულის ერთად გაზიარება იყო", — თქვა საელჩომ.
"აშშ-ს საელჩო მხარს უჭერს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებას".
კომენტარები