მოსაზრება | ინგუშები რუსეთს ტოვებენ
უკრაინაში მარცხის შემდეგ რუსეთის კოლაფსი გარდაუვალია და როცა ეს მოხდება, ინგუშები მზად არიან, საკუთარი მომავლისთვის იბრძოლონ.
მარკიზ ასტოლფ დე კუსტინეს სიტყვები — "რუსეთი ხალხთა ციხეა" ინგუშებისათვის სრულიად გასაგებია, რადგან მათ საკუთარ თავზე იწვნიეს პატიმრობა ქვეყანაში, რომელმაც სახელი და ზომა მრავალჯერ შეიცვალა, თუმცა არაადამიანური სული საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა.
250 წლის განმავლობაში ინგუშები ერთ სრულ და სამ ნაწილობრივ დეპორტაციას გადაურჩნენ. ათიათასობით ინგუში (რაც სრული მოსახლეობის მოზრდილი ნაწილია) მასობრივ ხოცვა-ჟლეტასა თუ ხელოვნურად შექმნილ შიმშილობას ემსხვერპლა.
მეფის რუსეთში გენერლები ჩიოდნენ: "რატომ უნდა ცხოვრობდნენ ეს ველურები ამ მშვენიერ მიწაზე?". ამ აზრით მოტივირებულმა რუსმა ჯარისკაცებმა უთვალავი დამსჯელი ექსპედიცია განახორციელეს, თავზარი დასცეს სოფლებს და ათასობით ადამიანი გაანადგურეს.
კომუნისტებმა ინგუშები "ხალხის მტრებადაც" კი გამოაცხადეს და უამრავი მათგანი ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში გაასახლეს.
21-ე საუკუნეს ბევრი არაფერი შეუცვლია და ინგუშები რუსების პირისპირ კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ ჩეჩნეთის ომებში.
უშიშროების სამსახურის მიერ ადამიანების გატაცებები, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა და "სპეციალური ოპერაციები" როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ისე შეიარაღებული წინააღმდეგობის წევრების მიმართ დღესაც გრძელდება.
რუსეთმა ინგუში თანამშრომლები სამართალდამცავ უწყებებში გააწესა, რათა "რუსული სამყარო" საქართველოზე, ყირიმსა და დონბასზეც გაევრცელებინა.
თუმცა ინგუშებისათვის ბოლო წვეთი უკრაინის ომისათვის რუსეთის არმიის მობილიზაციის გამოცხადება აღმოჩნდა. მით უმეტეს მაშინ, როცა ცხადი გახდა, რომ რუსეთი ომიდან გამარჯვებული ვერ დაბრუნდებოდა და ეს, სავარაუდოდ, იმპერიის კიდევ ერთ დაცემას გამოიწვევდა.
ინგუშების დამოუკიდებლობის კომისია
ინგუშებმა რუსეთის კოლაფსი უკვე ორჯერ გამოცადეს და მოუმზადებლობის გამო ქაოსში გაეხვნენ. ამჯერად მზადება 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და თურქეთში, ევროკავშირში და ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ინგუში ემიგრანტების ჯგუფმა გადაწყვიტა, სახელმწიფოს, არმიისა და მთავრობის შესაქმნელად მომზადებულიყო. 2022 წლის 13 დეკემბერს სტამბულში ინგუშების დამოუკიდებლობის კომისია დაარსდა.
კომისიაში გაწევრიანდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთა მიზანია, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ინგუში ერთი მიზნის, ინგუშეთის დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნის გარშემო გააერთიანონ.
კომიტეტის წევრების ვინაობა უსაფრთხოების მიზნებით სრულიად გასაიდუმლოებულია, გარდა აჰმად ოზდოსი, რომელმაც ევროპარლამენტში ინგუშეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხა და პრესმდივანი რუსლან ევლოევისა.
შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არა მხოლოდ კომისიის წევრების, არამედ ინგუშეთში მცხოვრები მათი ნათესავების ინტერესის დაცვას ემსახურება. გახმაურების შემთხვევაში მათ წამება ელით: საუკეთესო შემთხვევაში, მათ სახალხოდ შერცხვენისა და შეურაცხყოფის შემდეგ გამოუშვებენ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი მათი სახელები დაკარგულთა გრძელ სიას შეუერთდება.
კომისიის წევრებს დიდების სურვილი ან პირადი სარგებელი არ ამოძრავებთ. ისინი ამ მიზნისთვის სიცოცხლის ფასად იბრძვიან.
ინგუშეთს რუსეთში მომავალი არ აქვს
კომისიაში ყველა გადაწყვეტილება კოლექტიურად მიიღება და არა ინდივიდუალურად. ასე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ინგუშეთის შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ — შეიქმნა გენერალური შტაბი. მასში შედიან ინგუში ოფიცრები, რომლებიც ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ომის დროს იბრძოდნენ. სამხედრო დანაყოფების შექმნა ჯერაც მიმდინარეობს.
ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ინგუშეთის შეიარაღებული ძალები ქვეყანას ოკუპაციისაგან გაათავისუფლებენ. სამხედრო ორგანოები იქმნება იმისთვის, რომ ინგუშეთის მოსახლეობა შიდა და გარე მტრებისაგან დაიცვას — ისეთი მტრებისაგან, როგორებიც არიან ვაგნერის სამხედროები, კადიროვის ბანდის წევრები და სხვა დამნაშავეები, რომლებმაც უკრაინაში უკვე ურიცხვი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. რუსეთის კოლაფსის შემდეგ არც ინგუშეთი იქნება ხელშეუხებელი.
ბევრი შეცდომით თვლის, რომ კომისიის მიზანი რუსეთის განადგურებაა. არ არსებობს ადეკვატური ადამიანი, რომელიც სერიოზულად იფიქრებს, რომ ასეთი მცირე ზომის რესპუბლიკას ამის ძალა შეიძლება ჰქონდეს.
რუსეთი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს, პუტინსა და რუს ხალხს კი წაგების "ფუფუნება" არ აქვთ, ისინი იქამდე იბრძოლებენ, სანამ კორუმპირებული ქვეყანა ბოლომდე არ დაინგრევა. რუსეთი აუცილებლად დაიშლება ნაწილებად — ზოგმა შეიძლება თავის მოტყუება შეძლოს, თუმცა არა რუსეთის შემადგენელმა ქვეყნებმა.
რუსეთში მცხოვრები ხალხი, რომელთათვისაც ეს "სხვისი" ომია, ვისაც არ შეუძლია საკუთარი ენის სკოლებში შესწავლა, ვინც საკუთარ ქვეყანაში თავს მეორეხარისხოვან მოქალაქედ თვლის, ახლა რუსეთის გარეშე მომავალზე უნდა დაფიქრდეს. მათ უნდა წარმოიდგინონ ცხოვრება, რომელშიც რუსეთის იმპერიალიზმის საზარბაზნე ხორცი აღარ არიან. მათი მომავალი რუსეთში კი არა, მისგან დამოუკიდებლად არსებობს.
"კარგი რუსები" ითხოვენ, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც იყო
ის "კარგი რუსებიც" კი, რომლებიც პუტინსა და მის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან, ინგუშეთის დამოუკიდებლობაზე საუბრისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ.
სწორედ ამ თემაზე ვეკამათე რუსულ ოპოზიციას ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტის კედლებში თავისუფალი ერების პოსტრუსეთის ფორუმზე, სადაც ინგუშების დამოუკიდებლობის კომისიას წარმოვადგენდი.
მათ სურთ, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორიც არის — რუსეთი 1991 წელს დადგენილ საზღვრებში. ვერ მოვისმინე, რას გეგმები აქვთ აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან ან დნესტრისპირეთთან დაკავშირებით, თუმცა მჯერა, რომ ხალხის სურვილს ყურადღებას მიაქცევენ, თუმცა ამის მიუხედავად რუსეთში მცხოვრები მოქალაქეების სურვილები "სეპარატიზმად" იფუთება.
კრემლის მსგავსად, არც რუსულ ოპოზიციას სურს იმის მოსმენა და მიღება, რომ ჩვენ, რუსეთში მცხოვრები ათასობით ადამიანის მსგავსად, რუსეთით დავიღალეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ "კარგ რუსებს" არ ესმით ისაა, რომ ყველა სფეროში მათი დომინაციის ქვეშ ცხოვრება, როცა ქვეყანა ყოველ ასეულ წელიწადში ერთხელ ეცემა — ჩვენი არჩევანი არაა.
ნაკლებად სავარაუდოა, დედამიწაზე იპოვოთ ხალხი, რომელსაც ენდომებოდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ერთ საუკუნეში ღმერთი და კერძო საკუთრება სრულიად ნადგურდება, შემდეგ საუკუნეში კი ორთოდოქსული ტყვეობა იწყება, რომლის ლიდერიც ას არაბ შეიხზე მდიდარია.
სიგიჟეა, მაგრამ რუსული ოპოზიცია კვლავაც "მომავლის მშვენიერ რუსეთს" გვპირდება, ზუსტად ისეთივე ენთუზიაზმით, როგორც ბოლშევიკები ჰპირდებოდნენ კომუნიზმს ხალხს ასობით წლის წინ. 200 წლის წინ კი მეფის მომხრე გენერლებმა გვითხრეს, რომ მონათმფლობელურ იმპერიაში წარმატებითა და კეთილდღეობით სავსე ცივილიზებული ცხოვრება გველოდა.
ჩვენ რუსებთან არაფერი გვაკავშირებს
ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის არარუსმა მოსახლეობამ რუსებთან საერთო ენა გამონახოს, რადგან რუსებს იმპერია უნდათ, ჩვენ კი — არა.
ინგუშებს, ჩეჩნებს, დაღესტნელებსა თუ ბაშკირებს არ აინტერესებთ და არ სჭირდებათ ყირიმისა თუ დონბასის ოკუპაცია, დნესტრისპირეთზე კონტროლი და იმ მეზობელი ხალხის დაპყრობა, რომლებიც მათ ენაზე საუბრობენ და 9 მაისს აღნიშნავენ.
სოციალურად და კულტურულად ჩვენთვის აზერბაიჯანი უფრო ახლობელი და გასაგებია. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო საქართველოსთან, სადაც ხალხი შვებულებაზე, სახლის შეკეთებასა თუ ახალი მანქანის ყიდვაზე ფიქრობს და არა იმაზე, დაიპყრობს თუ არა ვაგნერი ბახმუტს და როგორ უნდა იქცეს ომის დანაშაული გამარჯვებად.
ინგუშების ისტორია მეფის, კომუნისტური თუ "დემოკრატიული" რუსეთის ფარგლებში ერთი დიდი დანაშაულია, რომელსაც რუსეთი ინგუში ხალხის წინაშე ჩადის. ამ ხალხმა მხოლოდ ის დააშავა, რომ არ სურს, გადაშენდეს ან კრემლის წინაშე თავდახრილმა იცხოვროს.
ინგუშების დამოუკიდებლობის კომისია დღეს ცივილიზაციის, ნორმალური ეკონომიკისა და კანონის უზენაესობის სახელით საუბრობს. ამ ყველაფერმა ინგუშეთში იმპერიალიზმი, კორუფცია და რუსული სამყაროს სხვა კომპონენტები უნდა ჩაანაცვლოს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები