სოხუმის მერი სამშენებლო კანონმდებლობის გამო საკრებულოს უჩივის
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
სამშენებლო კანონმდებლობასთან დაკავშირებული კონფლიქტი სოხუმის მერიასა და საკრებულოს შორის უკიდურესად გამწვავდა. მერიამ საკრებულოს წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მიიღო.
ქალაქის მერი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერაა დანიშნული, საქალაქო საკრებულოს ცენტრალურ სოხუმში მრავალსართულიანი ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით ედავება.
აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ მშენებლობა გაგრძელდება, ისტორიული ცენტრის იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვლება, აფხაზეთში კი რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოდინება იქნება მოსალოდნელი.
შენობა, რომლის სამუშაოებიც 2022 წლის შუა რიცხვებში დაიწყო, საკრებულოს დადგენილების მიხედვით უკანონოა. გადაწყვეტილების თანახმად, ცენტრში არსებული ნაგებობების სიმაღლე 16 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.
კანონმდებლობის საკითხი საჯარო ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც აქტივისტებმა მშენებლობის გაპროტესტება დაიწყეს და გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო (17 მარტს).
იმავე თვის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ დაასკვნა, რომ სოხუმის მერის, ბესლან ეშბას 2022 წლის გადაწყვეტილება კოგონიას ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის დაშვებასთან დაკავშირებით არ შეესაბამებოდა სოხუმის საკრებულოს 2009 წლის გადაწყვეტილებას. პროკურატურამ მერიას დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდა.
საპასუხოდ, მერიამ მაისის ბოლოს გამოაცხადა, რომ სასამართლოს გზით დაადგენდა, რამდენად კანონიერი იყო სოხუმის საკრებულოს 2009 წლის გადაწყვეტილება.
20 ივნისს, საქმის პირველ განხილვაზე მერიის ადვოკატმა ასლან დოჩიამ განაცხადა, რომ საკრებულო უფლებამოსილი არ იყო ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. არგუმენტად მან 1940 წლის 22 მაისის კანონი მოიყვანა ქალაქებში, სამუშაო დასახლებებში, კურორტებსა და დასასვენებელ პუნქტებში არალეგალურ მშენებლობებთან ბრძოლის შესახებ.
საქალაქო საკრებულოს წარმომადგენელმა ადვოკატმა, საიდ გეზერდაამ საპასუხოდ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კანონმდებლობა თანამდებობის პირთა ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს ვერ დაარეგულირებს, რადგან მასში გათვალისწინებული არაა ადგილობრივი ხელისუფლების არსებობაც კი, არათუ მათი უფლება-მოვალეობები.
დოჩია ამტიცებდა, რომ საკრებულოს არ შეუძლია მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადაწონა, გეზერდაა კი პასუხობდა, რომ საკრებულო "მმართველი ორგანოა", რომლის ნებართვისა და საქმის კურსში ჩაყენების გარეშე ქალაქის მმართველები გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.
გეზერდაამ დაამატა, რომ ხუთ სართულზე მაღალი ნაგებობის მშენებლობის აკრძალვა ამჟამადაც ძალაშია და მისი არსებობა ადმინისტრაციის ქმედებების შესაზღუდად აუცილებელია, რადგან სოხუმს ურბანული დაგეგმარების გეგმა და შესაბამისი კანონმდებლობა არ აქვს.
"არ არსებობს ურბანული დაგეგმარების კოდექსი, არ არსებობს [ქალაქის] გენერალური გეგმა და არ არსებობს სამშენებლო წესები. ეს არაგონივრული და თვითნებური გადაწყვეტილებებისათვის ნიადაგს ქმნის; გადაწყვეტილებები მხოლოდ კონკრეტული ოფიციალური პირების აზრსა და პოზიციაზე დაყრდნობით მიიღება", – განაცხადა გეზერდაამ.
პრეცედენტის შექმნა
ამ საქმის გადაწყვეტა შეიძლება აფხაზეთისთვის საკვანძო მნიშვნელობის გახდეს და ამან მომავალში აფხაზეთის საბინაო პოლიტიკა განსაზღვროს. ამჟამად ახალი კანონმდებლობის მონახაზის განხილვა მიმდინარეობს.
აქტივისტებმა და ოპოზიციურმა ჯგუფებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ საკამათო კანონი სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც მისცემს საშუალებას, აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინონ და მოქალაქეობა მოიპოვონ. ზოგიერთმა ეს ორი შემთხვევა (ახალი კანონპროექტი და მშენებლობა ცენტრში) დააკავშირა და თქვა, რომ ცენტრში მიმდინარე მშენებლობის მიმართ მზარდი ინტერესი ახალ პოტენციურ კანონპროექტთან არის დაკავშირებული.
რუსი მაღალჩინოსნები უკვე წლებია, აფხაზეთის ხელისუფლებას უბიძგებენ, რუს მოქალაქეებსაც მისცენ უფლება, რომ აფხაზეთში ქონება შეიძინონ და საცხოვრებლად დასახლდნენ – აფხაზი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან.
ოთხშაბათს საზოგადოებრივმა ორგანიზაცია AHATS-მა განაცხადა, რომ ბინების შესახებ კანონი "პოლიტიკური სუვერენიტეტის საკითხებთანაა" დაკავშირებული და მისი მიღება "აფხაზეთის დემოგრაფიულ ბალანსს" დაარღვევს, რაც მომავალში შიდა და საგარეო პოლიტიკურ დაძაბულობას გამოიწვევს.
ორგანიზაციის წევრები დეპუტატებს სთხოვენ, 1-ელ ივლისამდე უარი თქვან "ანტიაფხაზურ" კანონპროექტზე. მათი თქმით, თუ კანონპროექტს კენჭს უყრიან, რიგით მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლის გარდა სხვა გზა არ დარჩებათ
კანონპროექტს უარყოფითად შეხვდა ოპოზიციური ფლანგი და მისი უკან გამოთხოვა მარტში საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა იყო.
საკრებულოს 2009 წლის გადაწყვეტილების კანონიერების განხილვა ჯერაც მიმდინარეობს.
სამომავლო მოსმენებზე შეიძლება მოიწვიონ ალხას ლადარია, იმ ტერიტორიის ყოფილი მეპატრონე, რომლის ნაწილზეც ამჟამად მრავალსართულიანი ნაგებობა შენდება. გავრცელებული ცნობით, ლადარიამ აქტივისტთა ჯგუფს H-ara H-akalak (ჩვენი ქალაქი) უთხრა, რომ როცა 2012 წელს მშენებლობის ნებართვა ითხოვა, მას მხოლოდ იმ პირობით მისცეს უფლება, თუ შენობის სიმაღლე 16 მეტრს არ ასცდებოდა.
"ეს ფაქტი უპირობო მტკიცებულებაა იმისა, რომ გარკვეული პერიოდის წინ სოხუმის ადმინისტრაციას ინფორმაცია ჰქონდა ქალაქის საკრებულოს მიერ 2009 წელს დადგენილი ნორმის შესახებ და მუშაობის პროცესშიც ამ წესდებით ხელმძღვანელობდა".
კომენტარები