10 ქართველი მწერალი, რომლის ერთი წიგნი მაინც უნდა გქონდეს წაკითხული
დადგა ზაფხული და ნანატრი შვებულების დროც მოვიდა. ამ დროს ბევრი ჩვენგანი გაფაციცებით არჩევს საკითხავს — წიგნებს, რომლებიც დასვენებას სასიამოვნოსთან ერთად საინტერესოდაც აქცევენ. ჰოდა, თუ შენც საზაფხულო საკითხავის შერჩევის პროცესში ხარ, სწორ ადგილას მოხვდი; სადაც უნდა აპირებდე დასვენებას — იქნება ეს მთა, სანაპირო, სოფელი ან სულაც სახლის აივანი — გამორჩეული ქართველი მწერლების ნაწარმოებები ყველგან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებენ. ასე რომ, ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან თუ რომელი ავტორი ჯერ კიდევ არ გაქვს წაკითხული, ზაფხული ამის გამოსწორების შანსია.
1. აკა მორჩილაძე
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ აკა მორჩილაძე თანამედროვე ქართული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ავტორის ნამდვილი სახელი გიორგი ახვლედიანია, მისი სამწერლო კარიერა კი უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. ამის მიუხედავად, მორჩილაძის რომანებისადმი ინტერესი არ განელებულა და მეტიც — მან ერთგული მკითხველები ახალ თაობაშიც შეიძინა. საბას ექვსგზის ლაურეატი მწერლის ასეთი პოპულარობა მისი "მუდმივცვალებადობით" შეიძლება აიხსნას — მორჩილაძის ყველა რომანი ერთიმეორისგან განსხვავდება არა მხოლოდ თემატიკით, არამედ წერის სტილითა და ენობრივი სტრუქტურითაც. და მნიშვნელობა არ აქვს, ავტორი ძველ თბილისზე წერს, საბჭოთა ეპოქაზე თუ სულაც გამოგონილ კუნძულზე — იგი მაინც ყოველთვის ახერხებს ისეთი ატმოსფერო შექმნას, რომელიც მკითხველს რეალობას მოწყვეტს და თავბრუდამხვევი მოვლენების ეპიცენტრში აქცევს.
2. დათო ტურაშვილი
დათო ტურაშვილი ასევე გახლავთ თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, რომლის წიგნებიც მხოლოდ საქართველოში როდი სარგებლობს დიდი პოპულარობით. მორჩილაძის მსგავსად, არც ტურაშვილი იზღუდავს თავს ჟანრობრივად — მის ვრცელ ბიბლიოგრაფიაში რომანებთან ერთად პიესებს, მოთხრობებს, კინოსცენარებს და რომანად ქცეულ კინოსცენარებსაც კი შეხვდებით. საბას ლაურეატი ავტორი წერს არამხატვრულ პროზასაც. თუმცა, მისი უდავოდ ყველაზე გახმაურებული წიგნი მაინც ჯინსების თაობაა, რომელიც პირველად 2008 წელს გამოიცა და მას შემდეგ, ფაქტობრივად, ტირაჟს ტირაჟი მოჰყვება; თანაც, არა მხოლოდ ჩვენთან — რომანი 20-მდე ენაზეა თარგმნილი. წიგნის მიხედვით დაიდგა არანაკლებ პოპულარული სპექტაკლიც.
3. თამთა მელაშვილი
თუკი ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად არ ადევნებ თვალს, შეიძლება გამოგრჩენოდა ის გაუგონარი გამოხმაურება, რომელიც თამთა მელაშვილს რომანს შაშვი შაშვი მაყვალი მოჰყვა. ამ რომანისთვის თამთამ, რომელსაც აღიარება არც მანამდე აკლდა, 2021 წელს პრემია საბა მოიპოვა. ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ელენე ნავერიანმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერამ კანის კინოფესტივალზე ანშლაგით ჩაიარა. თამთა მელაშვილი თავის რომანებში სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ქალების ცხოვრებაზე შეულამაზებლად გვიყვება და სწორედ ასეთმა სტილმა აქცია ის ერთ-ერთ გამორჩეულ ხმად თანამედროვე ქართულ მწერლობაში.
4. ლაშა ბუღაძე
მართალია, ლაშა ბუღაძეს რომანზე მეტი პიესა აქვს დაწერილი, მაგრამ მან მაინც დიდი გავლენა მოახდინა დღევანდელი ქართული პროზის ტენდენციების განსაზღვრაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბუღაძის ჯერ კიდევ სადებიუტო რომანმა ბოლო ზარი სატირისა და პირუთვნელი სიმართლის არნახული ნაზავი შემოგვთავაზა. სწორედ ამ ორი მახასიათებლის გამო, ავტორის ტექსტები არაერთხელ გამხდარა განსჯის ობიექტი — ამისთვის პარლამენტის სხდომის და სინოდის შეკრებაც კი მოუთხოვიათ. თუმცა, ცენზურის მცდელობები, როგორც წესი, საპირისპირო შედეგს იწვევს ხოლმე და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა — ბუღაძის წიგნებს მკითხველი არ მოჰკლებია, თავად ავტორი კი უამრავი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი გახდა. სულ ახლახან გამოიცა ბუღაძის ახალი რომანი საქართველოს სახელით, რომლის პროტოტიპი ერთდროულად ავტორიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის საქართველოც.
5. არჩილ ქიქოძე
ქართველი მწერლის, ფოტოგრაფისა და მოგზაურის ლიტერატურული შემოქმედება ავტორის მსგავსად მრავალფეროვანი ინტერესების მქონე მკითხველზეა გათვლილი. ურბანული რომანი სამხრეთული სპილო ქიქოძისთვის ამ ჟანრში დებიუტი იყო, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა. წიგნმა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო — ილიაუნის ლიტერატურული პრემია — დაიმსახურა. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქიქოძე რომანის გამოცემამდეც აღიარებული ავტორი იყო; მოთხრობების კრებულისთვის ჩიტის და კაცის ამბავი მან 2014 წელს მიიღო პრემია საბა. რომანისთვის ხვლიკი საფლავის ქვაზე მწერალი ასევე გახდა საბას ლაურეატი. საინტერესოა ისიც, რომ ავტორი ასეთივე პოპულარობით სარგებლობს არამხატვრული ლიტერატურის მოყვარულებში — მისი წიგნები ნორვეგიული დღიური და მექსიკური დღიური ხომ ქართული სამოგზაურო ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშებია.
6. ზაირა არსენიშვილი
ზაირა არსენიშვილის წარდგენისას არც ლიტერატორები და აღარც მკითხველები არ ერიდებიან სიტყვა "კლასიკოსის" გამოყენებას. თელავში დაბადებული მწერალი დიდწილად თავის ქალაქსა და კუთხეზე, მათ ისტორიასა და დღევანდელობაზე წერდა — როგორც იტყვიან, "მადლიანი ქართულით". არსენიშვილის ტექსტების დახასიათებისას სწორედ მის გამორჩეულ წერის სტილს უსვამენ ხოლმე ხაზს. თუმცა, უჩვეულო ენის გარდა, ავტორის ნაწარმოებებს ისტორიული თუ სოციალური კონტექსტით სიმდიდრეც ახასიათებს. სწორედ ამიტომ მიიჩნევა იგი საბჭოეთის ეპოქის ადრეული წლების მემატიანედ. მართალია, არსენიშვილს, როგორც სცენარისტს, მის სიცოცხლეში ბევრი იცნობდა, თუმცა, პროზაული ნაწარმოებები მკითხველთა ფართო წრისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ეს ამბავი 2019 წელს გამოსწორდა, როცა სულაკაურის გამომცემლობამ რომანი ვა, სოფელო გამოსცა. წიგნს მკითხველის აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა და ის მალევე იქცა ბესტსელერად. ცოტა ხნის წინ გამოიცა არსენიშვილის მოთხრობების მორიგი კრებული — ქარი ამწევი ფარდის.
7. ანა კორძაია-სამადაშვილი
მწერალი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი ლიტერატურულ ასპარეზზე 2003 წელს, მოთხრობების სადებიუტო კრებულით ბერიკაობა გამოჩნდა. წიგნი, რომელიც ავტორმა სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით გამოსცა, პრემია საბას პირველი პრიზიორი გახდა საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. მაშინ ფილოლოგმა ნოდარ ლადარიამ ანა კორძაია-სამადაშვილის გამოჩენა "ვარსკვლავის დაბადებად" მონათლა და არც შემცდარა — ბერიკაობის ავტორი უამრავი მკითხველის საყვარელ პროზაიკოსად იქცა. დღეს კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ანა კორძაია-სამადაშვილი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელია, რომელსაც სრულიად ჩვეულებრივი ამბის ჯადოსნურ ისტორიად გადაქცევაც კი შეუძლია — ამაში დასარწმუნებლად კი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ავტორის ყველაზე პოპულარული რომანი, ზინკა ადამიანი.
8. ზაზა ბურჭულაძე
აი, ზაზა ბურჭულაძე კი ქართული პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად შეიძლება მივიჩნიოთ. ავტორის სახელი ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია — მისი მოთხრობები ორ ათწლეულზე მეტია, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში იბეჭდება. თუმცა, ბურჭულაძეს ფართო წრეებში მაინც რომანებით უფრო იცნობენ. ერთ-ერთი მათგანისთვის, გასაბერი ანგელოზი, მწერალმა ილიაუნის ლიტერატურული პრემიაც მოიპოვა. ზაზა ბურჭულაძის ტექსტებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურებაც მოჰყოლია, თუმცა, ავტორმა უკვე რა ხანია, გამორჩეული ნიშა დაიკავა თანამედროვე ქართულ პროზაში. ამის დასტურია მისი ორი ბოლოდროინდელი წიგნი — ვარდის სურნელი და ჩემი სიმღერა.
9. ზურა ჯიშკარიანი
უკვე აღიარებული მუსიკოსი ზურა ჯიშკარიანი ლიტერატურის მოყვარულებმა სადებიუტო რომანით საღეჭი განთიადები. უშაქროდ გაიცნეს. ქართული ლიტერატურისთვის უჩვეულო, კიბერპანკის, ჟანრის ნაწარმოებმა მკითხველების სიყვარულთან ერთად კრიტიკოსების აღფრთოვანებაც დაიმსახურა. ამის დასტური კვლავაც ჯილდოებია — ილიაუნის ლიტერატურული პრემია და საბა წლის საუკეთესო დებიუტისთვის. ჯიშკარიანის გამორჩეული ენა და წერის სტილი ახასიათებს ავტორის მეორე წიგნსაც, სწრაფი ღამისიერი, რომელიც ასევე ექსპერიმენტული ტექსტია და მომავლის უცნაურ საქართველოზე გვიყვება.
10. მარი ბექაური
თუკი ახალგაზრდა ქართველი მწერლების გაცნობა გსურს, ეს აუცილებლად მარი ბექაურის ნაწარმოებებით უნდა დაიწყო. ავტორი ლიტერატურულ ასპარეზზე ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამოჩნდა, როცა მისი ტექსტები არაერთი კონკურსის პრიზიორი გახდა. ეს მოთხრობები სხვადასხვა დროს წლის საუკეთესო ქართული პროზის ანთოლოგიებშიც აღმოჩნდა. მოთხრობების გარდა, მარის დრამატული და ფსიქოლოგიური თრილერებიც აქვს დაწერილი. იგი ასევე სხვადასხვა ცნობილი სერიალისა თუ ფილმის სცენარისტია. ავტორის ამ დროისთვის ბოლო გამოცემა კი, არც მეტი, არც ნაკლები იუმორისტული მოთხრობების კრებულია — ორ ზღვას შუა — რომელსაც გამოსვლიდან მცირე ხანშიც უამრავი მკითხველის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
ამ და სხვა გამორჩეული ქართველი ავტორების წიგნები შეგიძლია სულაკაურის წიგნის მაღაზიებში მოიკითხო, ან პირდაპირ საიტს მიაშურო შესაკვეთად.
კომენტარები