მთიანი ყარაბაღი კვლავ დეფიციტის წინაშეა, რადგან აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფანს კეტავს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მოსახლეობა კრიტიკული მარაგების მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ გააფრთხილა. გაფრთხილება აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთთან დამაკავშირებელი დერეფნის, ლაჩინის ჩაკეტვას მოჰყვა.
აზერბაიჯანის ჯარში მომუშავე წყარომ OC Media-ს შეატყობინა, რომ მიმოსვლა ხუთშაბათიდან შეჩერებულია. ეს აზერბაიჯანის საკონტროლო პუნქტზე, ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან ატეხილ სროლას მოჰყვა.
წითელმა ჯვარმა სომხეთის ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა მანქანებს შესვლა და გამოსვლა აუკრძალეს.
მთიანი ყარაბაღი 2022 წლის დეკემბრიდან პროდუქტებს რუსეთის სამშვიდობო მისიისა და წითელი ჯვრის მისიის ფარგლებში, ლაჩინის დერეფნის გავლით იღებდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ "შესაბამისი ზომები" ხორციელდება, რათა "პროვოკაციის მიზეზები გამოიძიონ და საზღვრის კვეთის პუნქტის უსაფრთხოება უზრუნველყონ".
მათი თქმით, ამ ზომებისათვის "ბლოკადის" წოდება "მიუღებელია".
მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც წითელმა ჯვარმა თქვა, რომ სომხეთის საავადმყოფოებიდან სტეფანაკერტში მიმავალი 25 პაციენტი აზერბაიჯანის საკონტროლო პუნქტიდან უკან გააბრუნეს.
პარასკევს ფეისბუქის ლაივში საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა გურგენ ნერსისიანმა რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა, საწვავი, საკვები და მედიკამენტები დაზოგონ.
"თუ საწვავის ვაუჩერები გაქვთ, ჯერჯერობით ვერ გამოიყენებთ", — თქვა ნერსისიანმა.
მან დაამატა, რომ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოება გარკვეულწილად შეამსუბუქებს "შექმნილ პრობლემებს", მაგრამ დეფიციტის შექმნა ამის მიუხედავად მოსალოდნელია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლაჩინის დერეფნის გავლით ჰუმანიტარული მიმოსვლის ბლოკირება სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას დაგმო. მან აზერბაიჯანი "მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის პოლიტიკის" გაგრძელებაში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფაშინიანს ბრალდები უარყო და თქვა, რომ ბაქო ყველაფერს გააკეთებს მთიანი ყარაბაღის სომხების "ინტეგრაციისთვის" აზერბაიჯანის პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ ჩარჩოებში.
სრული ბლოკადა
ლაჩინის დერეფანი ბოლო ჩაკეტვა 15 ივნისს გამშვებ პუნქტთან ატეხილ სროლას მოჰყვა, რომელშიც ერთი სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სომეხმა მესაზღვრეებმა შესაბამისი ზომები მიიღეს, რათა აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფი სომხეთის ტერიტორიაზე ვერ შემოსულიყო და აზერბაიჯანის დროშა ვერ აღემართა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ჯარისკაცები სომხეთში არ გადადიოდნენ, მათ მდინარე ჰაკარის ხიდზე სურდათ დროშის აღმართვა, ეს კი ლაჩინის დერეფნის შესასვლელია.
რეგიონში სურსათის დეფიციტი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა "ეკოაქტივისტებმა" სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადაკეტეს.
აპრილში საგუშაგოს მოწყობის შემდეგ, როგორც ჩანს, მიმოსვლა გააქტიურდა და მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებს საგუშაგოს გადაკვეთა რუსი სამშვიდოების თანხლებით შეეძლოთ.
მთიანი ყარაბაღის ოფიციალური პირების განცხადებით, ამჟამად 175 მძიმედ დაავადებულ პაციენტს უჭირს სომხურ საავადმყოფოებში მოხვედრა, თავად რეგიონი კი მედიკამენტების "მწვავე" დეფიციტს განიცდის.
ლაჩინის დერეფანში შეტაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდას მოჰყვა, სადაც ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ერთმანეთს თითქმის ყოველდღიურად ადანაშაულებდა. რამდენიმე კვირის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებას დასანებებლად ულტიმატუმი შესთავაზა.
ერევანმა არაერთხელ დაადანაშაულა ბაქო სამხედრო ესკალაციაში.
კომენტარები