მზის სხივებიდან სუფთა ხელებამდე: ტყიბულის პირველ საბავშვო ბაღში წყალი მზის ენერგიით თბება
ტყიბულის პირველი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ხელებს დღეში მინიმუმ 8-ჯერ იბანენ — ოთხჯერადი კვების ჰიგიენური ნორმები ასე მოითხოვს.
ცხადია, ეს და ბავშვების ყველა სხვა საჭიროება ცხელ წყალმომარაგებასა და ფინანსებთანაა დაკავშირებული, რაც ტყიბულის მსგავს მაღალმთიან რაიონებში ხშირად პრობლემური საკითხია.
ამ სირთულის საპასუხოდ ტყიბულის პირველ საბავშვო ბაღში ცხელი წყალმომარაგებისთვის მზის ენერგიას იყენებენ. ეს მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი საბავშვო ბაღია თავისი ასამდე აღსაზრდელით. მზის რესურსით მათი უზრუნველყოფა გარემოსდამცველთა ერთობლივი მუშაობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შედეგია.
რა არის ხელთ?
ჰიგიენური თუ სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის ტყიბულის საბავშვო ბაღს ბუნებრივი აირი სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დამონტაჟებული ჰელიოსისტემის მეშვეობით უკვე ცხელ წყალმომარაგებას გაზი არა სრულად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს. შესაბამისად, ამაზე გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯება.
გამოთავისუფლებული თანხები სხვა არაფერს ხმარდება, თუ არა კვლავაც ბავშვების საჭიროებებს. ბაღისთვის შეუძლიათ შეიძინონ მეტი სათამაშო, უნარების გაუმჯობესებაზე მორგებული სპეციალური ნივთები და უზრუნველყონ ყველაფერი, რაც ბავშვებს სრულფასოვანი განვითარებისთვის სჭირდებათ — 10 სუფთა თითის გარდა, თავისთავად.
ეს პროექტის "მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში" წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც CENN-ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში" ნაწილია.
წამოწყების ორგანიზება იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა "სპექტრი" და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა (TDDF) ითავეს.
ვინ ზრუნავს იმერეთში გარემოს დაცვაზე
1997 წელს, 90-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში არსებული რთული ვითარების ფონზე, გარემოსდაცვითი პრობლემები მეტად აქტუალური საკითხი გახდა. ამ და ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვა გამოწვევების საპასუხოდ მეცნიერები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, გაერთიანდნენ და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" დააარსეს.
"საერთო იდეის ირგვლივ გავერთიანდით ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა უკვე სწავლების, განათლების… და ამ მხრივ რაღაც სურვილი გაგვიჩნდა, რომ ჩვენი პოტენციალი სასარგებლოდ სხვა სფეროებშიც გამოგვეყენებინა", — გვიყვება ქეთევან ცხაკაია, სპექტრის აღმასრულებელი დირექტორი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
მზის ენერგიის რესურსები ტყიბულის დასახმარებლად
მაღალმთიანი ტყიბული მეშახტეთა ქალაქია. სამთო-მოპოვებითი მრეწველობის გამო მას კლიმატის ცვლილებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. არსებული პრობლემების საპასუხოდ მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
დამატებითი აქტივობების კუთხით "სპექტრი" უკვე წლებია, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან (TDDF) წარმატებით თანამშრომლობს. TDDF-ში ძირითადად ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობენ და ამ შემართებით გარემოსდაცვით პროექტებსაც ახორციელებენ.
"ვცდილობთ ხალხი დავაფიქროთ იმაზე, რომ ტყიბული არ არის მხოლოდ ქვანახშირი და არ არის მხოლოდ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა. ამიტომ დავიწყეთ მსგავსი პროექტების განხორციელება", — აცხადებს ზაზა გოჩელაშვილი, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი — "...გვინდა ადამიანებმა გაიგონ, რამდენად ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია საზოგადოებას მზის ენერგიითა და სხვა განახლებადი ენერგიის გამოყენებით".
TDDF-ის დირექტორი ფიქრობს, რომ ტყიბული გარემოსდაცვითი კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტია.
"იმდენად დავაზარალეთ გარემო და ბუნება, რომ ჩვენი წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ, რათა რაღაც სასიკეთო გავაკეთოთ ამ კუთხით და მდგომარეობის შერბილებას ხელი შევუწყოთ", — გვეუბნება ზაზა გოჩელაშვილი და დასძენს: "თოვლი — ეს ჩვენთვის იყო ნორმალური და ბოლო 7-8 წელია, საერთოდ თოვლი აღარ მოდის".
საბავშვო ბაღი, რომელიც მზის ენერგიის დახმარებით თბება
"კლიმატთან მიმართებაში მზის ენერგიის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სათბურის აირების ემისია შემცირდეს, და, ზოგადად, ცნობიერების ამაღლებისთვის", — ამბობს ქეთევან ცხაკაია.
ცნობიერების ამაღლების გარდა, მისია პრაქტიკულ ასპექტსაც მოიაზრებს. ერთობლივი მუშაობის ყველაზე ხელშესახები შედეგი ისაა, რომ წყალი, რომელიც ტყიბულის ყველაზე დიდი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მიეწოდებათ, მზის ენერგიის დახმარებით თბება.
"სპექტრს" ჰელიოსისტემა სხვაგან აქამდეც დაუმონტაჟებია. ამჯერად უკვე ტყიბულის ყველაზე დიდი საბავშვო ბაღი — ელენე ლეშკაშელის სახელონის N1 ბაგა-ბაღი — შეირჩა.
"გადავწყვიტეთ, ტყიბულისთვის გაგვეკეთებინა კიდევ ერთი კარგი საქმე ჩვენს პარტნიორებთან ერთად", — ამბობს ქეთევან ცხაკაია.
წამოწყებას მუნიციპალიტეტი და შესაბამისი სტრუქტურები დიდი მზადყოფნითა და ენთუზიაზმით შეხვდნენ.
სისტემა, რომელიც ტყიბულის პირველ საბავშვო ბაღში დამონტაჟდა, აქამდე მიღებული გამოცდილების ხარჯზე მეტად დახვეწილიცაა.
"...არამარტო ცხელი წყალი აქვთ ბავშვებს და პირობები უმჯობესდება, არამედ მზის კოლექტორი დგას იქ ცხელი წყალმომარაგებისთვის და კიდევ არის მზის პანელი ავტონომიური ელექტრომომარაგებისთვის", — გვიხსნის "სპექტრის" აღმასრულებელი დირექტორი.
საგულისხმოა, რომ ორივე ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი მზეზე მუშაობს.
"ეს უფრო სტაბილურს ხდის და უფრო მდგრადს ამ სისტემას. ყველა ოჯახსაც შეიძლება ჰქონდეს მზის კოლექტორები ცხელი წყალმომარაგებისთვის".
როგორ მუშაობს ცხელი წყლის ჰელიოსისტემა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისტემა ორ კომპონენტს აერთიანებს: ცხელი წყალმომარაგებისთვის განკუთვნილ მზის კოლექტორსა და მზის პანელს.
მზის პანელი მზის ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. იგი ავტონომიურ ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს — ანუ მისი მეშვეობით სისტემას მაშინაც კი შეუძლია მუშაობა, როცა ელექტროენერგია ითიშება. ამასთან ერთად, გამომუშავებული ენერგია არამხოლოდ კოლექტორისთვის, არამედ სხვა მიზნებითაც შეიძლება გამოდგეს, თუნდაც განათებისთვის.
საგულისხმოა, რომ სისტემა ცხელ წყალმომარაგებას დამოუკიდებლად არ უზრუნველყოფს — იგი ბუნებრივ აირზე მომუშავე ძირითად სისტემას მხოლოდ ეხმარება და ცხელ წყალს აწვდის.
ვინაიდან სისტემა ავტონომიურია, იგი ნებისმიერ სეზონზე, ამინდსა თუ პირობებში მუშაობს. მეორე მხრივ, მზიან ამინდებსა და ზაფხულში მზის პანელი მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. შესაბამისად, საბავშვო ბაღისათვის გაწეული შეღავათი ცვალებადი, თუმცა მაინც მუდმივია.
ხელშესახები საქმე თაობების აღზრდის პარალელურად
გარემოს დაცვის მიმართულება იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. გუნდს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს და დღეისათვის უკვე 50-ამდე პროექტი განახორციელა. "სპექტრი" არაერთი მნიშვნელოვანი საქმის ინიციატორიც არის.
მაგალითად, ქუთაისში მუნიციპალურ დონეზე პლასტმასის სეპარირებული შეგროვება მიმდინარეობს, რაც სწორედ იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის დამსახურებაა.
"ამჟამად იმაზე ვმუშაობთ, რომ ეს გამოცდილება სხვა მუნიციპალიტეტებში გადავიტანოთ. ძალიან დიდი გამოცდილებაა. ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც 2015 წელს მუნიციპალურ დონეზე დაიწყო პლასტმასის სეპარირებული შეგროვება", — გვიხსნის ქეთევან ცხაკაია.
"სპექტრის" ინიციატივითვე გაიხსნა ქუთაისში საკომპოსტე ცენტრიც. ასე ქალაქის ტერიტორიაზე შეგროვებული ტოტები, ფოთლები, ბალახი თუ სხვა მწვანე ნარჩენები სპეციალურ ცენტრში ხვდება, სადაც მათ შესაბამისი მოწყობილობების მეშვეობით ამუშავებენ.
"შედეგი არის რეალური. შეიძლება ხელითაც გასინჯო და ნახო, რომ ეს მართლა არის გაკეთებული. ყოველდღე მიმდინარეობს ჩვეულებრივი საქმიანობა, ყოველდღე შედის მწვანე მასა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე გროვდება", — განმარტავს "სპექტრის" აღმასრულებელი დირექტორი — "...ნარჩენები არ გადის ნაგავსაყრელზე. თუ არ გადის ნაგავსაყრელზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სათბურის აირები აღარ წარმოიქმნება. მეორე მხრივ, თვითონ პროდუქტი არის სასუქი".
გარდა იმისა, რომ კომპოსტს ნარგავებისათვის სასუქად იყენებენ და ამით თანხასაც ზოგავენ, საკომპოსტე ცენტრი სკოლის მოსწავლეებისაც ხშირად მასპინძლობს ცნობიერების ამაღლების მისიით.
"...ამაზე კარგს რას აჩვენებ. ბავშვს აჩვენებ, რა შეიძლება მიიღო იმ ნარჩენებისგან, რომლებიც გარემოში იყრება", — ამბობს ქეთევან ცხაკაია.
ასეთი ბუკლეტები CENN-ის პროექტის "მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში" ფარგლებშიც მომზადდა.
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
პროექტთა ფარგლებში "სპექტრი" ბავშვებს ინფორმაციას სახალისო ფორმით აწვდის ხოლმე, მათ შორის, თემატური აქტივობებით და ამ ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი საინფორმაციო ბუკლეტების მეშვეობით.
ახალი თაობის განვითარებასა და მათში ცნობიერების ამაღლებაზე ასეთივე შემართებით ზრუნავს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდიც (TDDF). როგორც ზაზა გოჩელაშვილი, მისი აღმასრულებელი დირექტორი, გვეუბნება, მათი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ახალგაზრდული პრობლემები და თაობის გაძლიერებაა.
ცნობისთვის, TDDF-ის მხარდაჭერით ტყიბულში STEM კლუბიც ფუნქციონირებს. მათი დახმარება ყველას შეგვიძლია, მეტს კი ამ ბმულზე შეიტყობთ.
ორგანიზაცია ახალგაზრდებში სამოქალაქო თუ სოციალური უნარების, ლიდერული და მსგავსი სხვა უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობს. მნიშვნელოვანი მიმართულებებია არაფორმალური განათლება და მოხალისეობაც.
მათი ამ სულისკვეთებით პროექტის "მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში მოხალისეები, სკოლის მოსწავლეები, გადამზადდნენ, რომელთაც მზის განახლებადი რესურსების კუთხით მიღებული ცოდნა შემდეგ თანატოლებს გაუზიარეს სკოლებში. ჩატარდა ენერგოეფექტური იდეების კონკურსიც, სადაც ახალგაზრდების მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი იდეა წამოვიდა ენერგიის წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით.
თავ-თავიანთ საქმიანობას ორივე ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს. უკვე ზაფხულია და ტყიბულშიც დათბა, ამიტომ ბაღში ხარჯების შემცირების მოლოდინიც მეტი აქვთ.
საბოლოო ჯამში, ერთი რამ ცხადია: გარემოსდამცველთა ამგვარი წამოწყების მეშვეობით ბაღი აღსაზრდელებს არამხოლოდ ცხოვრებისათვის ამზადებს, არამედ რაღაც ისეთის პატარა ნაწილებადაც აქცევს, რაც დედამიწის მომავალს განსაზღვრავს.
ეს ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ტექნოლოგიების მეშვეობითა და დედამიწის რესურსების გონივრული მოხმარებით ყველას შეგვიძლია, სარგებელი მივიღოთ — თუნდაც სარგებელი, რომლის მნიშვნელობასაც მხოლოდ შედარებით მოზრდილ ასაკში თუ გავაცნობიერებთ.
ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს აღმოჩნდეს საძირკველი, რომელზეც ჩვენი პლანეტის ჯანსაღ მომავალს დავაშენებთ — იმ 10 თითით, რომლებსაც ერთ დროს მზის ენერგიის დახმარებით ვიბანდით, თავისთავად.
სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ მის ავტორს.
კომენტარები