დედამიწაზე სახეობათა თითქმის 50% გადაშენებისკენ მიექანება — ახალი მოხსენების შემაშფოთებელი შედეგები
ახალი მოხსენების თანახმად, დედამიწის ცხოველურ სახეობათა თითქმის ნახევარში ინდივიდთა რაოდენობა მცირდება. მკვლევრების თქმით, ეს ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგია, რასაც "ანთროპოცენის გადაშენების კრიზისამდე" მივყავართ.
ჩვეულებრივ, გადაშენებაზე თვალის მისადევნებლად წითელი წიგნი გამოიყენება. ამ უკანასკნელის თანახმად, სახეობების დაახლოებით 28 პროცენტია გადაშენების საფრთხის წინაშე, თუმცა ახალი მიგნებები სხვა რამეს ამბობს.
ასევე იხილეთ: დედამიწაზე მეექვსე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს — ახალ კვლევას მტკიცებულებები აქვს
მეტად დეტალური კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ხერხემლიანთა ყველა ჯგუფსა და მწერებში პოპულაციების ცვლილებები შეისწავლეს. მათ ჯამში 71 ათასი სახეობა გამოიკვლიეს. როგორც დადგინდა, ინდივიდთა რიცხვი სახეობათა 48%-ში იკლებს, 49%-ში სტაბილურია, ხოლო დანარჩენ 3%-ში კი — მატულობს.
ამასთანავე, იმ სახეობათა 33%-ში, რომლებსაც, წითელი წიგნის თანახმად, საფრთხე არ ემუქრებათ, რეალურად ინდივიდების რაოდენობა იკლებს.
"თუკი ასეთი ტენდენციები არ შენელდება, ახლო მომავალში დამატებით 2 136 სახეობა შეიძლება დადგეს გადაშენების საფრთხის წინაშე", — აცხადებენ მკვლევრები.
საგულისხმოა ისიც, რომ პოპულაციები უფრო მეტად ტროპიკულ რეგიონებში მცირდება, რადგან ტემპერატურა აქ უფრო მატულობს. საფრთხის მასშტაბებში განსხვავება ტაქსონომიურ ჯგუფებშიც შენიშნეს: მაშინ, როცა რეპტილიებში სახეობათა 28%-ს ემუქრება საფრთხე, ეს მაჩვენებელი ამფიბიების შემთხვევაში 63 პროცენტია.
მიგნებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს პლანეტაზე ბიომრავალფეროვნება სერიოზულ საფრთხეშია. შესაძლოა, ეს მეექვსე მასობრივ გადაშენებაზეც მიუთითებდეს.
ნაშრომი გამოცემაში Biological Reviews გამოქვეყნდა.
კომენტარები